აფხაზი აქტივისტი შიმშილობის აქციით ხელისუფლებისგან ბენზინის გაიაფებას ითხოვს
აფხაზი აქტივისტი ბენზინის გაიაფებას ითხოვს
აქტივისტი ჯანსუჰ ადლეიბა აფხაზეთში საწვავის გაიაფებას ითხოვს. ამ მოთხოვნით იგი კვირაზე მეტია, სოხუმში, თავისუფლების მოედანზე შიმშილობს.
აქტივისტი 11 ივნისიდან შიმშილობს და ჯერ არ ემორჩილება ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს დოკუმენტებითა და გაანგარიშებებით დაუმტკიცოს, რომ ბენზინზე ფასის დაწევა მათ ძალებს აღემატება.
საწვავზე ფასები აფხაზეთში მარტიდან, 20 პროცენტით გაიზარდა. მთავრობა ზრდას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, მსოფლიოში ნავთობის ფასების მკვეთრი მატებით ხსნის.
ადლეიბას კი მაგალითად ცხინვალი მოჰყავს, სადაც, მისი თქმით, ფასების ასეთი ნახტომისებრი ზრდა თავიდან აიცილეს.
მოშიმშილე აქტივისტთან სოხუმის მერი ბესლან ეშბა, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და საწვავის კომპანიების ხელმძღვანელები მივიდნენ.
მაგრამ, ხელისუფლებამ და აქტივისტმა ჯერ ერთმანეთი ვერ გადაარწმუნეს.
- აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების მომხრეა
- მოსაზრება: აფხაზეთში ელექტროენერგიის ფასი გაორმაგდება
- როგორ ერგებიან აფხაზეთში ომსა და მშვიდობას
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჯანსუჰ ადლეიბას აფხაზეთში სამართლიანობისთვის ყველაზე შეურიგებელი მებრძოლის იმიჯი ჩამოუყალიბდა. სამთავრობო შენობებთან ის რეგულარულად აპროტესტებს რაღაცას.
წინა ჯერზე იგი პარლამენტს ანტიკორუფციული კანონების გამკაცრებას სთხოვდა. ხელისუფლებისგან კი კორუფციასთან საბრძოლველად უკვე არსებული ნორმების შესრულება მოითხოვა.
რაღაც ეტაპზე ადლეიბა მაშინაც შიმშილობდა. პროტესტი მხოლოდ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის შემდეგ შეწყვიტა, სადაც კანონში არაერთი ცვლილება იქნა მიღებული.
სხვა შემთხვევა:
წინა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პირადად დაარწმუნა ადლეიბა გაეთავისუფლებინა ქალაქის ნაგავსაყრელის შესასვლელი. საბოლოოდ, ნაგავსაყრელი დაიხურა და ნარჩენების გასატანად სხვა ადგილის ძებნა დაიწყეს.
ახლა მთავრობა წარუმატებლად ცდილობს ადლეიბას ეკონომიკური გათვლებით გადარწმუნებას: იმისათვის, რომ ბენზინი იაფად გაყიდონ, საწვავის კომპანიებმა ან არ უნდა შეავსონ მარაგი და არ გადაიხადონ გადასახადები, ან დახურონ ავტოგასამართი სადგურები.
ჯანსუჰ ადლეიბასთან შეხვედრისას, საწვავის კომპანიების ხელმძღვანელებმა შესთავაზეს, რომ მას თავად მოეძებნა გამოსავალი, რომელიც შეამცირებდა ბენზინზე ფასებს.
„პრობლემა ბენზინის ფასი კი არ არის, არამედ ეკონომიკური რეფორმების ნაკლებობა და კორუფცია“
პოპულარული ტელეგრამის არხი “აფხაზეთი-ცენტრი” აფხაზეთის საპროტესტო აქციების ისტორიას, მათ შორის მიმდინარე შიმშილობის ისტორიას, ქვეყანაში რეალური რეფორმების არარსებობით ხსნის.
„ჩვენ უნდა მოვიწვიოთ ათეულობით ფინანსისტი-ეკონომისტი, „მგლები უოლ სტრიტიდან“, რომლებიც საბოლოოდ მისცემენ სწორ მიმართულებას აფხაზეთის ეკონომიკას და მეტ-ნაკლებად სწორ რელსებზე გადაიყვანენ.
და ამას გააკეთებენ არა „ატკატებისთვის“, არამედ კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის სანაცვლოდ”.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო