TI: ივანიშვილი 2012-2019 წლებში მინიმუმ 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში
ივანიშვილი 2012-2019 წლებში მინიმუმ 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში
არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახალ კვლევას აქვეყნებს, საიდანაც ვიგებთ, რომ „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიის საშუალებით რუსეთში, დღეის მდგომარეობით, სულ ცოტა, 1 კომპანიას ფლობს, ხოლო 2012-2019 წლებში მინიმუმ 10 კომპანიას ფლობდა რუსეთში.
როგორც TI-ს თავმჯდომარე, ეკა გიგაური ამბობს, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, თითქოს არ ჰქონდა ბიზნესინტერესები რუსეთში 2012 წლის შემდეგ, იყო არასწორი და ტყუილი.
გიგაურის განმარტებით, საქართველოს მთავრობის პოზიციას უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა, სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის რუსეთში არსებული ბიზნესინტერესები განსაზღვრავდეს.
“რაც შეეხება მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებს, ჩვენი მონაცემებით, უჩა მამაცაშვილს აქვს საერთო ინტერესი და კომპანია გიორგი პოლტავჩენკოსთან, რომელიც სწავლობდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ერთად კგბ-ს აკადემიაში და იგი იყო ადრე სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორი. აქ ახალი ისაა, რომ იგი 7 აპრილს დასანქცირდა აშშ-ის მიერ და მისი კომპანია ასევე დასანქცირებულ იქნა დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის მიერ”, – აცხადებს გიგაური.
TI-ს ხელმძღვანელის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ძმა, ალექსანდრე ივანიშვილი და მისი დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი საერთო ბიზნესს ფლობს ანა კუვოჩკოსთან, რომელიც 2021 წლამდე იყო რუსეთის დუმის დეპუტატი მის მეუღლესთან, ბატონ ხერიანოვთან ერთად. ამასთან დაკავშირებით ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ქართულ მედიაშიც გასული თვეების განმავლობაში.
“საერთო ჯამში, ჩვენი კვლევის შედეგად ის კითხვები, რაც არსებობდა საქართველოს მთავრობის გაურკვეველ პოზიციებთან დაკავშირებით უკრაინის მხარდაჭერაზე, შესაძლოა იყოს კავშირი ზუსტად იმასთან, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახის წევრებს აქვთ ბიზნესინტერესები რუსეთში და შესაძლოა, ეს ინტერესები ზუსტად განსაზღვრავს დღევანდელი საქართველოს მთავრობის პოზიციებს“, – აღნიშნა ეკა გიგაურმა.
საქართველოს არაფორმალური მმართველის რუსულ კავშირებზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 26 აპრილს იუთუბზე გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და რუს სანქცირებულ ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.
ჩანაწერები გაკეთებულია მიმდინარე წლის 10 და 12 მარტს, ანუ მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში უკვე შეჭრილი იყო. უკრაინის მმართველი პარტიის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებით, ის მიმართავს ევროკავშირსა და ამერიკას, განიხილონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციები.
არახამიას თქმით, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების არსი კრემლის მითითებების შესრულებაა, რადგან სწორედ ეს არის მიზეზი მათი რიტორიკის, რომ არ აღიარონ რუსეთის ომის დანაშაულები უკრაინის წინააღმდეგ და დაეხმარონ რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.