ვიდეობლოგერი ჰუსეინ აზიზოღლუ 15 დღით დააკავეს. ამ ცნობას ოპოზიციური პრესა ავრცელებს. მასმედიის საშუალებები დაკავებულის მეგობრების ნათქვამზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ აზიზოღლუს დაკავება იმ სახუმარო სიუჟეტებს უკავშირდება, რომლებიც ჰუსეინმა აზერბაიჯანელი პოლიციელების შესახებ შექმნა.
თავის მოკლე იუმორისტულ ვიდეოებს ჰუსეინ აზიზოღლუ ვებგვერდ Üç-Üz-ზე (სამი სახე) და facebook-ში ტვირთავს. ამას გარდა, მას ინსტაგრამის ანგარიში და „იუთუბის“ არხიც აქვს. მის გვერდს 60 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, რაც ოთხმილიონიანი ბაქოსთვის არც ისე პატარა აუდიტორიაა. აზიზოღლუ თავის ვიდეოებში ხშირად უსვამს ხაზს აზერბაიჯანული და საზღვარგარეთული პოლიციის ჩვევებს შორის განსხვავებებს.
მისი ერთ-ერთი უკანასკნელი ვიდეო, რომელიც საზოგადოებამ ბლოგერის დაპატიმრების მიზეზად მიიჩნია, საზღვარგარეთ ჩატარებული „ფოკუსისა“ და აზერბაიჯანული ფოკუსის“ შედარება იყო. აზიზოღლუს ვიდეოს მიხედვით, აზერბაიჯანელი პოლიციელები დაკავებულის ჯიბეებიდან იღებენ ნარკოტიკებს, რომლებიც დაპატიმრებულს არასდროს ჰქონია.
თუმცა, ნათესავების (დედისა და უფროსი ძმის) თქმით, იგი ქუჩაში მომხდარი ჩხუბის გამო დააკავეს. უნდა აღინიშნოს, რომ ოფიციალურ ვერსიად სწორედ ქუჩაში მომხდარი ჩხუბი ითვლება. ბლოგერის უფროსმა ძმამ ფეისბუკის საშუალებით Üç-Üz-ის მომხმარებლებს მიმართა, საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ჰუსეინისგან მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ მისი უმცროსი ძმა მალე გამოვა. მან თქვა, რომ მღელვარების საფუძველი არ არსებობს და ყველაფერი კარგად იქნება.