არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს! - საქართველოს პრეზიდენტის საპირისპირო განცხადებები
საქართველოს პრეზიდენტი გვარამიასა და სააკაშვილზე
„არა და არასოდეს! არავის არ ვიწყალებ! მორჩით სპეკულაციებს!” – ეს სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას შემდეგ, რაც ცოტა ხნით ადრე თქვა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს არ უნდა გადაჰყვეს.
საქართველოს ევროპული მომავლის უპერსპექტივობის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ბრიუსელიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების წევრების განცხადებები ევროპარლამენტის რეზოლუციაზე. პრეზიდენტმა განცხადებებს “ძალიან სამწუხარო” უწოდა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ მას საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში სურდა ჩასვლა, რადგან, საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურისთვის “უკრაინის მადლიერი უნდა იყოს”. მაგრამ, მთავრობისგან უარი მიიღო.
პრეზიდენტმა თქვა ისიც, რომ ხელისუფლების წევრების განცხადებები მას არ აძლევს საშუალებას, ეფექტურად დაიცვას საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი:
“კონსტიტუციის 78-ე მუხლი მავალდებულებს ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი [იგულისხმება კანდიდატის სტატუსის მიღება_JAMnews]. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი.
არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინსვლაში – არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს. არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ მომავალს”, – თქვა პრეზიდენტმა.
ამ განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაიწყო დისკუსია, ხომ არ აპირებდა პრეზიდენტი ზურაბიშვილი პატიმარი ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური ტელეკომპანია “მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალებას.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებამ 2021 წლის ნოემბერში დააკავა. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ნიკა გვარამია კი მიმდინარე წლის 16 მაისს, სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. მას 3 წელიწადი და 6 თვე მიუსაჯეს სამსახურებრივი მანქანის ოჯახის საჭიროებებისთვის გამოყენებისთვის.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში, სხვა ბევრ საქმესთან ერთად, მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეების შესახებაც არის საუბარი.
კონკრეტულად, ევროპარლამენტი გმობს მთავარი ოპოზიციური ტელეკომპანიის “მთავარი არხის” დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ განაჩენის გამოტანას. იზიარებს ორგანიზაციის „რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ მოწოდებას ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვის შესახებ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიზნით, ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან.
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრეზიდენტს არაერთხელ და მკაფიოდ აქვს ნათქვამი, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. ნიკა გვარამიას შეწყალება – არშეწყალების შესახებ კი ამ დრომდე არაფერი უთქვამს.
რეზოლუცია საქართველოს შესახებ ევროპარლამენტმა 9 ივნისს მიიღო. ამ დოკუმენტით ევროპარლამენტმა ევროკავშირის ინსტიტუტებს მოუწოდა, იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. თუმცა, იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ყველა კრიტერიუმს. და იქვე, ევროპულ საბჭოს მოუწოდა, განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილისთვის.
“ამ რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს”, “ევროპარლამენტი ფეიკების მსხვერპლი გახდა”, “ევროპარლამენტარებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურთ” – მსგავსი განცხადებებით გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციას.
ევროპარლამენტი, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურა არ არის, მაგრამ, მისი რეზოლუცია ევროკომისიისთვის მნიშვნელოვანი სიგნალია.
ახლა საქართველო ელოდება ევროკომისიის მოსაზრებას (ე.წ. Opinion), რომელიც, JAMnews-ის წყაროს ინფორმაციით, 17 ივნისს უნდა გასაჯაროვდეს.
ევროკომისია მოსაზრებას ევროკავშირის კითხვარის საფუძველზე ამზადებს. საქართველომ ევროკომისიის 2700-მდე შეკითხვას უპასუხა. მაგრამ რა ჩაწერა დოკუმენტში, არ ვიცით – შევსებული პასუხები მთავრობას არ გაუსაჯაროებია.
ამის შემდეგ კი, უკვე 24-25 ივნისის სამიტზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭებს თუ არა ევროკავშირი საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
საქართველოს პრეზიდენტი გვარამიასა და სააკაშვილზე