Toplum TV-ის საქმე აზერბაიჯანში: ცხრა ჟურნალისტს და მედია მუშაკს ჯამში 121 წელი მიუსაჯეს
Toplum TV-ის საქმე აზერბაიჯანში
27 ივლისს, ბაქოს მძიმე დანაშაულების სასამართლომ, მოსამართლე აზერ ტაგიევის თავმჯდომარეობით, Toplum TV-ის საქმეზე საბოლოო სხდომა გამართა, სადაც განაჩენი გამოცხადდა.
Toplum TV-სთან და დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტთან (IDI) დაკავშირებულ ცხრა პირს, მათ შორის ჟურნალისტებს, მედია სამართლის ექსპერტებს, პროექტის კოორდინატორებს და მესამე რესპუბლიკის პლატფორმის წევრებს, 12-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს მიესაჯა დამატებითი სასჯელი ორი წლითა და ექვსი თვით გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევით. სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა სამოქალაქო სარჩელი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, მოითხოვდა მსჯავრდებულთა ქონების კონფისკაციას.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, Toplum TV სოცქსელების მენეჯერი ელმირ აბასოვი , რომელიც მანამდე შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. სხვა ფიგურანტები უკვე ციხეში იმყოფებოდნენ.
ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლო პროცესი უსამართლო იყო, დაცვის მხარის შუამდგომლობები უარყოფილი იქნა და საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო. ისინი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავენ.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა განაჩენებს „ზედმეტად მკაცრი და პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდეს და მსჯავრდებულთა დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს.

საქმის ზოგადი კონტექსტი და ბრალდებები
2024 წლის 6 მარტს აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ Toplum TV-ისა და დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის ოფისებში, ასევე რამდენიმე სხვა მისამართზე ჩხრეკა ჩაატარა. თავდაპირველად საქმის ფიგურანტებს ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 206.3.2 მუხლით წაუყენეს, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ უცხოური ვალუტის კონტრაბანდისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
მოგვიანებით ბრალდებები დამძიმდა. მათ ასევე ბრალად წაუყენეს უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, გადასახადებისგან თავის არიდება, დოკუმენტების გაყალბება, ასევე დასავლელი დონორებისგან სახსრების უკანონოდ მიღება და გამოყენება Toplum TV-ის, დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის, ფაქტების გადამოწმების პლატფორმა Fakt Yoxla-სა და მესამე რესპუბლიკის პლატფორმის დასაფინანსებლად, „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის“ შემადგენლობაში.
პროკურატურამ ბრალდებულები „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის“ წევრებად წარმოაჩინა და მათთვის 13-დან 16 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ყველა განსასჯელმა ბრალდებები სრულად უარყო. მათი განცხადებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები ან გაყალბებულია, ან საფუძველს მოკლებულია, ხოლო დაპატიმრებების მიზანი დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული ინიციატივების ჩახშობაა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას განიხილებოდა ბრალდებულთა ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, ალესკერ მამედლისა და სხვა განსასჯელების მდგომარეობა, სასამართლოს უარი შინაპატიმრობაში გადაყვანის შესახებ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე, განცხადებები იმის თაობაზე, რომ მოწმეებმა ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მისცეს, ასევე სხვა სავარაუდო საპროცესო დარღვევები.
Toplum TV დამოუკიდებელი ონლაინ სატელევიზიო პლატფორმა და საინფორმაციო რესურსი იყო, რომელიც 2016 წლიდან მუშაობდა. რედაქცია აშუქებდა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს, კორუფციასა და ადამიანის უფლებებს. დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტი დემოკრატიული ინიციატივების განხორციელებით, ახალგაზრდების განათლებითა და მედიის სფეროში ტრენინგების ჩატარებით იყო დაკავებული.
სასამართლოში ბოლო გამოსვლებიდან
ბოლო სიტყვაში ბრალდებულებმა მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
20 ივლისს წარმოთქმულ სიტყვაში აკიფ გურბანოვმა განაცხადა, რომ დემოკრატიის იდეების განადგურება შეუძლებელია. მისი თქმით, ხელისუფლება საბჭოთა რეჟიმის სულისკვეთებით მოქმედებს და საკუთარ შეცდომებს არ აღიარებს. მან ასევე გააკრიტიკა ეკონომიკური რესურსების კონცენტრაცია, დამოუკიდებელი მედიისა და სასამართლო სისტემის არარსებობა:
„საუკუნეების განმავლობაშიც რომ სცადონ, რესპუბლიკის იდეების განადგურებას ვერ შეძლებენ… მათ არ სურთ დამოუკიდებელი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. ჩვენ არ ვაპირებთ ამ სისტემას დავემორჩილოთ“.
მისი განცხადებით, Toplum TV და Fakt Yoxla პროფესიული ჟურნალისტიკის განვითარებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნით შეიქმნა.
რუსლან იზათლიმ ბოლო სიტყვის ნაცვლად თავის შვილს დაწერილი წერილი წაიკითხა.
სხვა განსასჯელებმაც მიუთითეს მტკიცებულებების არარსებობაზე. კერძოდ, მათი განცხადებით, მტკიცება, რომ ქვეყანაში ნაღდი ფულის სახით 837 ათასი მანათი, დაახლოებით 492,5 ათასი დოლარი, შეიტანეს, დონორი ორგანიზაციების მუშაობის პრაქტიკას ეწინააღმდეგება. მათ ასევე ისაუბრეს სასამართლო პროცესის ცალმხრივ ხასიათსა და პოლიტიკურ დევნაზე.
ჟურნალისტმა ფარიდ ისმაილოვმა და სხვა განსასჯელებმა დაკავების პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებისა და მათ მიმართ გამოთქმული მუქარების შესახებ განაცხადეს.
ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია თითოეული ბრალდებულის ბიოგრაფიის, ორგანიზაციებში მათი როლის, წაყენებული ბრალდებებისა და დანიშნული სასჯელების შესახებ.
აკიფ გურბანოვი, 15 წელი

