ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის, საქართველო - არა
ევროკავშირმა იმ 15 ქვეყანას შორის, საიდანაც ტურისტების მიღება უსაფრთხოა, საქართველოც შეიყვანა. სია, რომელიც ყოველ 2 კვირაში ერთხელ გადაისინჯება, სარეკომენდაციო ხასიათისაა – ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ, რომელ ქვეყანასთან გახსნან საზღვრები და რომელთან – არა. ასე მოიქცა ჩეხეთი და საქართველოსთვის საზღვარი არ გახსნა. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომას პეტრიჩეკმა განმარტა, რომ ქვეყნებს შორის იქნება ორმხრივი მიმოსვლის გარეშე არცერთი ქვეყნისთვის საზღვარი არ გაიხსნება. ჩეხეთს ასევე არ სურს, რომ მისმა მოქალაქეებმა საზღვრის გადაკვეთისას კორონავირუსზე შემოწმების რთული პროცედურები გაიარონ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი, საქართველო 1-ელ აგვისტომდე საზღვრების გახსნას და საერთაშორისო ფრენების აღდგენას არ აპირებს და არც ტურისტებისთვის სავალდებულო პროცედურების გამარტივებას გეგმავს.
15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომელიც ევროკავშირის საიტზეა გამოქვეყნებული, საქართველოს გარდა შედიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთი კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.
სიაში ვერ მოხვდა: აშშ, მექსიკა, სამხრეთი აფრიკა, რუსეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ავღანეთი და სხვა.
მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, საქართველოს უცხოელი ტურისტების მიღება 1 ივლისიდან უნდა განეახლებინა. მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ტურიზმის მიმართულებით შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისთვის სახელმწიფო ევროკავშირის პოზიციას ელოდებოდა. თუმცა, ივნისის ბოლოს, მაშინ როცა ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირის საბჭომ საქართველო კორონავირუსის პანდემიის გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხო ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა და წევრ ქვეყნებს მასთან საზღვრების გახსნის რეკომენდაცია მისცა, მთავრობამ განაცხადა, რომ რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოში 1-ელ აგვისტომდე არ აღდგება.
- როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
- ვირუსის აფეთქება სომხეთში – მიზეზები და დასკვნები საქართველოსთვის
საქართველოს მთავრობაში აცხადებენ, რომ პრიორიტეტია მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვაა და იმის გამო, რომ ბევრ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია ისევ გაუარესდა, ნაბიჯები ფრთხილად უნდა გადაიდგას.
“ჩვენ დავიტოვეთ ბერკეტები, რომ ვმართოთ მიმოსვლა – გადავდეთ რეგულარული ფრენები. რეგულარული ფრენები ნიშნავდა, რომ ჩვენ ყველა ფრენისთვის უნდა გაგვეხსნა კარი ერთდროულად, რაც კი აქამდე არსებობდა და ეს 40-ზე მეტი ავიაკომპანიაა, არა მარტო ევროპიდან, არამედ სამეზობლოდან. ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება იმ რისკებიდან გამომდინარე, რაც არსებობს,” – ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
საერთაშორისო ფრენების აღდგენის გადავადებამ საზოგადოების დიდ ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ მოწოდება – “ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება” საზღვრების გახსნას და ფრენების აღდგენასაც გულისხმობს. უკმაყოფილოა ტურიზმის სექტორიც – მე-4 თვეა ქვეყანაში უცხოელი ტურისტი აღარ შემოდის, რის გამოც ტურისტული კომპანიების, სასტუმროების და რესტორნების დიდი უმეტესობა გადარჩენისთვის იბრძვის.
სამაგიეროდ, მთავრობის გადაწყვეტილებას მხარს უჭერენ ეპიდემიოლოგები.
“დაავადების ადგილობრივი გავრცელება თითქმის არ გვაქვს, მაგრამ შემოტანილ შემთხვევებს შეუძლია, ქვეყანაში კვლავ გამოიწვიოს ეპიდემიოლოგიური საფრთხის გაზრდა და დაგვაყენოს ეპიდემიოლოგიური ზრდის წინაშე“, – აცხადებს ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი.