პლაკატის პოლიტიკა. საარჩევნო პოსტერების 30 წლიანი ისტორია
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან – 1990 წლიდან 2020 წლის ჩათვლით, ქვეყანაში 22 საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. თუ ამ ხნის განმავლობაში ქუჩებში გამოკრულ წინასაარჩევნო პოსტერებს გადავავლებთ თვალს, მთელი უახლესი ისტორია თვალწინ გადაგვეშლება.
პლაკატები რომ პოლიტიკური მეხსიერების რეკონსტრუქციის კარგი საშუალებაა, ამას ის ასობით გამოფენაც მოწმობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკური პლაკატების ისტორიას ეთმობა.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში 200ზე მეტი ქართული საარჩევნო პოსტერია დაცული. ამ გახუნებული ქაღალდებიდან კარგად ჩანს, როგორ ვითარდებოდა ქვეყანა 30 წლის განმავლობაში – როგორ იცვლებოდა პოლიტიკური სლოგანები და მოწოდებები, რას ითხოვდა საზოგადოება პოლიტიკოსებისგან.
ვხედავთ პოლიტიკურ პარტიათა სიჭრელეს – პარტიებს, რომლებიც დროთა განმავლობაში იქმნებიან და ქრებიან; სიმბოლიკის ცვლას – ის, თუ რა ფერებშია გადაწყვეტილი პოლიტიკური პლაკატები, რა ესთეტიკითაა მოფიქრებული ლოგოები.
დავინახავთ როგორ იცვლება პოლიტიკოსების სახის გამომეტყველება საარჩევნო პოსტერებზე – თუ 90-იანების პლაკატებიდან კანდიდატები სამშობლოზე დარდით მოქუფრული შუბლითა და გოროზი მზერით გვიყურებენ, მოგვიანებით მათ უკვე მეტი ღიმილი დასთამაშებთ, უკეთეს ხასიათზე არიან და ცდილობენ “მეტი პოზიტივი” აფრქვიონ.
საარჩევნო პლაკატების არქივი პოლიტიკური მოკავშირეობის და პოლიტიკური მტრობის მატიანეცაა – აქ კარგად ჩანს, რომ ქართულ პოლიტიკაში პრინციპების გარშემო პოლიტიკური გაერთიანებები ბევრად იშვიათია, ვიდრე სიტუაციური ერთობები. ერთ დროს ერთად მყოფი პოლიტიკოსები დღეს პოლიტიკური მტრები არიან და0 პირიქით – მტრები პოლიტიკური მოკავშირეები გახდნენ.
ბევრი პოლიტიკოსი უახლოესი წარსულიდან, რომლებსაც საინტერესო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან.
ზოგი კი, პირიქით, მრავალგზის წარუმატებლობის მიუხედავად, მაინც რჩება ქართული პოლიტიკის არენაზე.
დღემდე შემორჩა პოლიტიკური ბრძოლის მატიანედ ქუჩები და შენობების კედლებიც – საქართველოში მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს საარჩევნო პლაკატებისგან საჯარო სივრცეების გასუფთავების პრაქტიკა. ამიტომ, ჩამოხეული საარჩევნო პლაკატები და ერთმანეთზე გადაწებებული პოლიტიკოსების სახეები ცალკე ქუჩის არტია, რომლის ფირზე აღბეჭდვა ძალიან უყვართ ფოტოგრაფებს.
“დე, ელვარებდეს ივერთა ცაზე”, ლობიოობა და კეთილდღეობა
ქართული წინასაარჩევნო პლაკატი, როგორც სააგიტაციო პროდუქტი 90-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ქვეყანას არც კარგი პოლიგრაფიის საშუალება ჰქონდა და არც კრეატივისთვის ეცალა ვინმეს.
დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური პლაკატის ისტორია იწყება “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” შავ-თეთრი პოსტერით. პოსტერზე პატარა გოგონაა გამოსახული, რომელსაც ხელში საქართველოს დროშა უჭირავს.
90-იანების პოსტერებზე ბევრი პათეტიკა გვხვდება – ეროვნული ლოზუნგები, ამონარიდები ქართული ნაწარმოებებიდან და პოეზია.
აი, მაგალითად, ერთი – „ხმა მიეცით რუსთაველის საზოგადოებას, თუ გსურთ, გათავისუფლდნენ მონები! ხმა მიეცით რუსთაველის საზოგადოებას, თუ გსურთ, სამუდამოდ დაემხოს ქაჯეთის ციხე! ხმა მიეცით რუსთაველის საზოგადოებას, თუ გსურთ, მიეცეს ნიჭსა გზა ფართო!..“
ან კიდევ ეს:
შემდეგ დადგა წლები, როდესაც საქართველოში პოეზიისთვისაც არავის ეცალა. შავსათვალიანი, შეიარაღებული ადამიანები საარჩევნო პოსტერებზეც გამოჩდნენ:
”მტერს კვლავაც შევახსენებ, დემოკრატია ლობიოობა არ არის” – ეს 1990 წელს საპარლამენტო არჩევნებში ნაძალადევის რაიონის #9 საარჩევნო ოლქის დეპუტატობის კანდიდატის ჯაბა იოსელიანის საარჩევნო პლაკატზე დაბეჭდილი ტექსტიდან მცირე ამონარიდია.
შევარდნაძის “მოქალაქეთა კავშირს” ჰქონდა მცდელობა მოწყენილი და ერთფეროვანი საარჩევნო არტის გამოეცოცხლებინა. ცნობილი მუსიკალური კლიპის “გიხაროდენ”-ის კვალდაკვალ, გაჩნდა პლაკატები მომღიმარი ქართული ოჯახებით, რომლებიც მოსახ მოძლეობას კეთილდღეობას ჰპირდებოდნენ.