დაიბადა 1981 წლის 3 აგვისტოს საქართველოში. 2004 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი, 2008 წელს სტრასბურგში ევროპის საბჭოს პოლიტიკური კვლევების სკოლა, ხოლო 2016 წელს ხარკოვის ეროვნული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს.
პოლიტიკური საქმიანობა 2002 წელს პარტია „უმიდში“ დაიწყო, სადაც ახალგაზრდულ საკითხებში თავმჯდომარის მოადგილისა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობებს იკავებდა. 2006-2016 წლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.
იგი დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელია, ასევე Fakt Yoxla-სა და Toplum TV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მესამე რესპუბლიკის პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2024 წლიდან პლატფორმის სპიკერის თანამდებობას იკავებს. დააკავეს 2024 წლის 6 მარტს.
ბრალდება: კონტრაბანდა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, ფულის გათეთრება და სხვა დანაშაულები, რომლებიც, გამოძიების მტკიცებით, ორგანიზებული ჯგუფის შემადგენლობაში ჩაიდინა.
სასჯელი: 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა ორი წლითა და ექვსი თვით.
რუსლან იზატლი, 15 წელი

დაიბადა 1989 წლის 18 აპრილს აღდამში. აღდამის ოკუპაციის შემდეგ ბარდაში ცხოვრობდა. 2012 წელს დაამთავრა აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიის სპეციალობით, შემდეგ კი ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის მაგისტრატურა გლობალური პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. ასევე სწავლობდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური კვლევების სკოლაში. დაოჯახებულია და ერთი შვილი ჰყავს.
2009-2012 წლებში ხელმძღვანელობდა ახალგაზრდულ ორგანიზაცია „მთლიან აზერბაიჯანს“, 2012-2013 წლებში პარტია „უმიდის“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ხოლო 2013-2021 წლებში მოძრაობა D18-ს ხელმძღვანელობდა. 2015 და 2020 წლებში პარლამენტის წევრობის კანდიდატი იყო.
მონაწილეობდა ყარაბაღის მეორე ომში. დაჯილდოებულია მედლებით „ფიზულის გათავისუფლებისთვის“ და „სამამულო ომის მონაწილე“. მესამე რესპუბლიკის პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელია. დააკავეს 2024 წლის მარტში.
ბრალდება: ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა და ფინანსური ხასიათის დანაშაულების ჩადენა.
სასჯელი: 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის კენჭები ნაღვლის ბუშტში.
ალესკერ მამადლი, 14 წელი

დაიბადა 1968 წლის 24 მაისს, აღდამის რაიონის დაბა გუზანლიში, მასწავლებლების ოჯახში. 1996 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2001 წელს ანკარაში თურქეთისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის (TODAİE) მაგისტრატურა. დაოჯახებულია და ორი შვილი ჰყავს.
მედიასამართლის ექსპერტია. 2002-2014 წლებში იურისტად და მენეჯერად მუშაობდა ორგანიზაციებში Internews და IREX. მედიასამართლის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ჩატარებული აქვს ასობით პროფესიული ტრენინგი. 2016 წლიდან Toplum TV-ის იურიდიული დამფუძნებელია. დააკავეს 2024 წლის მარტში.
ბრალდება: ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა და ფინანსური ხასიათის დანაშაულების ჩადენა.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არაერთხელ დაისვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხი, კერძოდ, ყელის არეში არსებული სიმსივნისა და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შესახებ. შინაპატიმრობაში გადაყვანის თაობაზე შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
მამედლი აცხადებდა, რომ მისი შემოსავლები კანონიერი იყო, გადასახადებს იხდიდა, თავად კი პოლიტიკური მძევალია.
სასჯელი: 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
ალი ზეინალი, 14 წელი

