უკვე მეორე დღეა, თბილისში, პარლამენტის შენობასთან ჭიათურიდან ჩამოსული მაღაროელები საკუთარი შრომის პირობებს აპროტესტებენ.
20 ივნისს პარლამენტის შენობიდან ისინი საკუთარი დამსაქმებლის – „ჯორჯიან მანგანეზის” სათავო ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.
ჭიათურელი მაღაროელები ორი კვირაა გაფიცულები არიან. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად თვალები და პირი ამოიკერა. ათამდე გაფიცულმა 13 ივნისს შიმშილობა დაიწყო.
ტრანსფარანტებზე, რომლებიც მათ ეჭირათ, წერია: “გაიფიცე”, “ამოკერილი თვალითაც გხედავთ”, “ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია”.
მაღაროელები თავიდან ხელფასის 40 პროცენტით მომატებას ითხოვდნენ, თუმცა მოლაპარაკების შედეგად შეამცირეს და ამჟამად 20 პროცენტიან მატებაზეც თანახმა არიან.
როგორც მაღაროელები ამბობენ, თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო მათი პროტესტი და პრობლემა გასცდენოდა ჭიათურის საზღვრებს.
“ჯორჯიან მანგანეზთან” მსვლელობის შემდეგ მაღაროელები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მივიდნენ.
ამის შემდგომ პროტესტის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ. ისინი მოქალაქეებს 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებენ. „ყველას, ვისაც მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე გული შესტკივა, შემოგვიერთდით”, – აცხადებენ ისინი.
ჯერჯერობით კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” არ თანხმდება წაყენებულ პირობებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო ეკონომიკურად მძიმე სიტუაციაა. მათ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ხელფასების 5%-ით მომატებაზე არიან თანახმა.