აფხაზეთში, გაგრის რაიონში, კომენდანტის საათი დააწესეს
აფხაზეთში, საკურორტო ქალაქ გაგრაში, 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც იქ კომენდანტის საათის დაწესება მოყვა – საღამოს რვიდან დილის შვიდ საათამდე.
COVID-19-ით ინფიცირებული ქალი იმ მამაკაცის ახლო ნათესავი აღმოჩნდა, რომელიც 7 აპრილს, აფხაზეთის ხელისუფლების მიერ სპეციალურად კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის გამოყოფილ გუდაუთის კლინიკაში მოათავსეს.
პირველი ინფიცირებულის ორივე ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. ის გაგრაში მოსკოვიდან დაბრუნდა, სადაც მივლინებით იმყოფებოდა.
9 აპრილის დილას, რუსეთში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 8 672 შემთხვევა. გარდაიცვალა 63 ადამიანი.
- კარგი ამინდი, ზღვა და კორონავირუსი – როგორ იცავენ აფხაზეთში სახლში დარჩენის მოთხოვნას. ვიდეო
- მოსაზრება: COVID-19 კაცობრიობის მხრიდან პატივისცემას იმსახურებს
- კორონავირუსი კავკასიაში. განახლებადი
თავდაპირველად გადაწყდა, რომ ქალი სახლში, იზოლაციის რეჟიმში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დაეტოვებინათ. თუმცა, საღამოს, ისიც გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
რვასართულიან, მრავალბინიან სახლს, რომელშიც ორივე ინფიცირებული ცხოვრობს, პირველივე შემთხვევის შემდეგ, მილიციამ ალყა შემოარტყა.
მაცხოვრებლებს ბინიდან გამოსვლა აკრძალული აქვთ და საკვებით მათ ადგილობრივი ხელისუფლება ამარაგებს.
პირველი შემთხვევის შემდეგ, მკაცრ კარანტინში მოხვდა, დაახლოებით, ასი ადამიანი. ყველა მათგანს ტესტირება ჩაუტარდა და ერთ-ერთი დადებითი აღმოჩნდა.
7 აპრილს, აფხაზეთში, სრულად ჩაიკეტა რუსეთის მხრიდან შესასვლელი, მათ შორის, აფხაზეთის მოქალაქეებისთვის.
გაგრიდან ორი პაციენტი ერთადერთი არიან, რომელთაც აფხაზეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად დაუდასტურდათ COVID-19.