კობახიძე: როგორც რუსები ესვრიან უკრაინელებს, ასე უნდა განვიხილოთ, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ოსს
კობახიძე აფხაზებზე და ოსებზე
საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ როდესაც “ჩვენ ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებული ვართ იმით”, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს.
კობახიძის თქმით, ქართულ საზოგადოებას ომის პრობლემა არ აქვს და იმის მოტივაციაც აქვთ, რომ სადაც სამშობლოს და ქვეყანას სჭირდება, იქ ომშიც შევიდეს, მაგრამ, როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე განმარტავს, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ფაქტორები:
“ერთი ფაქტორი არის ის, რომ ყველაფერი უნდა ავწონოთ, მათ შორის რესურსების კუთხით, ასევე, რას მოუტანს ეს ომი საქართველოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია და ერთი ძალიან მგრძნობიარე საკითხია, რომელსაც საზოგადოებაც ითვალისწინებს. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ ჩვენ გვიწევს ომი ცხინვალში, აფხაზეთში – ასეთ დროს შენ ომში შედიხარ არამარტო რუსულ საოკუპაციო ძალებთან, არამედ აფხაზებთან და ოსებთან, რაც ჩვენ გამოვიარეთ 30 წლის წინ. ამას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ძმათა მკვლელი ომი, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.”
● რუსეთი მუქარით ცდილობს წაართვას აფხაზეთს ბიჭვინთის ნაწილი, თბილისი კი დუმს. რატომ?
● აფხაზეთის პრეზიდენტმა უნდა აირჩიოს: ან დაემორჩილოს ოპოზიციას და საზოგადოებას, ან გადადგეს
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებას არ უნდა ომი სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის, შესაძლო შედეგებისა და იმის გათვალისწინებით, რომ 30 წლის წინანდელის გამეორება არ უნდათ – “ჩვენ არ გვინდა აფხაზებთან და ოსებთან ომში შესვლა და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.”
მისივე განმარტებით, როდესაც საუბარია დეოკუპაციაზე, ერთ-ერთი ფასეულობა საქართველოსთვის უნდა იყოს იმ ურთიერთობების აღდგენა, რომელიც ხელოვნურად ჩაჭრეს ქართველებსა და აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის.
“ამას უნდა გავუფრთხილდეთ და აქედან გამომდინარე, არ უნდა დავუშვათ არავითარი ომი, სადაც კიდევ ერთხელ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან იარაღით ხელში ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები.” – განაცხადა კობახიძემ.
● “HIMARS -ი მთავარი ფაქტორია” – რატომ აგებს რუსეთი დონბასისთვის ბრძოლას? იულია ლატინინას კომენტარი
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
● როგორია სამყარო, რომელსაც პუტინი აშენებს●
მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებას გაემოეხმაურა ჟურნალ “ტაბულას” დამფუძნებელი და პოლიტიკური კომენტატორი თამარ ჩერგოლეიშვილი. მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ რეალურად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი სუვერენულ უკრაინას შეადარა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უარყო.
“ჩვენ 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს შევიკრიბებით რუსთაველის ძეგლთან და მსვლელობას დავასრულებთ აქციით პარლამენტის წინ, სადაც დავუჭერთ მხარს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ვიტყვით კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველებს აქვთ შანსი, თავიანთ სახლებში დაბრუნდნენ, ოღონდ ქართველების დაბრუნების გზა გადის ამ რეჟიმის ამოძირკვაზე.” – ამბობს ჩერგოლეიშვილი.