მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. რა თქვა ექსპრეზიდენტმა
დაკავებიდან ორი თვის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა. ხელისუფლება მას 7 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას და იმედის დარბევას ედავება.
დღევანდელ სასამართლო პროცესს, რომელზეც შესვენებაა გამოცხადებული, თავად სააკაშვილი აღარ დაესწრება. ამის შესახებ სხდომაზე შესვენების გამოცხადებამდე გახდა ცნობილი. თუმცა, მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სხდომა 17:00 საათამდე, შესვენების შემდეგ გაგრძელდება.
ექსპრეზიდენტმა ისაუბრა 7 ნოემბრის, გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე, ასევე, მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს და ბოდიში მოიხადა “ასეთი სასამართლოს” გამო.
● შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
7 ნოემბრის საქმე
უშუალოდ ბრალდებასთან დაკავშირებით სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანას ბადრი პატარკაციშვილის რუსული სცენარი აარიდა.
“საქართველო მიდიოდა ნატოსკენ. 2006 წელს პუტინმა მითხრა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პროცესი შეაჩეროს.
იმ წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მკითხა, ვინ არის არკადი პატარკაციშვილი, ჩემთან შეხვედრას ითხოვსო. მე ვუთხარი, როგორც გინდა, ქენი, მაგრამ არაფერი საქმიანი მაგ შეხვედრიდან არ გამოვა-მეთქი. არ მიიღო.
პატარკაციშვილი მაინც ჩავიდა მინსკში და შემდეგ მიიღო ლუკაშენკომ. მითხრა, რომ პუტინმა დაურეკა და უთხრა, რომ აუცილებელი იყო, პატარკაციშვილს შეხვედროდა”, – ამბობს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტმა დასძინა ისიც, რომ ეფ ეს ბე-ს 3 აგენტი შეხვდა პატარკაციშვილს და ამის შემდეგ პუტინმა გამოუცხადა ლუკაშენკოს – ეს არის საქართველოს შემდეგი პრეზიდენტიო. მისივე თქმით, ეს ხდებოდა 2007 წლის სექტემბერში.
სააკაშვილის თქმით, 2007 წლის ოქტომბერში, თბილისში გაიმართა “ისტორიული კონფერენცია”, სადაც ჩამოვიდა ნატოს გენერალური მდივანი, იაპ დე ჰოოფ სხეფერი და ასევე რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრი, აშშ-ის ელჩი ნატოში და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე. სააკაშვილის განმარტავს, რომ ამ კონფერენციაზე პრაქტიკულად გადაწყდა საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება და სწორედ ამის მერე, 2 ნოემბერს დაიწყო დიდი გამოსვლები თბილისში:
“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოვიდა, რუსეთის დაკრულზე ცეკვავდა ან იცოდა პატარკაციშვილის გეგმებზე იცოდა.
ეს იყო რთული პერიოდი იმ გაგებით, რომ ჩვენ ჩავატარეთ ძალიან მტკივნეული რეფორმები. პოლიციის რეფორმის ფარგლებში რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა უმუშევარი. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ გადაეწყო ახალ რელსებზე. ინფლაცია იყო მაღალი. ვიღაცას ჰქონდა მეტი შემოსავალი, ვიღაც გაღარიბდა. ამიტომ, ხალხს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ ჩვენზე გაბრაზებული.”
მისივე თქმით, მიტინგის დაშლა ხდება ძალიან ბევრ ქვეყანაში და “არავის აზრად არ მოსდის ამაზე საქმეების აღძვრა, გარდა განსაკუთრებული მანიაკებისა.” სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესს შს მინისტრი მართავდა და ის ტელევიზორით უყურებდა, შესაბამისად, არავისთვის დირექტივა არ მიუცია
“ამის შემდეგ მე გადავდექი, შევამცირე ჩემი საპრეზიდენტო ვადა წელიწადნახევრით და წავედი ახალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც გაჭირვებით, მაგრამ მოვიგე. ეს გავაკეთე, რათა მიმეღო ახალი მანდატი ქართველი ხალხისგან.
ეს გააკეთე იმისთვის, რომ ჩამეშალა რუსული გეგმები“, – განაცხადა საააკაშვილმა.
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
გირგვლიანის და გელაშვილის საქმეები
სააკაშვილის თქმით, არანაირი „გირგვლიანის საქმე“ არ არის და ასე პიარისთვის დაარქვეს, ხოლო ის ოფიცრები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, დაკავებულები იყვნენ, 2008 წლის ომის შემდეგ კი მოხდა 280 სამხედროს ამნისტია.
“ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, მოხდა საპატიმრო ვადის განახევრება. იქიდან გავიდა კიდე 6 თვე და მოსამართლემ, 2-მა სხვადასხვა მოსამართლემ, გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი ახლა მასამართლებს მე პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო?! ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული ?! მართლა ყველაფერს ხომ აქვს რაღაცა”, – ამბობს სააკაშვილი.
რაც შეეხება გელაშვილის საქმეს, მისი თქმით, ერთადერთი ჩვენება არის კლასიკური „hearsay” – ანუ „მე გავიგე, რომ იმან გაიგო“.
“აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება იყოს მიღებული როგორც მტკიცებულება და რა გასაკვირია, რომ ეს განაჩენები გამოიტანეს და ინტერპოლს გაუგზავნეს. ინტერპოლმა გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა”, – აცხადებს ექსპრეზიდენტი.
● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
არაადამიანური მოპყრობა ციხეში
ექსპრეზიდენტის თქმით, ის რუსთავის ციხიდან გლდანის დაწესებულებაში მოტყუებით გადაიყვანეს. თავიდან მას განუცხადეს, რომ ის მიჰყავდათ მრავალპროფილურ კლინიკაში, საბოლოოდ კი გლდანის ციხეში აღმოჩნდა, სადაც პატიმრებმა მანქანის კარის გაღებისთანავე ე.წ. შუმოკი მოუწყვეს, ხოლო სააკაშვილის პროტესტის შემდეგ, ბადრაგმა ის ძალის გამოყენებით გადმოიყვანა მანქანიდან და იატაკზე ათრია.
სააკაშვილმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გონების დაკარგვის ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმის, გულიკო ქილიფთარის ჩარევის გარეშე, ის დღეს ცოცხალი არ იქნებოდა.
“ბედმა გამიღიმა, რომ ადვოკატების თანდასწრებით დავკარგე გონება და ბედმა გამიღიმა, რომ იმ დილას, როდესაც შემომხედა იქაური კონცლაგერის მთავარმა ექიმმა, ჩათვალა, რომ უკვე ვკვდები, ეს იყო გამიზნული მოსაკლავი აქტი”, – თქვა სააკაშვილმა.
მისი თქმით, სამარცხვინო ფაქტი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა თაფლის ბოთლები დათვალა და მთავრობა თვალს ადევნება რას ყიდულობდა ის ციხის მაღაზიაში:
„კეთილი“ შემოთავაზება, რომ მე მაქვს თვითმკვლელობის უფლება, რომ შიმშილობის 41-ე დღეზე რატომ უნდა ვიცოცხლო. ასევე, ფსონების დადება სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ – 45 დღეს ვიცოცხლებდი თუ 49 დღეს.”
შეცდომები
“გვქონდა თუ არა ჩვენ შეცდომები? საკმარისზე მეტი! ბევრი ისეთი შეცდომა, რომელსაც ძალიან, ძალიან ვნანობ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე. მე ვარ მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი”, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეცდომა იყო ის, რომ მან ვერ უზრუნველყო სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომელიც საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად ახლა, როგორც სააკაშვილმა თქვა, პირადად მას ეხება:
“ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს შეეხო, ისევე, როგორც ყველა სხვა შეცდომა, რომელიც უნებურად თქვენ შეგეხოთ. ბოდიშს გიხდით კიდევ ერთხელ, მაგრამ შეცდომები და გადაცდომები ერთია და დანაშაული მეორე.”
მადლობა ნინო ლომჯარიას
“რომ არა ნინო ლომჯარიას გამბედაობა და მისი კონსილიუმის წევრების პრინციპულობა, მე დღეს ცოცხალი არ ვიდგებოდი თქვენ წინაშე. პრაქტიკულად, მან ცენტრ ემპათიასთან ერთად და რაც მთავარია, ქუჩაში გამოსულ უამრავ ადამიანთან ერთად, გადაარჩინა არა მხოლოდ ჩემი სიცოცხლე, არამედ ელენე ხოშტარიასი და უამრავი სხვა მოშიმშილის, რომლების დიდი მადლობელი ვარ.
ასევე, მადლობელი ვარ ნიკა მელიასი, რომელიც არ წამოეგო პროვოკაციას, რომელიც ეწყობოდა ჩემს გლდანში ყოფნასთან დაკავშირებით. “, – განაცხადა სააკაშვილმა.
● “სანამ სტრასბურგი სააკაშვილის საქმეს განიხილავს, ის უნდა გათავისუფლდეს” – ევროპარლამენტარების წერილი
“ქართველო ხალხო, არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა?”
“მე რამდენიმე დღე ვიარე თავისუფლად საქართველოში და მქონდა საშუალება ადამიანებთან ურთიერთობის, ტყვედ აყვანის წინ და მე ვნახე, რომ ხალხი არის ძალიან დაღვრემილი, ხალხი არის ძალიან მოღუშული, ხალხი პრაქტიკულად არ იღიმება, ხალხი არის ძალიან გაუბედურებული და მე მინდა, გითხრათ თქვენ, ჩემო საყვარელო ქართველო ხალხო, მინდა გკითხოთ – არ მოგენატრათ თქვენი ქვეყნით სიამაყის განცდა? არ მოგენატრათ განვითარების ტემპი და დრაივი?” – ასე მიმართა სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას.
მისი თქმით, საქართველო იყო პირველი ეკონომიკური რეფორმატორი და დღეს პირველია კოვიდით სიკვდილით:
“საქართველომ დაკარგა ბოლო ცხრა წელი, მთლიანად გადაყარა, იმიტომ, რომ 9 წელიწადში, ომის პირობებში, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ჩვენ გავიზარდეთ 4-ჯერ. ევროპული დოვლათი გაიზარდა 4-ჯერ, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ, ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ხოლო შემდეგ 9 წელიწადში, ხელფასები პრაქტიკულად შემცირდა, იმიტომ, რომ ვალუტის კურსი დავარდა და ეკონომიკა არ გაზრდილა არცერთი პროცენტით. ეს არის ტრაგედია, ამას როგორ უნდა ვუყუროთ ყველამ წყნარად და მივიღოთ როგორც მოცემულობა.”
აქცია და დაკავებები სასამართლოს ეზოში
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აქცია გასცდა მშვიდობიანი შეკრების კანონით დასაშვებ ნორმებს.
მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს ეზოსთან საპროტესტო აქციაზე სიტუაცია დაიძაბა, პოლიციამ აქციის მონაწილეების მისამართით სპეციალური წიწაკის სპრეი გამოიყენა.
დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე, რომლებმაც დასახმარებლად ადგილზე მყოფ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას მიმართეს. გარდა ამისა, დაპირისპირება მოხდა სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანსა და პოლიციას შორის. ასევე, დაკავებულია პოლიტიკოსი გიგი უგულავაც.