სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი “ქართული ოცნების” მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ სახელგანთქმული “ანტი-ამერიკული პროვოკატორის შერჩევით” მათ საკუთარი ნამდვილი ბუნება კიდევ ერთხელ გამოავლინეს.
ამასთან, კარდინი აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობს და უსაფუძვლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს. სენატორი ასევე მოითხოვს, ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს მაგნიტსკის გლობალური სანქციები დაუწესდეთ.
“ოცნებამ საკუთარი ნამდვილი ბუნება სახელგანთქმული ანტი-ამერიკული პროვოკატორის, მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით კიდევ ერთხელ გამოავლინა. ის საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაში ცენტრალური ფიგურაა, მათ შორის მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში.
როდესაც ქართველი ხალხი ანტიდემოკრატიული ფიგურის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით დაუპირისპირდნენ.
ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც პატიმრობაში არიან.
პრეზიდენტმა ბაიდენმა პასუხი უნდა აგებინოს მათ, ვინც ამ ძალადობრივი რეპრესიების უკან დგას, მათ შორის დააწესოს გლობალური მაგნიტსკის სანქციები
ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ უნდა დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა 16 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოსთან მიმართებით ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს დამატებითი სანქციებიც, რომლებსაც უახლოეს კვირებში წარადგენს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ბრიფინგზე ჰკითხეს.
“იმაზე უფრო მკაფიო ვერ ვიქნებით, ვიდრე იყო მათ შორის მდივან ბლინკენის განცხადება ერთი კვირის წინ და ჩემი განცხადება პარასკევს, რომ დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ.
ეს არ არის ის, რისი გაკეთებაც ერთ ღამეში შეიძლება, უნდა დარწმუნდე, რომ ამას კანონის შესაბამისად აკეთებ და სწორედ ამაზე ვმუშაობთ ახლა, საუბრის მომენტშიც კი.” – თქვა მეთიუ მილერმა.