დაღესტანში უფლებადამცველი ცენტრის ხელმძღვანელი სასტიკად სცემეს
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ დაღესტნის განყოფილების ხელმძღვანელი სირაჯუტდინ დაციევი სცემეს. ამის შესახებ „ნოვაია გაზეტას“ ანალიზისა და კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის დირექტორმა, ეკატერინა სოკირიანსკაიამ აცნობა.
მისი თქმით, დილით, როდესაც დაციევი სახლიდან გავიდა, მან იქვე ახლოს გაჩერებული შავი ფერის დაბურულ შუშებიანი ავტომობილი შენიშნა. რამდენიმე წუთში, როდესაც ის ავტომობილს გასცდა, მას უკნიდან თავს დაესხნენ.
რამდენიმე თავდამსხმელმა სირაჯუტდინს თავში მძიმე საგანი ჩაარტყა, სავარაუდოდ ხელკეტი ან კასტეტი, შემდეგ ძირს დააგდეს და ცემა დაუწყეს.
უფლებადამცველი ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიის განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში მიიყვანეს. დაციევის კოლეგები მისი მდგომარეობის გამო შეშფოთებული არიან, რადგან მას სერიოზული ჭრილობები აქვს მიყენებული. საავადმყოფოში პოლიცია მუშაობს.
სოკირიანსკაიას თქმით, ადრე მახაჩკალის უფლებადმცველი ცენტრის თანამშრომლებს მოკვლით ემუქრებოდნენ, მას შემდეგ, რაც „მემორიალის“ ჩეჩნური განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი დააკავეს.
ოიუბ ტიტიევი 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალი მარიხუანის შენახვის გამო დასდეს. რამდენიმე დღის შემდეგ შალის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ის დააპატიმრეს. თავად ტიტიევის ჩვენებით, ნარკოტიკით სავსე პაკეტი მის მანქანაში პოლიციის თანამშრომლებმა ჩადეს. კურჩალოევის შინაგან საქმეთა განყოფილებაში, სადაც ტიტიევი მიიყვანეს, მისგან აღიარებით ჩვენებას მოითხოვდნენ, თუმცა მან ამაზე უარი განცხადა.