დაიბადა 1996 წლის 24 თებერვალს. დამოუკიდებელი მულტიმედიური ჟურნალისტია. 2016 წლიდან მუშაობდა რეპორტიორად, წამყვანად, ფაქტების გადამმოწმებლად და ტრენერად. დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტში ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ პროგრამას კოორდინაციას უწევდა და მათი მენტორი იყო.
დააკავეს 2024 წლის 6 მარტს. გამოძიების ვერსიით, მის სახლში ჩატარებული ჩხრეკისას 10 150 ევრო და 9 060 დოლარი აღმოაჩინეს.
ბრალდება: კონტრაბანდა და მოგვიანებით წაყენებული სხვა ბრალდებები ფინანსური ხასიათის დანაშაულების ჩადენაში. არსებული ინფორმაციით, პატიმრობაში მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ, სადამსჯელო იზოლატორში ათავსებდნენ და საკუთარი პუბლიკაციების გამო დევნიდნენ.
სასჯელი: 14 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
მუშფიგ ჯაბარი, 13 წელი

oplum TV-ში ვიდეორედაქტორად მუშაობდა. დააკავეს 2024 წლის 6 მარტს.
ბრალდება: კონტრაბანდა და ფინანსური ხასიათის სხვა დანაშაულები.
სასამართლოში მან გამოძიების ხარისხი გააკრიტიკა. კერძოდ, ჯაბარის განცხადებით, გამოძიება კონტრაბანდის ბრალდების დაკავშირებას ცდილობდა კითხვასთან: „სირბილი თუ შეგიძლია?“ მისი შინაპატიმრობაში გადაყვანის შესახებ შუამდგომლობები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
სასჯელი: 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
რამილ ბაბაევი, 13 წელი

დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტში პროექტების კოორდინატორად მუშაობდა. დააკავეს 2024 წლის მარტში. იგი მიიჩნევა აზერბაიჯანში პირველ პატიმრად, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ ვეგანურ ცხოვრების წესს მისდევს.
ბრალდება: ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა და ფინანსური ხასიათის დანაშაულების ჩადენა.
არსებული ინფორმაციით, პატიმრობაში ყოფნისას მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ. იგი შიმშილობას აცხადებდა და წინასწარი დაკავების იზოლატორში არსებულ პირობებს აპროტესტებდა.
სასჯელი: 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
ილკინ ამრახოვი, 13 წელი

დაიბადა 2001 წლის 4 დეკემბერს. დაამთავრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო მართვის აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. მონაწილეობდა დემოკრატიული ინიციატივების ინსტიტუტის პროგრამაში „პროექტების ახალგაზრდა ხელმძღვანელები“, ამავე ორგანიზაციაში გაიარა სტაჟირება, შემდეგ კი ჯგუფის კოორდინატორად მუშაობდა.
დააკავეს 2024 წლის 6 მარტს.
ბრალდება: მისთვის წაყენებული ბრალდებები საქმის სხვა ფიგურანტების ბრალდებების ანალოგიურია.
სასამართლოში მან ოფისში ჩატარებული ჩხრეკის დროს სავარაუდოდ ჩადენილი უკანონო ქმედებების შესახებ ისაუბრა.
სასჯელი: 13 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
ფარიდ ისმაილოვი, 12 წელი

დაიბადა 1998 წლის 4 სექტემბერს ხირდალანში. დაამთავრა აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგ კი ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის მაგისტრატურა. 2021-2022 წლებში სამხედრო სამსახურს გადიოდა.
ჟურნალისტიკაში 2019 წლიდან მუშაობს. იყო Kanal 13-ის თანამშრომელი, 2022 წლიდან კი Toplum TV-ის რეპორტიორად მუშაობდა. 2023 წელს ფილტვზე ოპერაცია გადაიტანა.
2024 წლის მარტში იგი თავდაპირველად პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გაათავისუფლეს, თუმცა 2025 წლის 17 იანვარს კვლავ დააკავეს.
ბრალდება: კონტრაბანდა და მოგვიანებით წაყენებული სხვა ბრალდებები ფინანსური ხასიათის დანაშაულების ჩადენაში.
პატიმრობაში ყოფნისას ის მის მიმართ გამოთქმულ მუქარებსა და ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობდა.
სასჯელი: 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
ელმირ აბასოვი, 12 წელი

Toplum TV-ის სოციალური მედიის მენეჯერად მუშაობდა. თავდაპირველად პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, განაჩენის გამოცხადებამდე თავისუფლებაზე რჩებოდა.
Toplum TV-ის საქმის გამოძიების პერიოდში გარდაიცვალა მისი დედა, რომელიც მისი ერთადერთი ახლო ნათესავი იყო.
ბრალდება: ორგანიზებულ ჯგუფში მონაწილეობა და ფინანსური ხასიათის დანაშაულების ჩადენა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ იგი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.
სასჯელი: 12 წლით თავისუფლების აღკვეთა და გარკვეული თანამდებობების დაკავების უფლების ჩამორთმევა.
„ტოპლუმ ტელევიზიის“ საქმე აზერბაიჯანში