აფხაზეთში ოპოზიცია პრეზიდენტს საკუთარი თანამონაწილეობით უმაღლესი უფლებამოსილების მქონე საკონსულტაციო საბჭოს შექმნას სთავაზობს. გამოდის, რომ აფხაზეთს აქამდე ის ხალხი მართავდა, ვინც არავის მიერაა არჩეული.
პრეზიდენტმა უნდა განიხილოს ეს შეთავაზება, რომელზეც უარის თქმა არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია ხალხის ქუჩაში გამოყვანით იმუქრება.
იდეა არის ის, რომ ეს იქნება საზოგადოებრივი პალატის ბაზაზე შექმნილი სტრუქტურა, მაგრამ მასში ქვეყნის მთელი პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები იქნებიან თავმოყრილი – აქ აფხაზეთისთვის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება.
ოპოზიცია სთავაზობს პრეზიდენტს, მიანიჭოს ასეთ საბჭოს სპეციალური უფლებამოსილება. ასე რომ, საბჭოს თანხმობის გარეშე, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხებზე.
ადგურ არძინბა
ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა მიიჩნევს, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნა საშინაო პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.
„ყველა დაიღალა მუდმივი არასტაბილურობით. ეს ხელს გვიშლის განვითარებაში. ასევე გვაქვს პრაქტიკა, როცა საზოგადოებასთან ერთად განვიხილავდით სხვადასხვა საკითხებს. ახლა ეს, სამწუხაროდ, აღარ ხდება. საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღება კულისებში, ხალხის ზურგს უკან.“ – ამბობს არძინბა.
საკონსულტაციო საბჭოს მიერ განხილული ერთ-ერთი პირველი თემა იქნება ბიჭვინთაში 184 ჰექტარი მიწის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება.
ამ შეთანხმებამ აფხაზეთში ძლიერი პროტესტი გამოიწვია და სწორედ ამიტომ, საკითხი პარლამენტში რატიფიკაციამდე ჯერ არ მოსულა. მაგრამ რუსეთის ელჩმა აფხაზეთში მიხეილ შურგალინმა საჯაროდ გააფრთხილა აფხაზეთი, რომ თუ ისინი არ გადასცემენ აგარაკს და მიწის ნაკვეთს ბიჭვინთაში რუსეთს, ქვეყანა შეწყვეტს ინვესტიციებს და დახურავს სამხედრო ბაზას.
ადგურ არძინბა ცალსახად აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ მათი თანამდებობებზე დარჩენის ერთადერთი გზა არის საკონსულტაციო საბჭოს იდეაზე დათანხმება.
„თუ სახელმწიფოს მეთაური არ მოისმენს საზოგადოების, ახალგაზრდობის, ვეტერანების მოწოდებას, საბოლოოდ მოგვიწევს ხალხურ ტრადიციებს დავუბრუნდეთ – მოვუწოდებთ ხალხს, გამოვიდნენ ქუჩაში.“ – განაცხადა ადგურ არძინბამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო