ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე. რა არის ცნობილი ამ დროისთვის
ცნობილი ქართველი ჩოგბურთელი, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ეჭვმიტანილი.
მან 100 ათას ლარიანი (32 ათას დოლარამდე) გირაო გადაიხადა იმისთვის, რომ სამდღიანი პატიმრობის შემდეგ წინასწარი დაკავების საკნიდან გამოეშვათ.
16 ივლისს 28 წლის სპორტსმენს ძალიან მძიმე სასამართლო პროცესი ელის – ბასილაშვილმა უნდა დაამტკიცოს, რომ ყოფილ ცოლს ფიზიკურად არ შეხებია ხუთი წლის შვილის თანდასწრებით.
სწორედ ამ ბრალდებით დააკავეს ბასილაშვილი 22 მაისს.
ცნობილი ჩოგბურთელი მამამისის კუთვნილი სახლიდან მას შემდეგ აიყვანეს, რაც პოლიციას ბასილაშვილის ყოფილი ცოლმა ნეკა დოროყაშვილმა მიმართა.
დოროყაშვილმა პოლიციას უთხრა, რომ ბასილაშვილმა მასზე ფიზიკურად იძალადა არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით.
საქმეში ფიგურირებს ბასილაშვილის მამაც. დოროყაშვილის ჩვენებით, ისიც მონაწილეობდა ინციდენტში. ბასილაშვილის მამა არ დაუკავებიათ, თუმცა მასზე შემაკავებელი ორდერი გამოწერეს.
კონკრეტულად რა მოხდა ავჭალაში, ბასილაშვილების კუთვნილ სახლში, უცნობია. მომხდარის დეტალებს ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან არ ჰყვება არც დაზარალებული.
ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.
გირაოთი გათავისუფლების შემდეგ მან პოსტი დაწერა ფეისბუკზე, სადაც ბოდიში მოუხადა თავის მხარდამჭერებს „მისი ოჯახის ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო“, თუმცა განცხადებიდან ჩანს, რომ თავად არ მიიჩნევს თავს დამნაშავედ ამ მოვლენებში.
ბასილაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებას აქვს ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები.
განცხადებას აქვეყნებს ბასილაშვილის ოჯახიც. მისი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი მანამდეც ცდილობდა ჩოგბურთელის რეპუტაციის შელახვას და მის ფინანსურად დაზარალებას.
ოჯახი ხაზს უსვამს, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომელიც ძალადობის ფაქტს დაადასტურებდა.
ოჯახი თავის განცხადებაში კიდევ ერთ დეტალზე ამახვილებს ყურადღებას – მათი თქმით, ნეკა დოროყაშვილი გაყრის წინააღმდეგი იყო, ამიტომ ქორწინების შეწყვეტა სასამართლოში, გარიგების საფუძველზე მოხდა.
ოჯახის განცხადებაში კიდევ ერთი დეტალი წერია – დოროყაშვილმა რამდენიმე თვის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას უჩივლა პოლიციაში. ყოფილ დედამთილს ის ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებდა.
პოლიციამ ბებიის წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. ბებიამ ეს ფაქტი სასამართლოში გაასაჩივრა და გამართლდა.
„ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას”, — ვკითხულობთ განცხადებაში.
“გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით” – რას ჰყვება ნეკა დოროყაშვილი
ნეკა დოროყაშვილი და მისი მცირეწლოვანი შვილი საქმეში დაზარალებულებად არიან ცნობილი.
დოროყაშვილი 25 მაისს უნდა გამოჩენილიყო პრესასთან, თუმცა როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, ის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის და სტრესის გამო ჟურნალისტებთან ურთიერთობისთვის მზად არ არის.
დოროყაშვილის განცხადებით, 21 მაისს ბასილაშვილების სახლში, ავჭალაში იგი ბავშვის წამოსაყვანად მივიდა.
მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ფიზიკურად შეეხო, მამამთილი კი ემუქრებოდა და გამოეკიდა რაღაც საგნით, რომელიც ნაჯახს ჰგავდა:
“ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს იმდენად აფექტურ მდგომარეობაში ვიყავი, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი… სრულიად უცხო ადამიანმა გადაგვარჩინა,“– აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა რუსთავი 2-ისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში.
ის ამბობს, რომ ჩაატარა ექსპერტიზა და აქვს მასზე ძალადობის მტკიცებულებები.
ნეკა დოროყაშვილი 27 წლისაა. ბასილაშვილი მან ფეისბუკზე გაიცნო. წყვილი გაცნობიდან წლინახევრის შემდეგ, 2013 წელს დაქორწინდა. ამავე პერიოდს დაემთხვა ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული წარმატებებიც.
ერთი წლის წინ ყვითელ პრესისთვის მიცემულ ინტერვიუებში დოროყაშვილი ჰყვებოდა, რომ ქორწინების შემდეგ უარი თქვა სამოდელო კარიერაზე და საკუთარი თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. ის ამას იმით ხსნიდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული კარიერისთვის ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი იყო.
დოროყაშვილი ახლა ამბობს, რომ ყოფილი ქმარი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.
იგივე უთხრა ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმაც. ანა თავხელიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ყოფილი მეუღლისგან განგრძობადი ძალადობის მსხვერპლი იყო და საქმეში მხოლოდ ერთ კონკრეტულ ინციდენტზე არ არის საუბარი. თავხელიძის თქმით, ძალადობა ხდებოდა სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ადგილას:
“ეს არის დამატებითი გამოძიების საგანი და ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს“, – განაცხადა ანა თავხელიძემ.
საზოგადოების გამოხმაურება
ნიკოლოზ ბასილაშვილი საქართველოს პირველი ჩოგანია. ამ სპორტსმენს ქვეყანაში დიდ პატივს სცემენ, მისით ამაყობენ და გულშემატკივრობენ. შესაბამისად, ცნობამ იმის შესახებ, რომ ბასილაშვილი, შესაძლოა, მოძალადე აღმოჩნდეს, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.
საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო – ერთნი მხარდაჭერას უცხადებენ დაზარალებულ ქალს და გმობენ სპორტსმენის ძალადობას.
სხვები აღნიშნავენ, რომ არ სჯერათ ყოფილი ცოლის მონათხრობის და სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან, ვიდრე ბასილაშვილს მოძალადედ გამოაცხადებენ.
ამ საქმის გარშემო სხვადასხვა ვერსიაც ვრცელდება.
ერთ-ერთი ვერსიით, დოროყაშვილსა და ყოფილ ქმარს შორის დიდი ხანია უთანხმოებაა ფულთან დაკავშირებით. ამ ვერსიის თანახმად, ქალი აშანტაჟებდა ყოფილ ქმარს და თანხის გამოძალვას ცდილობდა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს თავად დაზარალებული.