აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტია. ვითარება ტურისტული სეზონის პიკში გამწვავდა. რეგიონი ნავთობპროდუქტებს მთლიანად რუსეთიდან იღებს და არსებული კრიზისი რუსეთში ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე უკრაინის დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს უკავშირდება.
აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება მოსკოვთან სასწრაფო მოლაპარაკებებს აწარმოებს და აცხადებს, რომ საწვავის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწია. რუსეთიდან უკვე გაიგზავნა 1 600 ტონა AI-92 მარკის ბენზინი, რომლის პირველი პარტიის აფხაზეთში ჩასვლაც უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.
ამ დროისთვის ბენზინი მხოლოდ „როსნეფტისა“ და „პოდოროჟნიკის“ ბენზინგასამართ სადგურებზეა ხელმისაწვდომი.
ამავე დროს, ცნობების თანახმად, საწვავი აფხაზეთს თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაც მიეწოდებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავის მიწოდება არა სახელმწიფოს, არამედ კერძო კომპანიების მიერ განხორციელდა.
„საწვავის მწვავე დეფიციტის ფონზე, აფხაზეთში მომარაგება არა სახელმწიფოს, არამედ კერძო ბიზნესების მიერ განხორციელდა. თუ ჩვენ კვლავ გვექნება შესაძლებლობა, შევამსუბუქოთ იქ მცხოვრები მოსახლეობის, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების მდგომარეობა, ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განცხადების შემდეგ აფხაზურმა საინფორმაციო სააგენტო „აფსნიპრესმა“ კომენტარისთვის აფხაზეთის მთავრობას მიმართა.
მთავრობის განცხადებით, გარე ფაქტორებით გამოწვეული ვითარების გამო რეგიონში საავტომობილო საწვავი საჭირო რაოდენობით აღარ იყო ხელმისაწვდომი, რის გამოც ხელისუფლებამ საწვავის ალტერნატიული წყაროებიდან მიღების შესაძლებლობის განხილვა დაიწყო.
„საწვავის ბაზრის მონაწილეებმა მოახერხეს საქართველოდან ბენზინის მოწოდების გზის პოვნა. როგორც ცნობილია, ომისშემდგომ 1990-იან წლებში, საქართველოში მომარაგება ასევე ხორციელდებოდა აფხაზეთიდან“, – ნათქვამია აფხაზეთის მთავრობის პასუხში.
თბილისში კობახიძის განცხადებას ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ აფხაზეთში საწვავის მიწოდება შესაძლოა რუსული სამხედრო ბაზების მომარაგებასაც ნიშნავდეს.
ეკონომისტმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, საწვავი საბოლოოდ რუსეთშიც გადაიგზავნოს.
„შესაძლებელია, რომ საწვავი რუსეთშიც გაიგზავნოს“, – განაცხადა მან და დაამატა, რომ იმ კომპანიას, რომელიც ასეთ მომარაგებას ახორციელებდა, შესაძლოა სანქციები დაემუქროს.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას