აფხაზეთში ამბობენ, რომ ენგურის ხიდთან გამართული აქცია "მორიგი პროვოკაციაა"
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთში გამართული აქცია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ენგურის ხიდთან აქტივისტების მიერ გამართული აქცია “მიზნად ისახავს სიტუაციის დესტაბილიზაციას.”
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან აქცია 24 სექტემბერს გაიმართა. მონაწილეებმა საქართველოს, ევროკავშირის და უკრაინის დროშები, ასვეე ბანერი მიიტანეს, რომელსაც “აფხაზეთი საქართველოა” ეწერა და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა და საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც რუსეთის პოლიტიკას, ოკუპაციას და უკრაინაში ომს აპროტესტებენ.
მათი თქმით, აქციის მიზანი იმ დეზინფორმაციის დანგრევაა, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას არ ეძლევა საშუალება, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან.
“აქ არის ასევე ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ორგანიზაცია “ამბრა”, რომელიც ასევე მუშაობს ამ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე. ჩვენ გვინდა დავანგრიოთ დეზინფორმაცია, რომლითაც აფხაზურ საზოგადოებას ტვინს ურეცხავენ და არ აძლევენ საშუალებას, რომ სამყაროში მიმდინარე მოვლენები ობიექტურად აღიქვან.” – განაცხადა დაურ ბუავამ.
კიდევ ერთი აქცია იგეგმება 26 სექტემბერს, სოფელ რუხში, ენგურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც იქნება ნაჩვენები ფილმი, რომელიც, როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ასახავს რუსეთის მიერ აფხაზეთში კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს.
დე ფაქტო სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს აქცია არის მორიგი პროვოკაცია.
“მიუხედავად საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებისა იმის შესახებ, რომ საქართველოს სურს არსებული წინააღმდეგობები მშვიდობიანი გზით გადაჭრას, პრაქტიკაში საქართველო დგამს სხვადასხვა ნაბიჯებს, რამაც შეიძლება შეარყიოს უსაფრთხოების საფუძვლები ჩვენს რეგიონში.
არსებული ინფორმაციით, აშშ-ს საელჩომ და USAID-მა ქართველ საზოგადოებრივ აქტივისტებს აფხაზეთში ლტოლვილების დაბრუნების საკითხის გააქტიურება დაავალეს. ამერიკელი კურატორების მიერ სტიმულირებული პროვოკაციები უკიდურესად უარყოფით რეაქციას იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და პირდაპირ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში”. – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ თბილისისგან ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერა 23 სექტემბერს მოითხოვა.
არძინბა საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ თბილისი უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. არძინბას თქმით, მარიონეტული რეჟიმი ამ ნაბიჯს პირდაპირ საფრთხედ აღიქვამს.
“საქართველოს ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე ორმხრივი ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოვუწოდებთ. აფხაზეთი მშვიდობისმოყვარული ქვეყანაა, ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე თავდასხმას. მაგრამ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ საკუთარ სამშობლოს, ჩვენ ხალხს და ჩვენს მშობლიურ მიწას”. – თქვა არძინბამ.
როგორც არძინბამ აღნიშნა, სწორედ ამის გამო, აუცილებელია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და რუსეთთან ურთიერთობის შენარჩუნება, განვითარება და გაძლიერება.
ფოტო 24 სექტემბრის აქციიდან “აფხაზეთი საქართველოა”