უწყვეტი პროტესტის 75-ე დღეს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე პოლიციამ ისევ დაიწყო აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების დაკავება. ამ დროისთვის [22:00 სთ] ცნობილია, რომ დაკავებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, პარტიის “გიორგი გახარია საქართველოსთვის” წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.
მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ გოგიჩაიშვილს ათობით პოლიციელი აკავებს, მაშინ როდესაც ის, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად, გადაადგილებას ცდილობს.
„დავინახე გზის მოპირდაპირე მხარეს როგორ ეჯაჯგურებოდა პოლიციის მთელი კორდონი, როგორ მოათრევდა დაკავების მანქანისკენ, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული”, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბერდია სიჭინავამ.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია აქციის სხვა მონაწილეების დაკავების შესახებაც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
10 თებერვალი თბილისში მიმდინარე, უწყვეტი, პროევროპული აქციების 75-ე დღეა. ბოლო დღეებია რუსთაველის გამზირზე ისევ გამოჩნდნენ სამართალდამცველები და საპოლიციო ძალები. ისინი ცდილობენ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს.
აქციის მონაწილეები სოციალურ ქსელში წერენ, რომ დღეს პოლიცია განსაკუთრებით აქგრესიულია და დემონსტრანტებს არ აძლევს გზის გადაკეტვის საშუალებას. პარლამენტის წინ პოლიციელებს კორდონი აქვთ გაკეთებული.