კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლნისსა და ზუგდიდში გამოვლინდა.
17 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 695 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3822 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 360 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 425 გამოჯანმრთელდა და 12 გარდაიცვალა.
უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევები ბოლნისის სოფლებში, გეტასა და მუშევანში და ზუგდიდში დაფიქსირდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის covid-19-ის 145 შემთხვევაა გამოვლენილი.
ზუგდიდში კორონავირუსი დაუდასტურდა 42 წლის მამაკაცს. ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. covid-19 დაუდასტურდა მის დედას და 2 მცირეწლოვან შვილს, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. სამივე მათგანი რუხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.