ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტრამპმა ამ გადაწყვეტილებას “დიდი ხნის ნანატრი” უწოდა და აღნიშნა, რომ ეს არის ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარებისა და პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გადაწყვეტისკენ მიმართული ნაბიჯი.
ამას გარდა, ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ი მზადაა აღიაროს ორი სახელმწიფო, თუკი ისრაელი და პალესტინა ტერიტორიის გაყოფაზე შეთანხმდებიან.
ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა პალესტინის წარმომადგენლის, მაჰმუდ აბასის განცხადება, რომელმაც მსოფლიო ლიდერებს სიტუაციაში ჩარევისკენ მოუწოდა.
მან თქვა, რომ „აშშ-ის ამგვარი გადაწყვეტილება ხაზს გადაუსვამს სამშვიდობო პროცესს და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“.
ტრამპის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად შესაძლო ცნობის შესახებ მსოფლიოს ბევრმა ლიდერმა გამოთქვა აზრი; მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონიმ აღნიშნა, რომ ტრამპის ამგვარი გადაწყვეტილება დიდი შეცდომა იქნება და მას სერიოზული შედეგი მოჰყვება. იგივე პოზიციას იზიარებს თურქეთიც.
_________________________
1995 წლიდან მოყოლებული, ამერიკის პრეზიდენტები ყოველ 6 თვეში ერთხელ ხელახლა ახანგრძლივებდნენ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ისრაელში აშშ-ის საელჩოს შენობა განთავსებული იყო თელ-ავივში და არა ისრაელის ოფიციალურ დედაქალაქში – იერუსალიმში. ამით აშშ იზიარებდა მსოფლიო თანამეგობრობის დიდი ნაწილის პოზიციას, რაც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად არაღიარებაში მდგომარეობდა.
იერუსალიმის კუთვნილება – ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რაზეც ისრაელი და პალესტინა ვერ თანხმდებიან. იერუსალიმი არის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც, ამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა არ კლებულობს. ეს კონფლიქტი 1967 წლიდან გრძელდება, როდესაც ისრაელმა თავის კონტროლქვეშ მოაქცია იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც მანამდე პალესტინა აკონტროლებდა.
გაერო იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს და მას ისრაელის დედაქალაქად არ ცნობს.