“საქართველო შევარდნაძის გარეშე”, “ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება”
სლოგანი, რომელმაც თავის დროზე წარმატება მოუტანა თბილისის საკრებულოს 35 წლის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს ასე ჟღერდა – “საქართველო შევარდნაძის გარეშე”, „საქართველო კორუფციის გარეშე“.
ამ სიტყვებს საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მომდევნო პერიოდში გადავყავართ – მთავარი ლაიტ მოტივებით – “არ შეაჩერო შენება”, “საქართველოს გამთლიანება და აღმშენებლობა”, “საქართველო სიღარიბის გარეშე”, “გასაკეთებელი კიდევ ბევრია” და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ქართულ საარჩევნო არტში ბევრი წითელი ფერი, სხარტი და ადვილად დასამახსოვრებელი სლოგანები, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფებზე მორგებული დაპირებები და უფრო ხარისხიანი პოლიგრაფია შემოიტანა. თუმცა, გრაფიკული და შემოქმედებითი თვალსაზრისით, ქართულ საარჩევნო პლაკატს არც იმ პერიოდში შემატებია ბევრი რამ – პლაკატიდან, რომელსაც საარჩევნო ნომერი და სლოგანი ჰქონდა დატანილი, ტრადიციულად პოლიტიკოსი გვიღიმოდა.
საარჩევნო არტის თვალსაზრისით ბევრი არაფერი შეცვლილა არც “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ. მკვეთრი წითელი, კაშკაშა ლურჯმა შეცვალა. პოსტერები უფრო დიდი და მაღალი ხარისხის გახდა. სლოგანებს კი დაუბრუნდა ძველი ეროვნული სენტიმენტები – “ერთად ავიხდინოთ ქართული ოცნება”
დღეს საარჩევნო პლაკატებიდან პოლიტიკოსები ბევრად უფრო კონკრეტულ დაპირებებს გვაძლევენ. მათ ალღო აუღეს სიტუაციას და “საქართველოს გაბრწყინების” ნაცვლად, ამომრჩეველს მაღალ პენსიას, დაბალ გადასახადებს, სამუშაო ადგილებსა და ხარისხიან ჯანდაცვას პირდებიან. ლექსები და ურა-პატრიოტული ლოზუნგები სერიოზულმა სახეებმა და კონკრეტულ პრობლემებზე საუბარმა შეცვალა.
შეუძლია თუ არა პლაკატს შეცვალოს მსოფლიო?
ზოგადად, თანამედროვე ქართული საარჩევნო პლაკატი საკმაოდ მოსაწყენი არტია, ერთფეროვანი სცენარით – პოლიტიკოსები იღიმიან, ფონად კი ლოზუნგი და საარჩევნო ნომერია.
ქართული პარტიები არ მიმართავენ გრაფიკულ დიზაინს და ნაკლებად ფიქრობენ შთამბეჭდავ ვიზუალზე. ისინი ცდილობენ რაც შეიძლება მარტივები იყვნენ – იოლად გააგებინონ ამომრჩეველს სათქმელი, ზედმეტი სიმბოლოებისა და შემოქმედებითი მიდგომების გარეშე.
მსოფლიო ტრენდიც ასეთია – მოკლე, რამდენიმე სიტყვაში ჩატეული იდეა და სიმარტივე. თუმცა, რატომღაც დასავლეთში იგივე კონცეფციით შექმნილი ნამუშევრები ვიზუალურად გაცილებით საინტერესოა.
შეუძლია თუ არა პლაკატს შეცვალოს მსოფლიო? ალბათ, შეუძლია, თუ ეს პლაკატი შეპარდ ფეირის “Hope” ან სკოტ ჰენსენის „Progress“-ია.
შეპარდ ფეირის პლაკატმა თავის დროზე ბრწყინვალედ შეასრულა საზოგადოების დაკვეთა – ჯორჯ ბუშის რვაწლიანი მმართველობის შემდეგ ამერიკელებს ძალიან სჭირდებოდათ რაიმე დამაიმედებელი.
ის ძალიან მალე გახდა ვირუსული. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ პოსტერმა არაერთი ამომრჩეველი შთააგონა, ხმა ობამასთვის მიეცა.
ამ პოსტერმა ამერიკის საარჩევნო არტის ისტორიაც შეცვალა. ფეირის სტილი ბევრმა სამოქალაქო აქტივისტმაც გამოიყენა, იგივე ჟულიან ასანჟის მხარდასაჭერად. ასანჟის პლაკატზე, სიტყვა Hope (იმედი), შეცვალეს სიტყვით Hero (გმირი)0. ფაქტია, რომ მიუხედავად ინტერნეტის ეპოქისა და თანამედროვე ტექნოლოგიებისა, ბეჭდური პოსტერები კვლავ შთააგონებენ არტისტებს, შექმნან შედევრები და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ასე გაგრძელდება კიდევ დიდხანს, – კომპიუტერის მონიტორის აქციაზე წაღება ხომ რთული იქნება. ვიდრე ადამიანებს ექნებათ პოლიტიკური შეხედულებები, რომლებსაც ისინი დაიცავენ, ბეჭდური პოლიტიკური პლაკატები და მათი უნიკალური ფორმები პოლიტიკური აზრის გამოხატვის ფუნდამენტურ ინსტრუმენტად დარჩება.