საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისშია, სადაც 469 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოფიციალური სტატისტიკა ამ დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება: დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა – 18 663; გამოჯანმრთელებული პაციენტები – 8 338; გარდაცვლილი – 143; კარანტინის რეჟიმში – 6 407; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 420.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა ასზე ნაკლებია.
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლები, საუნივერსიტეტო სივრცეებში მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სამუშაოებს განაახლებენ. სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტები ისევ დისტანციურად წარიმართება.