საქართველოს პარლამენტის წევრები აშშ-ში ერიკა ოლსონს შეხვდნენ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ევროპის და ევრაზიულ საკითხებში, ერიკა ოლსონს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი.
როგორც საქართველოს პარლამენტში აცხადებენ, საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს, რომლის ფარგლებში მხარეებმა მშვიდობიანი კავკასიის ფორმატში საქართველოს სამშვიდობო ინიციატივა განიხილეს.
აღნიშნულ შეხვედრაზე, მოსკოვში 10 დეკემბერს დაგეგმილი 3+3 ფორმატის შესახებაც ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის წევრებმა ერიკა ოლსონს განუმარტეს საქართველოს პოზიცია, თუ რატომ არის საქართველო წინააღმდეგი და რატომ არ მონაწილეობს ამ ფორმატში.
ასევე, მხარეებმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან მიმართულება, მათ შორის, უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის საკითხები განიხილეს.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეგმების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
მხარეები შეეხნენ სასამართლო რეფორმასაც. ქართველმა დეპუტატებმა ღიად განაცხადეს, რომ ისინი მიესალმებიან სასამართლო რეფორმის შემდგომ განხორციელებას და მასში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შემდგომ რეფორმას სჭირდება ანალიზი იმისა, თუ რა გაკეთდა და რა საჭიროებები შეიძლება გამოიკვეთოს კიდევ, რათა მიღებული იქნას ახალი კანონმდებლობა და ის იყოს საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან შესაბამისობაში.
“ერიკა ოლსონთან ძალიან ხანგრძლივი, ნაყოფიერი და გულღია შეხვედრა გვქონდა. ჩვენ შევძელით ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი მოსაზრებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
● ჟენევის მოლაპარაკებები: რუსეთის დელეგაციამ შეხვედრა დატოვა
● გაიმართა აბაშიძე კარასინის ონლაინ შეხვედრა. საქართველო 3+3 ფორმატში მონაწილეობას არ განიხილავს
● საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე
9 დეკემბერს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ერიკა ოლსონმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა:
“ჩვენ გვაწუხებს ის, რომ მთავრობის მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ზოგიერთ ამ პროცესს. მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განახორციელებდა. ჩვენ ძალიან გვსურს ვიხილოთ ამ პირობების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები”.
ერიკა ოლსონს თბილისმა მერმა, კახა კალაძემ ასე უპასუხა: “ვინაა, ვისზეც საუბრობთ? რა თანამდებობა აქვს? თანაშემწის მოადგილე რა უბედურებაა? თანაშემწე და იმის მოადგილე კიდევ? არ ვიცოდი, ეგეთი თანამდებობა თუ იყო.”
მოგვიანებით კალაძის ამ განცხადებას ტვიტერზე გამოეხმაურა ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი.
“საგარეო პოლიტიკა შეურაცხყოფით. მგონი, კისინჯერსაც კი ვერ წარმოედგინა ეს”, – დაწერა ელჩმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, აშშ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და მათ აქვთ უფლება მსგავსი წუხილი გამოთქვან. როგორც კუჭავა აღნიშნავს, ოლსონის კრიტიკული განცხადება ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც მისივე თქმით, “ადრეც მოგვისმენია”.
“ერიკა ოლსონის განცხადებას თუ მოუსმენდით არა მხოლოდ ამ მონაკვეთში, ძალიან ბევრი პოზიტიური და მნიშვნელოვანი მესიჯი იქნა გაზიარებული ორ ქვეყანას ურთიერთობებს შორის. რა თქმა უნდა, იყო წუხილებიც, რომელიც კონკრეტულად ეხებოდა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ პოზიციებს, რომელიც ადრეც მოგვისმენია”, – ამბობს კუჭავა.