სანქციების გამო კომპანია ბორჯომმა მუშაობა დროებით შეაჩერა
ბორჯომმა მუშაობა დროებით შეაჩერა
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია “IDS ბორჯომი” წარმოებას დროებით აჩერებს, ამის მიზეზი კი კომპანიის მფლობელი, სანქცირებული რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანია. “ბორჯომის” განმარტებით, რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლებზე წვდომა.
“გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა. კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.
აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.
იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
IDS ბორჯომის საკონტროლო პაკეტი Alfa Group-მა 2013 წელს იყიდა. Alfa Group-ის დამფუძნებელი სანქცირებული რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია, რომლის კომპანია ფიგურირებს TI-ს კვლევაშიც, რომლის მიხედვითაც საქართველოში 7 000-ზე მეტი რუსული კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, 2011 – 2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011 – 2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის, დაახლოებით, 1.4%-ია.
2021 წლის ივნისამდე “ბორჯომის” დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მარტის დასაწყისში, ესტონურმა სავაჭრო ქსელებმა “ბორჯომის”, როგორც რუსული პროდუქტის, გაყიდვიდან ამოღების შესახებ განაცხადეს.