აზერბაიჯანში „რეპრესიების ახალი რაუნდი დაიწყო“ - მიაჩნიათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში
ევროპარლამენტარები ილჰამ ალიევის გამონათქვამებით შეძრწუნებულები არიან, უფლებადამცავი ორგანიზაციები კი მისგან დაპატიმრებული ოპოზიციონერის გათავისუფლებას მოითხოვენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა როჯერ გეილმა აზერბაიჯანის ხელისუფლების იმ მცდელობას, რომ ოპოზიციის ჩასახშობად კორონავირუსით ესარგებლა, სამარცხვინო უწოდა. საუბარია პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებაზე, რომ ზოგიერთი ოპოზიციონერი ქვეყანაში პანიკას თესავს, და აუცილებლობის შემთხვევაში, საზოგადოებიდან მათი იზოლირება მოხდება. ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლახან ხულიგნობის ბრალდებით ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი დააპატიმრეს, მომხსენებლებს მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანში „რეპრესიების ახალი რაუნდი“ დაიწყო.
ოფიციალური მონაცემებით, 26 მარტისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 93 შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი ადამიანი გარდაიცვალა. ათი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში საგანგებო საკარანტინო რეჟიმია დაწესებული.
19 მარტს ილჰამ ალიევმა „შეთქმულებაზე უარის მთქმელ“ იმ ოპოზიციონერებს, რომლებსაც ხელისუფლებასთან დიალოგზე წასვლა არ სურთ, უწოდა „მეხუთე კოლონა“, „მოღალატეები“ და „პროვოკატორები“, რომელთა მიზანი „აზერბაიჯანის განადგურებაა“.
„მისი ქვეყნის ლეგიტიმური ოპოზიციის აღსაწერად ალიევის მიერ გამოყენებული ენა ღრმად არადემოკრატიულია. სწორედ საგანგებო სიტუაციების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პოლიტიკური პლურალიზმი და აზრის თავისუფლად გამოხატვის პასუხისმგებლობით გამოყენება, რაც პოლიტიკის შესახებ ღია დებატებსა და საზოგადოებაში ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას უზრუნველყოფს“, – მიაჩნია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრს შტეფან შენნაჰს.
22 მარტს ხულიგნობის ბრალდებით ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ წევრი და ყოფილი პოლიტპატიმარი ტოფიკ იაგუბლუ დააპატიმრეს. მას რამდენიმეთვიანი პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც და საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებსაც – AmnestyInternational-სა და HumanRightsWatch-საც ეს ბრალდება გაყალბებულად და პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნიათ და აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან იაგუბლუს გათავისუფლებას მოითხოვენ.
„ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება პოლიტიკური რეპრესიების მორიგ შეთანხმებულ რაუნდს იწყებს. ეს ევროპის საბჭოს შემადგენლობაში მყოფ ქვეყანას მომავალში კარგს არაფერს უქადის“, – ასეთი კომენტარი გააკეთა ამის შესახებ აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელმა ტორჰილდურ სუნა ევარსდოტირმა.
ამავე პერიოდში სხვადასხვა საბაბით (მაგალითად, საკარანტინო რეჟიმის დარღვევა) დააპატიმრეს და ადმინისტრაციული სასჯელები მიუსაჯეს კიდევ რამდენიმე ოპოზიციონერ აქტივისტს.