გარდაიცვალა უხუცესი აფხაზი ოპოზიციონერი იაკუბ ლაკობა
აფხაზეთის ოპოზიციის უხუცესი ლიდერი იაკუბ ლაკობა 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. აფხაზეთის “სახალხო პარტიის” მუდმივი ლიდერი უბადლო ორატორად ითვლებოდა. სწორედ ამ თვისების გამო მას ხშირად ადარებდნენ ახლახან გარდაცვლილ ცნობილ რუს პოლიტიკოსს, ვლადიმირ ჟირინოვსკის.
მას შემდეგ, რაც იაკუბ ლაკობამ აფხაზეთის უძველესი პარტიის ხელმძღვანელის პოსტი პირველად, 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკავა, ის თითქმის ყოველთვის ოპოზიციაში იყო.
“დინებასთან ერთად ცურვა, მკვდარ თევზაც კი შეუძლია“, – თქვა მან.
იაკუბ ლაკობა აფხაზეთის მეორე პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის კლასელი იყო, მაგრამ ამას ხელი არ შეუშალა, ყოფილიყო მისი ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი.
- ლუკაშენკო აფხაზეთის აღიარებისთვის ემზადება? მისი წარმომადგენლის ვიზიტი სოხუმში
- რუსეთი და აფხაზეთი: მცოცავი “ჰარმონიზაცია”
2010 წელს “სახალხო მოძრაობის” ლიდერი რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის, სერგეი სტეპაშინის ცილისწამებაში დაადანაშაულეს. ლაკობამ სტეპაშინს პოლიტიკური ინტრიგანი და შანტაჟისტი უწოდა, რადგან მან სათანადო რეაგირება არ მოახდინა აფხაზეთისთვის რუსული ფინანსური დახმარების მითვისების ფაქტებზე.
მაშინ აფხაზეთის გენერალურმა პროკურატურამ ლაკობაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. იგი დააკავეს კიდეც და რამდენიმე დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში გაატარებინეს.
თუმცა, საზოგადოებრივი აზრის გავლენით, ხელისუფლებამ ლაკობა მალევე გაათავისუფლა. მოგვიანებით კი სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეწყდა.