საქართველო: უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების თითქმის 38 პროცენტი უმუშევარია
PMC Research-ის ახალი, 2017 – 2020 წლების კვლევის მიხედვით, საქართველოში უმაღლესი განათლების მქონე ადამიანებში უმუშევრობა საკმაოდ მაღალია და ის 32-დან 38 პროცენტამდე მერყეობს.
ქვეყანაში უმუშევრობის დონე 2020 წლის ბოლოსთვის საერთო ჯამში 18.5 პროცენტს შეადგენდა. ასევე, NDI-ს ამავე წლის გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 46 პროცენტისთვის უმუშევრობა კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2017-2020 წლებში, ანუ იმ პერიოდში, როდესაც კვლევა ჩატარდა, უმაღლესი და პროფესიული განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში კლების ტენდენციით ხასიათდებოდა – 2017-2020 წლებში მათი წილი 6 და 4 პროცენტით შემცირდა, თუმცა გაიზარდა საშუალო და საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანების წილი უმუშევართა რაოდენობაში (შესაბამისად 9 და 1 პუნქტით).
უმუშევრობის ასეთ მაღალ დონეს მკვლევარები ორი ფაქტორით ხსნიან: საქართველოს შრომის ბაზარი ვერ ქმნის ისეთ სამუშაო ადგილებს, რომელიც მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას მოითხოვს და ასევე, განათლების დონე არ შეესაბამება შრომის ბაზრის მოთხოვნას იმ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც საჭიროებენ მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციას.
2020 წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და
საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად 20.2 და 18.5 პროცენტი. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5 პროცენტით.
მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 4.7 პროცენტი დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2 და 6.2 პროცენტი.
COVID-19 პანდემიის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა, სადაც უმუშევრობა 0.39 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
___________________________________________________________
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
_____________________________________________________________
საქსტატის ინფორმაციით, ისტორიული იყო ეკონომიკის ვარდნა გასულ წელს – 1994 წლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად სწორედ 2020 წელს, 6,1 პროცენტით შემცირდა.
ვარდნის მთავარი მიზეზი პანდემია და თვეების განმავლობაში გაგრძელებული ლოქდაუნია.
ასევე, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.