„არ მიყიდია, მხოლოდ იჯარით ავიღე“. სკანდალი აფხაზეთში რუსი ინვესტორის გარშემო
რუსი ინვესტორი აფხაზეთში
აფხაზეთში მსხვილი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია კონფუზად გადაიქცა. გავლენიანმა რუსმა მეწარმემ, ალექსანდრ ტკაჩევმა განაცხადა, რომ აფხაზეთში სასტუმრო კომპლექსის ასაშენებლად მიწა შეიძინა. ეს იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთში უცხოელებს მიწისა და უძრავი ქონების ყიდვის უფლება არ აქვთ. შედეგად, ხელისუფლებასა და ინვესტორს განმარტების გაკეთება მოუწიათ.
აფხაზეთში ახალი სასტუმრო კომპლექსის პროექტის, რომლის პრეზენტაციაც მოაწყო ინვესტორმა – კრასნოდარის მხარის ყოფილმა გუბერნატორმა ალექსანდრ ტკაჩევმა – ღირებულება 20 მილიარდი რუბლია (დაახლოებით 270 მლნ დოლარი).
ტკაჩევმა განაცხადა, რომ სასტუმრო კომპლექსისათვის ბიჭვინთაში შეიძინა 45 ჰექტარი მიწა. აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, მიწა ყიდვა-გაყიდვის ობიექტი არ არის. საბოლოოდ, თავის მართლება მოუხდათ ხელისუფლებასაც და ინვესტორსაც.

სასტუმრო კომპლექს „მოსკვა რეზორტის“ პროექტის პრეზენტაცია აფხაზეთის პრეზიდენტის ასლან ბჟანიასა და რესპუბლიკის მთელი ხელმძღვანელობის თანდასწრებით გაიმართა.
შეკრებილთა წინაშე გამოსვლისას, ალექსანდრ ტკაჩევმა ხაზი გაუსვა, რომ პროექტის რეალიზაციისათვის მისმა კომპანიამ „შეიძინა, გამოისყიდა“ 45 ჰექტარი მიწა ბიჭვინთაში.
- მოსაზრება: ენერგოკრიზისი აფხაზეთში ვერ გადაიჭრება, სანამ ქსელში კერძო ბიზნესს არ დაუშვებენ
- აფხაზი პოლიტოლოგი ასტამურ ტანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე
ეს მონაკვეთი, გარიგების დეტალებით, აჩვენეს დამოუკიდებელ ტელეარხ „აბაზაზე“ გასულ რეპორტაჟში (სახელმწიფო მედიას ის საერთოდ „არ შეუმჩნევია“), თუმცა, უკვე ღამით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თხოვნის შემდეგ, ტელეარხის საიტიდან აიღეს. მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან ეპიზოდი მიწის ყიდვის თაობაზე სოციალურ ქსელებში მოხვდა.
უკვე მეორე დღესვე მოუხდა აფხაზეთის ხელისუფლებას თავის მართლება. სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ბესლან კუბრავამ განაცხადა, რომ არსებული კანონმდებლობით, მიწა ყიდვა-გაყიდვის ობიექტი არ არის, შესაბამისად, ბიჭვინთაში ტკაჩევისთვის მიწა არავის მიუყიდია, მხოლოდ გამოსაყენებლად გადაეცა.
არც სასტუმრო კომპლექს „მოსკვა რეზორტის“ დამფუძნებლები დარჩენილან განზე და მათაც მიმართეს საზოგადოებას.
„სიტყვები ა.ნ. ტკაჩევის გამოსვლიდან არასწორადაა ინტერპრეტირებული და კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, აცხადებენ მიმართვის ავტორები, პროექტ „მოსკვა რეზორტისთვის“ მიწის ნაკვეთი კომპანიას არენდის წესით გადაეცა“.
როგორც ინვესტორები განმარტავენ, 2021 წელს კომპანია შპს „მოსკვა რეზორტმა“ მოსკოვის მთავრობას (რომელსაც 2006 წელს გამოუყვეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი), ინფლაციის გათვალისწინებით, აუნაზღაურა ადრე გაწეული ყველა ხარჯი, რითაც პროექტის შემდგომი რეალიზაციის უფლება შეიძინა. „სწორედ ამ ხარჯებს გულისხმობდა ა.ნ. ტკაჩევი, როდესაც აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შეძენაზე ლაპარაკობდა“, – აღნიშნულია მიმართვაში.