ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისში აცხადებენ, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას და მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მათივე ცნობით, “ქართული ოცნების” ქმედებები მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.
ლიეტუვამ – 74, ლატვიამ – 16, ესტონეთმა 55 ქართველი, მათ შორის მაღალჩინოსნები 3 მარტს დაასანქცირა. საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე – სანქცირებულებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.
მანამდე ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც არ აღიარებს “ქართული ოცნების” მთავრობის ლეგიტიმაციას, მოითხოვს მასთან დაკავშირებული ელიტისთვის სანქციების დაწესებასა და აქციების დროს დაპატიმრებულების გათავისუფლებას.
ახალი რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტარებმა გააფართოვეს იმ ადამიანების სია, ვისთვისაც ევროპული სანქციების დაწესებას ითხოვენ. ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, “საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის მოგვარება შესაძლოა მიღწეულ იქნას მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით”.
რა წერია განცხადებაში
“ჩვენ ვითვალისწინებთ ბალტიისპირეთის ქვეყნების გადაწყვეტილებას. ქართული ოცნების რეპრესიების პოლიტიკა მიზნად ისახავს ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შელახვას და სამოქალაქო საზოგადოების მოქმედების სივრცის კიდევ უფრო შემცირებას.
ამის გამო, ევროკავშირი უკვე იღებს ზომებს: ევროკავშირმა შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, გარდა იმ კონტაქტებისა, რომლებიც ორიენტირებულია არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაზე; ევროკავშირმა შეწყვიტა საქართველოს ხელისუფლებისთვის 120 მილიონ ევროზე მეტის პირდაპირი დახმარება; ჩვენ შევაჩერეთ 30 მილიონი ევროს მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო ფონდის მეშვეობით და არ ვგეგმავთ რაიმე სახის მხარდაჭერის ღონისძიებას 2025 წელს;
ევროკავშირი აძლიერებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას; ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდროდ მონიტორინგს უახლესი საკანონმდებლო ინიციატივების გავლენას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე;
ცოტა ხნის წინ, [ევროპულმა] საბჭომ უვიზო მიმოსვლა შეუჩერა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველ დიპლომატებს, ოფიციალურ პირებსა და მათ ოჯახებს. ევროკავშირი მზადაა განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე.” – ნათქვამია განცხადებაში.