ჩეჩნეთმა გაზპრომს ბუნებრივი აირის დავალიანების ჩამოწერა ვერ აიძულა
„კავკაზსკი უზელის“ მასალების მიხედვით
რუსეთის შემადგენლობაში არსებული ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკის – ჩეჩნეთის უზენაესმა სასამართლომ რუსული გაზის კომპანიის „გაზპრომის“ საჩივარი დააკმაყოფილა და რესპუბლიკის მომხმარებელთათვის დავალიანების ჩამოწერის გადაწყვეტილება გააუქმა.
ჩეჩნეთის მაცხოვრებლებისთვის ბუნებრივი აირის ძველი დავალიანების ჩამოწერის იდეით 2019 წელს ჩეჩნეთის პროკურატურა გამოვიდა – იმ არგუმენტით, რომ დავალიანების გადახდის თაობაზე გაზპრომის მოთხოვნა „საზოგადოებაში სოციალურ დაძაბულობას ქმნიდა, რასაც შესაძლებელი იყო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მოჰყოლოდა“.
16 იანვარს ჩეჩნეთის დედაქალაქის საქარხნო რაიონის სასამართლომ დაახლოებით ცხრა მილიარდი რუბლის [დაახლოებით $140 მილიონი] ოდენობის დავალიანების ჩამოწერის აუცილებლობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
ამ გადაწყვეტილებას ბევრმა ექსპერტმა მაშინ უცნაური და უპრეცედენტო უწოდა.
„გაზპრომმა“ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჩეჩნეთის უზენაეს სასამართლოში, რომელმაც ის საბოლოოდ გააუქმა. „ამრიგად, ამ გახმაურებულ საქმეს წერტილი დაესვა“, – უთხრა „კავკაზსკი უზელს“ კომპანია „გაზპრომ მეჟრეგიონგაზ გროზნი“- ს წარმომადგენელმა.
იმავდროულად ცნობილი გახდა, რომ „გაზპრომის“ ადგილობრივი განყოფილების თანამშრომლებმა დავალიანებების ამოღება ისე დაიწყეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დალოდებიან. ადგილობრივი მაცხოვრებლების თქმით, 3 აპრილიდან გაზის კომპანიების მუშაკები ურუს- მარტანოვის რაიონში რეიდებს ატარებენ.
„მე 100 ათას რუბლზე მეტი [1500$-ზე მეტი] ოდენობის დავალიანება მქონდა. გასული კვირის ბოლოს შემოწმებაზე მოვიდნენ. ხაზის გამორთვას აპირებდნენ. ეს რომ არ ექნათ, 35 ათასი[დაახლოებით $540] მივეცი, მეტი არ მქონდა. გაზის მუშაკებმა გამაფრთხილეს, რომ დანარჩენი თანხა 10 დღეში უნდა დაიფაროს“, – თქვა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
„გაზპრომის“ მონაცემებით, 1 იანვრისთვის ჩეჩნეთში ბუნებრივი აირის დავალიანება 16,16მილიარდ რუბლზე მეტს [$257-ზე მეტი] შეადგენდა.