აფხაზეთში საკონსტიტუციო რეფორმას განახორციელებენ
აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განკარგულებით, საკონსტიტუციო რეფორმის კომისია შეიქმნა. რეფორმის მთავარი ამოცანა პრეზიდენტს, პარლამენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილების განაწილება იქნება.
პრეზიდენტის ბრძანებით, კომისიას სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაცია „აფხაზეთის ქალთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი, ნათელა აკბა.
•„აფხაზეთის სახალხო მოძრაობა“ – აფხაზეთის ახალი ოპოზიცია
•აფხაზეთის პარლამენტმა ამნისტია გამოაცხადა, შსს და საზოგადოების ნაწილი კატეგორიული წინააღმდეგია
„ჩვენ უნდა დავაბალანსოთ ძალაუფლება, სამართლიანად გადავანაწილოთ უფლებამოსილების ნაწილი პრეზიდენტს, პარლამენტსა და მინისტრთა კაბინეტს შორის. ჩვენ გვჭირდება „კონტროლისა და ბალანსის“ თანამედროვე, სამართლიანი სისტემა. და მაშინ შევძლებთ გავთავისუფლდეთ პოლიტიკური ტურბულენტობიდან და ნორმალურად განვვითარდებით“, – განაცხადა აკბამ.
მისი თქმით, დღეს, ინსტიტუციურად აფხაზეთის პრეზიდენტს ძალიან ფართო უფლებამოსილებები გააჩნია, რაც, რა თქმა უნდა, ერთ ცალკე აღებულ ადამიანზე ძალიან დიდ დატვირთვას გულისხმობს.
„ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ კონცენტრირდეს განსაკუთრებით მნიშვნელოვან მიმართულებებზე“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
ნათელა აკბას მიაჩნია, რომ ცვლილებების შემუშავების შემდეგ, მიზანშეწონილია კანონმდებლობაში ცვლილებები რეფერენდუმის გზით განხორციელდეს:
„დღევანდელი დროის გამოწვევები მოითხოვს სახელმწიფოს ცხოვრების შეცვლის ყველაზე დემოკრატიულ და ლეგიტიმურ მიდგომებს“. ქვეყნის ბედი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.
ამასთან, არ არსებობს გარანტიები, რომ სერიოზული საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება, რადგან, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს უკვე მესამე მცდელობაა, შეიცვალოს აფხაზეთის მთავარი კანონი.
წინა ორმა კომისიამ, რომელიც პრეზიდენტის პოსტზე ასლან ბჟანიას ორმა წინამორბედმა, სერგეი ბაღაფშმა და რაულ ხაჯიმბამ შექმნეს, განსაკუთრებულ წარმატებებს ვერ მიაღწია. ამის მიუხედავად, წინა კომისიების ორი ხელმძღვანელი, სერგეი სმირი და თამაზ ქეცბა ახალი საკონსტიტუციო რეფორმის კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო