აზერბაიჯანის ელჩის გაწვევის მიზეზი, შესაძლოა, საქართველოს გავლით სომხეთისთვის იარაღის მიწოდება გახდა
ბაქოსა და თბილისში, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 17 აგვისტოს, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის, დურსუნ ჰასანოვის ყოველგვარი განმარტებების გარეშე, მოულოდნელი გათავისუფლება უკავშირდება სერბეთიდან სომხეთისთვის იარაღის მიწოდების სკანდალს, 2020 წლის 12-16 ივლისს, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სიტუაციის გამწვავების დღეებში.
სკანდალში ჩართული აღმოჩნდა საქართველოც მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა გამოცემა haqqin.az-მა განაცხადა, რომ იარაღი სწორედ ამ ქვეყნის გავლით მიეწოდებოდა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კატეგორიულად უარყო ეს ინფორმაცია, მაგრამ ადგილობრივ ოპოზიციას კითხვები ჯერ კიდევ რჩება.
ასევე, 17 აგვისტოს, ოფიციალურად გაათავისუფლეს პოსტიდან აზერბაიჯანის ელჩი სერბეთში, მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში, ელდარ ჰასანოვი. ეს გადაწყვეტილება დიდწილად ფორმალობად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ჰასანოვი ბაქოში, ჯერ კიდევ 13 აგვისტოს დააპატიმრეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კორუფციის საქმეზე მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში.
ამავე დღეებში მოხდა კიდევ ერთი მოვლენა, რომელიც ეხებოდა სომხეთისთვის იარაღის მიწოდებას, მაგრამ ამჯერად უკვე რუსეთიდან.
13 აგვისტოს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დაურეკა, რათა „სერიოზული შეშფოთება“ გამოეთქვა „რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთის ინტენსიური მიწოდების შესახებ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებების დასრულების შემდეგ – 17 ივლისიდან დღემდე“.
პრეზიდენტმა ალიევმა სამხედრო ტვირთის კონკრეტული მოცულობაც დაასახელა – 400 ტონაზე მეტი. მან ასევე განაცხადა, რომ გადაზიდვები ხორციელდება ყაზახეთის, თურქმენეთისა და ირანის საჰაერო სივრცის გავლით.