ფქვილის ტომრებით მოსყიდვა? აფხაზეთი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება
„ფქვილის არჩევნები“ აფხაზეთში
აფხაზეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები 2022 წლის 12 მარტს არის დანიშნული და უკვე მიიღო სახელწოდება. მას საზოგადოებაში „ფქვილის“ დაარქვეს – რადგან საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის ფქვილის ტომრების დარიგება დაიწყო, რასაც ჰუმანიტარული დახმარება უწოდა.

ოპოზიციური ვეტერანთა ორგანიზაციის, „არუაას“ წარმომადგენლებმა სახალხო კრების საარჩევნო კამპანიის დაწყების დღეს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესასვლელთან ფქვილით სავსე ტომარა დატოვეს.
მასზე მიკრული იყო ფურცელი, წარწერით: „არა მოსყიდვას!“.
ოპოზიციას აფხაზეთის ყველა რეგიონში, წინასაარჩევნო პერიოდში ფქვილის ჰუმანიტარული დარიგება, ამომრჩევლის ღია მოსყიდვად მიაჩნია.
- აფხაზეთი 2022 – რა იყო, რა იქნება და რას ელიან ადამიანები
- აფხაზეთში ბჟანია და ოპოზიცია დროებით კომპრომისამდე მივიდნენ
- ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, დმიტრი მარშანიამ, მისი მისამართით საყვედურები არ მიიღო და განაცხადა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად, ცესკო საარჩევნო კანონმდებლობის შესრულების მონიტორინგს ახორციელებს. „მოსყიდვის ფაქტის დადგენა ცესკოს კომპეტენციაში არ შედის, ამით სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაკავდნენ“, – აღნიშნა მარშანიამ.
ჰუმანიტარული დახმარების სახით სამი ათასი ტონა ხორბლის მარცვალი აფხაზეთს კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა გამოუყო. ამ განზრახვის შესახებ მან ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში განაცხადა პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას.
ნაჩუქარი ხორბალი საბოლოოდ დაიფქვა და 2021 წლის დეკემბრიდან, აფხაზეთში მისი პარტიებად შეტანა დაიწყო.