სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ოკუპანტების მიერ გასული წლის ივლისში გატაცებული ზაზა გახელაძე შეიწყალა. ინფორმაციას ამის შესახებ “ეხო კავკაზა” ავრცელებს.
“შეწყალებულ იქნას გახელაძე ზაზა, მიხეილის ძე, დაბადებული კასპში, საქართველოში. გასამართლებული ჩრდილოეთ ოსეთის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2021 წლის 5 თებერვალს. გათავისუფლდეს სასჯელის, თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისგან.
განკარგულება ძალაში შედის მის ოფიციალურად გამოქვეყნებისთანავე”, – წერია განკარგულებაში.
სააგენტო “რეს”-ის ცნობით, ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე რუსეთის პატრიარქის, კირილის შუამდგომლობით შეიწყალა. ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის თავისუფლების სანაცვლოდ ცხინვალის რეჟიმს “სამხრეთ ოსეთის” მოქალაქე, ვ. გობოზოვი გადასცა, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა ლარსთან დააკავეს.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანახმად, ანატოლო ბიბილოვს გახელაძემ თავადაც მიმართა შეწყალების წერილით, ბოდიში მოიხადა თავისი ქმედებებისთვის და მადლობა გადაუხადა “ოსეთის ხელისუფლებას ჰუმანური დამოკიდებულებისთვის.”
2021 წლის 5 თებერვალს ცხინვალის სასამართლომ 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქართველოს მოქალაქეს ზაზა გახელაძეს.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 34 წლის ზაზა გახელაძე 2020 წლის 11 ივლისს სხვილოს ციხის მიდამოებში რუსმა მესაზღვრეებმა დააკავეს.
სხვილოს ციხე ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, რომელიც ცხინვალს დანარჩენი საქართველოსგან გამოყოფს.
დაკავებისას გახელაძე ფეხში დაჭრეს. ოსური მხარის ვერსიით, გახელაძემ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რომლებიც მის დაკავებას ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გამო ცდილობდნენ და სანადირო თოფიდან სულ მცირე ხუთჯერ გაისროლა. ცხინვალი ამბობს, რომ გახელაძე სწორედ ამ გასროლის საპასუხოდ დაჭრეს.
გახელაძე ცხინვალის სასამართლომ ორი მუხლით ცნო დამნაშავედ – სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.
ქართულმა მხარემ ზაზა გახელაძის გათავისუფლება გასული წლის ოქტომბერში ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მოითხოვა, თუმცა უშედეგოდ.
გახელაძე ოჯახის წევრებმა მხოლოდ ერთხელ მოინახულეს ცხინვალის ციხეში წითელი ჯვრის ჩართულობით.