ბაქოური ზამთრის გადასატანად ზედმეტი ალკჰოლის სმა ნამდვილად არ არის საჭირო, თუმცა ზოგიერთი სპეციფიკური ზამთრის სასმლი მაინც აუცილებელია. თავის დროზე ბროწეულის არყსა და აზერბაიჯანულ ღვინოებზეც ვიტყვით ორიოდე თბილ სიტყვას, თუმცა მანამდე მოდით, აქაურ ცნობილ ცხელ კოქტეილზე გიამბობთ.
გროგი, პირობითი სახელწოდებით „ჰაზრი“ (ასე ჰქვია ჩრდილოეთის მომაბეზრებელ ქარს ბაქოში), ტრადიციული “ზღვის გროგის’ ერთგვარ მოდიფიკაციას წარმოადგენს. ვიკიპედიას თუ ვენდობით, ინგლისური ფლოტის გემებზე ამ სასმლს რომისა და წყლის (1:4 პროპორციით) შეზავებით ამზადებენ. „ჰაზრი“ 2012 წელს ბაქოს ლიტერატურული ბოჰემის წიაღში იშვა. ეს სასმელი გაციებისაც შველის და სასოწარკვეთილ და აპათიურ განწყობასაც. გროგის ბაქოურ ვარიანტში რომს 1:2 პროპორციით აზავებენ.
ინგრედიენტები
თეთრი რომი – 0,5 ლ წყალი – 1 ლ ლიმონი – 1 ც ილი, მიხაკი, შაქარი, თაფლი _ გემოვნებით.
მომზადების წესი
წყლით სავსე ქვაბს ნელ ცეცხლზე დგამენ და წყალში ცედრას, მიხაკს(3-4 თავი) და ილის მარცვლებს (4-5 ცალი) ყრიან. როდესაც წყალი დუღილს იწყებს, მას შაქარი, თაფლი და ერთი პატარა ლიმონის წვენი ემატება. „ქალბატონების გროგის“ მოსამზადებლად ქვაბში დიდი რაოდენობით შაქარი და თაფლი უნდა დავუმატოთ. ამ ყველაფერს დუღილამდე მივიყვანთ და შემდეგ ვასხამთ რომს. კიდევ ცოტა ხნით ვტოვებთ ცეცხლზე, მაგრამ არ ვადუღებთ. ამის შემდეგ ქვაბს სახურავი უნდა დავახუროთ და 5-10 წუთი გავაჩეროთ. როგორც წესი, ეს სასმელი სუფრასთან ლიმონთან ერთად მიაქვთ.
გემო
„ჰაზრი“ საკმაოდ ‘მძაფრი’ სასმელია. ძალიან ცხელი ისმება, რადგან მისი დალევის მიზანი და არსი სწორედ ალკოჰოლის ორთქლის შესუნთქვაა. ცხარე, სასიამოვნო გემო აქვს. სრულფასოვნად რომ შევაფასოთ, გაციების ყველა ეტაპზე უნდა დავაკვირდეთ გემოს ცვლილებას. „ჰაზრის“ დალევა უახლოესი მეგობრების წრეში ჯობს. თუმცა, საუბრით ნუ მოცდებით, ვიდრე პირველ ჭიქას არ დალევთ.
ეფექტი
პირველ რიგში _ რაიმეს კეთების დაუოკებელი წყურვილი. თავიდან ბევრს და შთაგონებით ილაპარაკებთ ამქვეყნად ყველფერზე. და თუ იმ ზემოხსენებულ ვიწრო წრეში სხვა ახალ გასართობს ვეღარ მოიფიქრებთ, გული სასეირნოდ გაგიწევთ. თბილად ჩაიცვით. წესით, გროგის შემდეგ ნაბახუსევი არ შეგაწუხებთ, თუ ,რა თქმა უნდა, ერთბაშად ორ ლიტრს არ დალევთ. ასე რომ, ყველაფერი ქალაქში სასიამოვნო გასეირნებითა და ტკბილი ძილით დასრულდება.