ევროპის ბიზნეს ასოციაცია: საქართველოში დღეს არსებული ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა
ევროპის ბიზნეს ასოციაცია
ევროპის ბიზნეს ასოციაციის (EBA) თავმჯდომარის, ონ ბრაეკეველდტის შეფასებით, საქართველოში დღეს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდა სტაბილური არაა და მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკაში არაერთი გამოწვევა რჩება, რომელიც ბიზნესს ოპერირებაში ხელს უშლის.
“მართალია, სხვადასხვა ფაქტორების გამო ახლა ქვეყანაში ორნიშნა ზრდა ფიქსირდება, თუმცა მთლიანობაში საქართველოს ეკონომიკაში არაერთი გამოწვევა რჩება. ასეთ გამოწვევებს შორისაა – ლარის კურსის მერყეობა, კადრების დეფიციტი და ბიუროკრატია.” – ამბობს ონ ბრაეკეველდტი.
მისივე განმარტებით, საფრთხილოა, როდესაც ეკონომიკა ასე სწრაფად იცვლება – ამ თვეში 20 პროცენტი, შემდეგ თვეში კი 5 პროცენტი. მაღალჩინოსნის განცხადებით, ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკა ძალიან პატარაა და ეს დიდი პრობლემაა. როგორც ბრაეკეველდტი ამბობს, ქვეყანამ უნდა იმუშაოს, რათა “გვქონდეს უფრო დიდი ეკონომიკა”, ეს კი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერით უნდა მოხდეს:
“ჩვენ გვინდა სტაბილურობა, სტაბილური ეკონომიკა, ეს არის მნიშვნელოვანი. საქართველოს ჯერ არ აქვს ევროპული ეკონომიკა. ბევრი პრობლემაა ბიზნესის კეთების პროცესში. მაგალითად, ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობას კვლავ დიდი გავლენა აქვს ბიზნესზე, შესაბამისი კადრების და უნარების არარსებობა, ზოგადი ბიუროკრატია, სასამართლო სისტემაში არსებული ვითარება. ეს საკითხები გადაჭრას საჭიროებს და მთავრობამ უნდა იმუშაოს ამაზე.”
● რუსეთიდან ნაღდი ფულით: რუსები გარბიან, საქართველოში ეკონომიკური ბუმია
● საქართველოს მთავრობა: 2030 წლისთვის საქართველო მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების რიგში გადაინაცვლებს
● საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები ჩინეთი, თურქეთი და რუსეთი არიან
წელს იანვარ-სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 10.2 პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ეროვნული ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 10 პროცენტი იქნება, რაშიც მიგრაციის ფონზე გაზრდილი ტურისტული შემოსავლები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ლიაზიზა საბიროვას განმარტებით, მიგრანტების შემოდინებამ საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედა, თუმცა ეს ერთჯერადი ეფექტია.
თითქმის ამავე აზრზეა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული დირექტორი, კატარინა ბიორლინ ჰანსენი. მისი თქმით, არსებობს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მდგრადია ამჟამად საქართველოში არსებული ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რეგიონში არსებული არასტაბილური ვითარების ფონზე.
მიუხედავად ეკონომიკური ზრდის სწრაფი დინამიკისა, საქართველოში პროდუქტებზე ფასები კატასტროფულად იზრდება. მწარმოებლები გაზრდილ ფასებს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას, რუსეთიდან გაძნელებული ლოგისტიკას და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციასა და ნედლეულზე გაზრდილი ფასებს უკავშირებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის ცნობით, 2010 წლიდან 2020 წლამდე საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების ჯამური რაოდენობა 7 პროცენტით გაიზარდა და 861,000 ადამიანი შეადგინა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 23 პროცენტია.