ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი რეკორდულად მაღალი - 214.5 ლარია
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ივნისის თვეში საარსებო მინიმუმი 8.9 ლარით გაიზარდა და 214.5 ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საარსებო მინიმუმის ზრდის მიზეზი გაზრდილი ინფლაციაა – ივნისში ინფლაციის მაჩვენებელი 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი – 9.9 პროცენტი იყო.
2021 წელს საარსებო მინიმუმი თვეების მიხედვით ასე გამოიყურება:
- იანვარი – 195.6 ლარი
- თებერვალი – 197.2 ლარი
- მარტი – 201.0 ლარი
- აპრილი – 202.8 ლარი
- მაისი – 205.6 ლარი
- ივნისი – 214.5 ლარი
___________________________________________________________
● საქართველოში ხელფასი 53 ლარით გაიზარდა
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
● “საქსტატის” მონაცემებით 2020 წელს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირდა
● აპრილის თვეში ჯანდაცვა 13.8 პროცენტით გაძვირდა
● საქსტატმა ახალი საარსებო მინიმუმი თვეში 178 ლარით და 10 თეთრით განსაზღვრა
_____________________________________________________________
როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი
დღეს არსებული საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ საკვების ღირებულების მიხედვით დგება, მისი გამოანგარიშება კი სპეციალური სასურსათო კალათით ხდება. აქედან გამომდინარე, საარსებო მინიმუმი მხოლოდ და მხოლოდ სურსათის ღირებულების გამომხატველი მაჩვენებელია.
შესაბამისად, საარსებო მინიმუმში არ შედის კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტის ღირებულება და სხვა მრავალი ხარჯი, რომლის გაწევაც მოქალაქეებს უწევთ.
მაგალითად, ზამთრის სეზონზე ცხოვრების საშუალო ხარჯი დაახლოებით 20%-ით ძვირია, ვიდრე ზაფხულში. თუმცა იმის გამო, რომ საარსებო მინიმუმი ამ ხარჯებს არ ითვალისწინებს, ზამთრისა და ზაფხულის საარსებო მინიმუმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა.
საარსებო მინიმუმის გამოიანგარიშება შემდეგი ყოველდღიური რაციონიდან ხდება:
- ხორბლის პური – 250 გრამი
- სიმინდის ფქვილი – 40 გრამი
- ლობიო – 20 გრამი
- ბრინჯი – 10 გრამი
- წიწიბურა – 10 გრამი
- ძროხის ხორცი – 40 გრამი
- მაკარონი – 15 გრამი
- ღორის ხორცი – 20 გრამი
- რძე – 150 მილილიტრი
- ხაჭო -15 გრამი
- ყველი – 20 გრამი
- ნადუღი – 5 გრამი
- ბადრიჯანი -10 გრამი
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის საშუალო სასურსათო ხარჯები მათ მთლიან ხარჯებთან მიმართებით 44%-ია. ანუ, მოსახლეობა შემოსავლის 44%-ს საკუთარ კვებაზე ხარჯავს, 56%-ს კი სხვა სერვისებზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, საარსებო მინიმუმის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს. რადგან, მათი განმარტებით, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.