აშშ საქართველოს 2 000 მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტების კომპლექტს გამოუგზავნის, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა. ამის შესახებ აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 266 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4872 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 453 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 67 გამოჯანმრთელდა და 3 გარდაიცვალა. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე.
ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ჰყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-თან ბრძოლაში. ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) საქართველო უახლესი დახმარების სახით 1,1 მილიონ დოლარს მიიღებს, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება.
როგორც დეგნანი ამბობს, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც. საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო ქართული კომპანიისგან 100 000 ლარის ღირებულების პერსონალურ დამცავ აღჭურვილობას შეიძენს და მას ჯანდაცვის სამინისტროს გადასცემს:
„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია”, – თქვა ელჩმა.
ელჩის განმარტებით, ამ რთულ ვითარებაში ქართველებს საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება: “ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს stopcov ფონდში. გარდა ამისა, რამდენიმე ამერიკული ბრენდის სასტუმრომ, როგორიცაა „მარიოტ ჰოტელ მოქსი” „რადისონ პარკ ჰოტელი” და „შერატონ გრანდი” საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარანტინო სივრცედ გამოყენება შესთავაზა. ეს გამოათავისუფლებს საწოლებს საავადმყოფოებში covid-19-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის,”- აცხადებს ელჩი.
21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო, განსაკუთრებულად მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მარნეულის, ბოლნისის, ლენტეხისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში.