გაზპრომი: 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
გაზპრომის განცხადება
რუსულმა სახელმწიფო ენერგეტიკულმა გიგანტმა “გაზპრომმა“ 2025 წელს საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 40.4%-ით გაზარდა. ეს ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება იმავე პერიოდში ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის გაზრდილ მოცულობებს და კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს საქართველოს ენერგოდამოკიდებულების მიმართულებაზე.
კომპანიის მიერ ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყაზახეთისთვის, უზბეკეთისთვის და ყირგიზეთისთვის გაზის ექსპორტი 22.2%-ით გაიზარდა, მაშინ როცა საქართველოს შემთხვევაში ზრდა თითქმის ორჯერ მეტია. “გაზპრომი“ არ ასახელებს მიწოდებული გაზის ზუსტ მოცულობებს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსპორტი გაიზარდა როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში.
ამავე განცხადებაში რუსული კომპანია აღნიშნავს, რომ 2025 წელს პირველად მოხდა ისეთი ვითარება, როდესაც ჩინეთს ევროპაზე მეტი მოცულობის ბუნებრივი აირი მიეწოდა. ჩინეთში ექსპორტი წლიურად 24.8%-ით გაიზარდა, რაც რუსეთის ენერგეტიკული ექსპორტის გეოგრაფიის ჩანაცვლების კიდევ ერთი ნიშანია.
ბოლო წლებში საქართველოში რუსული გაზის იმპორტი თანდათან იზრდებოდა, პარალელურად კი მცირდებოდა აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირის წილი, რომელიც ტრადიციულად ქვეყნის მთავარი ენერგომომწოდებლია.
2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ რუსულ გაზში უფრო მეტი თანხა გადაიხადა, ვიდრე აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირში. ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ “გაზპრომისგან“ შეძენილი გაზი მოსახლეობის მომარაგებას არ ხმარდებოდა და ის მხოლოდ კომერციული სექტორისთვის გამოიყენებოდა.
სტატისტიკური მონაცემები ტენდენციის სიღრმეს კიდევ უფრო აჩვენებს: 2023 წელს საქართველოში რუსული გაზის იმპორტმა თითქმის 600 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწია და 596 მლნ მ³ შეადგინა, მაშინ როდესაც 2020 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 204 მლნ მ³ იყო.
რუსეთსა და საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი აკავშირებს, რომელიც ბუნებრივი აირით ამარაგებს როგორც საქართველოს, ისე სომხეთს. 2017 წელს თბილისსა და “გაზპრომს“ შორის შეიცვალა შეთანხმების პირობები: თუ მანამდე საქართველო სომხეთისკენ ტრანზიტის საფასურად გადაზიდული გაზის 10%-ს იღებდა, ახალი შეთანხმების მიხედვით ეტაპობრივად დაიწყო ფულად ანაზღაურებაზე გადასვლა – გადაწყვეტილება, რომელმაც მაშინაც და დღესაც მწვავე დისკუსიები გამოიწვია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონტექსტში.