ცხინვალში ფიქრობენ, რა ბედი ელის პუტინის მიერ გამოყოფილ მილიონებს
პუტინმა სამხრეთ ოსეთს ფული გამოუყო
მეორე ომში (1941–1945 წწ.) გამარჯვების 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცხინვალის რეგიონის თითოეულ სოფელსა და სკოლას 1 მილიონი რუბლი (დაახლოებით 12 ათასი დოლარი) გამოუყო საკუთარი სარეზერვო ფონდიდან. თანხა განკუთვნილია ომისთვის მიძღვნილი მემორიალების, საინფორმაციო დაფების და მუზეუმების აღსადგენად ან განსაახლებლად.
ამის შესახებ ცხინვალში, 20 აპრილს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილემ, სერგეი კირიენკო განაცხადა, რომელიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხებში ახალი კურატორის სტატუსით ეწვია რეგიონს.
კირიენკოს თქმით, პუტინის ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს რუსეთის პრეზიდენტის “განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სამხრეთ ოსეთისა და მისი გმირების ხსოვნის მიმართ”.
მან ასევე აღნიშნა, რომ დიდი სამამულო ომში სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა როლთან ერთად, ამჟამად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში [უკრაინაში]“ მრავალი ოსი მონაწილეობს, რომლებიც რუს ჯარისკაცებთან ერთად „საერთო სამშობლოს იცავენ“.
გამოყოფილი თანხები უნდა მოხმარდეს სოფლების ადმინისტრაციების და სკოლების მიერ მემორიალების, სარეკლამო სტენდებისა და მუზეუმების იუბილესთვის შესაბამის მდგომარეობაში მოყვანას.
ძალზე გულუხვი საჩუქარი
თუმცა, ადგილობრივ მოსახლეობაში საჩუქარი ეჭვებს იწვევს. ერთის მხრივ, ბევრს უცნაურად ეჩვენება, რომ სკოლისთვის უბრალო საინფორმაციო დაფის განახლებაზე 1 მილიონი რუბლი გამოიყო. მეორეს მხრივ, არსებობს შიში, რომ თანხები მიზნობრივად საერთოდ არ დაიხარჯება და ადგილობრივ ჩინოვნიკთა ჯიბეებში „დაიკარგება“, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ცხინვალის 335 დასახლებული პუნქტიდან ბევრი მიტოვებული ან თითქმის გაუკაცრიელებულია.
სოციალურ ქსელებში გაჩნდა სკეპტიკური კომენტარები:
- „ცხინვალში 12 სკოლაა — ეს ნიშნავს 12 მილიონ რუბლს? რამდენი მემორიალი შეიძლება ასეთი თანხით აშენდეს?“
- „ოღონდ კი ადგილზე მიიტანონ ეს თანხები.“
- „ბატონო კირიენკო, გთხოვთ, გააკონტროლოთ, რომ ეს ფული რეალურად სოფლებში და სკოლებში წავიდეს და არა ჩინოვნიკების ჯიბეებში.“
თუმცა, ზოგი მომხმარებელი პუტინის ინიციატივას ოპტიმისტურად შეხვდა:
- „ეს ახალი ეტაპია სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში.“
- „ეს ძალიან გულუხვი საჩუქარია და გამოხატავს პუტინის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას სამხრეთ ოსეთის მიმართ.“
სხვა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თანხები სჯობდა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ან მრავალშვილიან ოჯახებს მოხმარებოდა, რადგან რეგიონს მრავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა აწუხებს.
ფინანსირების წესები
ამავე დროს ცხინვალში ჩავიდა პრეზიდენტის გრანტების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ანტონ დოლგოვი. მან შეხვედრები გამართა რეგიონების და სოფლების ხელმძღვანელებთან და სკოლების დირექტორებთან, რათა გაეცნო მათთვის პროექტების დაფინანსების.
„შეგიძლიათ ეს პროექტები განიხილოთ მოსწავლეებთან, მშობლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად — აირჩიოთ ადგილი გმირების გამოსახულებით მურალისთვის, მუზეუმის რემონტისთვის ან სხვა ღონისძიებებისთვის,“ — განმარტა დოლგოვმა.
მან დეტალურად ახსნა, როდის და როგორ უნდა წარედგინათ განაცხადები დაფინანსებაზე.
პროექტების პირველადი ვერსიების წარდგენის ბოლო ვადა 2025 წლის 5 მაისია. განაცხადში უნდა იყოს მითითებული დასახლებული პუნქტის სახელი, პასუხისმგებელი პირის მონაცემები და აღწერილი უნდა იყოს ის ობიექტი, რომლის აღდგენისთვისაც თანხა საჭიროა.
ფონდი განიხილავს განაცხადებს და აირჩევს რუსულ არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უშუალოდ განახორციელებს დაფინანსებას და მონიტორინგს. პროექტები უნდა დასრულდეს 2026 წლის ბოლომდე.
თუმცა ადგილობრივები ახალი მექანიზმების მიმართაც სკეპტიკურად არიან განწყობილები:
„ერთის მხრივ, ამან შეიძლება შეაფერხოს არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების გეგმები. მაგრამ, მეორეს მხრივ, შეიძლება ზოგიერთმა საერთოდ დაკარგოს ინტერესი და პროექტი შეგნებულად ჩაშალოს.“ — განუცხადა JAMnews-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა.
სტატია მომზადებულია ცხინვალის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო