გასეირნება ერევანში - რჩევები მათთვის, ვინც სომხეთის დედაქალაქში პირველად იმყოფება
თუკი აეროპორტის DutyFree ზონის მაღაზიებში ბროწეულისა და ყურძნის ფორმის მაგნიტებსა და მწვადის ან მიწის არომატით გაჯერებულ გამჭვირვალე ჭურჭელს ხედავთ, ე.ი. თქვენ ერევნის აეროპორტ „ზვარტნოცში“ იმყოფებით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სომხეთში.
თუკი უკვე ერევანში ხართ, ან სომხეთის დედაქალაქისკენ მოეშურებით და გუგლში საინტერესო ადგილებს ეძებთ, ეს სტატია დაგეხმარებათ.
შეგიძლიათ, ექსკურსია დედაქალაქის ცენტრალური პუნქტით, რესპუბლიკის მოედნით დაიწყოთ. აქ მოცეკვავე და მომღერალი შადრევნები, ქალაქის მთავარი კურანტები, ისტორიის მუზეუმი და ეროვნული გალერეა დაგხვდებათ.
კარგი იქნება, თუკი მოედნიდან აბოვიანის ქუჩაზე აუხვევთ. ამ შემთხვევაში თქვენ წინაშე ვარდისფერი ტუფით ნაგები ძველი შენობები აღიმართება. ეს ტუფი ერევანზე დაწერილი თითქმის ყველა სიმღერის ტექსტში ფიგურირებს. სამწუხაროდ, მათი ნაწილი აღარ არსებობს, მაგრამ აბოვიანის ქუჩა მაინც გადაგიყვანთ ძველ ერევანში.
• ფოტოისტორია: ერევანში ძველ, წყობიდან გამოსულ ავტობუსებს ახალი ფუნქციები შესძინეს
• სომხეთი. ხალხური ცეკვა ქუჩებს მოედო
• Street fashion. ის, რაც მოდურია, ყოველთვის ძვირი არ არის
ეს ქუჩა სუვენირების მაღაზიების სიმრავლით გამოირჩევა. შეგიძლიათ, „დალანში“ შეხვიდეთ და სომხეთის სიმბოლოების -ბროწეულის, ყურძნის, გარგრის ხაჩკარის [ერთგვარი ქვაჯვარი], დუდუკისა და ბიბილიური არარატის მთის – გამოსახულებებით დამშვენებული სუვენირები შეიძინოთ. „დალანის“ უკან ძველი, ნამდვილი ერევნული ეზო მოჩანს, სადაც ხის კიბეებსა და ვაზის ბუჩქებს შენიშნავთ. შეგიძლიათ, ამ ეზოში ივახშმოთ.
თითქმის ყველგან შეიძლება სომხური კერძების გასინჯვა. ერევანში უამრავი ადგილია, სადაც შეგიძლიათ, თავისებურად მომზადებული ტოლმა შეუკვეთოთ (ამ კერძს ვაზის ფოთლებითა და საქონლის ხორცით ამზადებენ). ამას გარდა, შეგიძლიათ, გასინჯოთ არისი (ქათმის ხორცითა და ფლავით დამზადებული ფაფა, რომელსაც ძალიან დიდხანს ხარშავენ), სპასი (საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის მარგებელი სუპი, რომელსაც მაწვნით ამზადებენ) და ტრადიციული მწვადი, რომელსაც არომატულ, ხრაშუნა ლავაშთან ერთად მოგართმევენ.
შეგიძლიათ, სეირნობა ჩრდილოეთის პროსპექტზე გააგრძელოთ, სადაც ახალი ერევანი გელოდებათ – მაღლივი შენობებით, თანამედროვე არქიტექტურით, დასავლური კაფეებითა და ბრენდული მაღაზიებით.
|
სეირნობისას ხშირად მიმოიხედეთ გარშემო. შესაძლოა, ქუჩაში ერევნის კოლორიტს, გორგოლაჭებიანი ციგურებით მგორავ ბაბუა ლევონს გადააწყდეთ. ახალგაზრდები და ტურისტები მასთან სელფებს იღებენ. მხოლოდ სახელით მიმართეთ – ლევონს არ მოსწონს ბაბუას რომ უწოდებენ.
ამის შემდეგ შეგიძლიათ ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრის მიმდებარე ტერიტორიას მიაშუროთ, სადაც ველოსიპედებს აქირავებენ. იქირავეთ ველოსიპედი და შენობას რამდენიმე წრე დაარტყით – მოედანზე, რომელსაც „თავისუფლების მოედანი“ ჰქვია. მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი აქ რომელიმე ოპოზიციური პარტიის მორიგი მიტინგი არ დაგხვდებათ.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აქ დილით მოხვალთ, შესაძლოა, ჭაღარა სამხედრო ფორმაში გამოწყობილ ჭაღარა მამაკაცს გადაეყაროთ. მოიცადეთ. ნუ იჩქარებთ. ამ კაცს სასუნი ჰქვია. იგი ომის ვეტერანია. დილაობით მტრედებს კვებავს ხოლმე. ბაბუა სასუნი აუცილებლად შემოგთავაზებთ, მასთან ერთად დააპუროთ მტრედები.
ოპერის თეატრის მახლობლად მდებარეობს ე.წ. „კასკადი“, სადაც ზაფხულში ქუჩის კონცერტები (მეტწილად ჯაზბენდების წარმოდგენები) იმართება. „კასკადი“ არამხოლოდ თანამედროვე კაფეებით, არამედ თანამედროვე სკულპტურის საინტერესო ნიმუშებითაცაა გარშემორტყმული.
აქ მდებარეობს გაფესჩიანის ეროვნული ცენტრი, სადაც მსოფლიო ხელოვნების შედევრებია გამოფენილი. ცენტრის წყალობით „კასკადის“ პარკში თანამედროვე სკულპტურებია განლაგებული (ფერნანდო ბოტეროს „რომაელი მეომარი“, ლინ ჩედვიკის „მსხდომარე ფიგურები“, ბარი ფლანაგანის „კურდღელი ზარზე“).
გარეგნულად „კასკადი“ მაღალ კიბეს ჰგავს, რომლის თითოეული საფეხურიც ერთგვარ ამფითეატრს მოგვაგონებს. აქედან ქალაქის მშვენიერი ხედი იშლება. შეგიძლიათ ღამის ერევნის ცქერით დატკბეთ და, ამავდროულად, აქვე მდებარე კაფეში სომხური ღვინო დალიოთ.
„კასკადზე“ მდებარე კაფეს გარდა, ღვინის მოყვარულებმა სარიანის ქუჩაზეც უნდა შეიარონ. აქაურ პატარა კაფეებში ღვინით გაგიმასპინძლდებიან.
|
შეგიძლიათ, ერევნის ალკოჰოლური სასმელების კომბინატ „არარატს“ ესტუმროთ და სომხური ღვინის დაწურვისა და დაყენების პროცესს დაესწროთ. ამას გარდა, პირდაპირ კასრიდან ჩამოსხმული სასმლის გასინჯვაც შეიძლება. დაწესებულების თანამშრომლები საინტერესო ექსკურსიას მოგიწყობენ, ღვინის წარმოშობის ისტორიას გიამბობენ და ამ სასმლის დამზადების დეტალებს გაგიზიარებენ. ამას გარდა, საშუალება გექნებათ, თქვენი ხელმოწერა დატოვოთ დიდ, ძველ კასრებზე. ამ სათავსოებზე იმ ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებსაც წააწყდებით, რომლებიც ამ კომბინატს სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ.
შეგიძლიათ, საღამო ერევნის რომელიმე პაბში, ან კლუბში გაატაროთ. ერევნელებს მოსწონთ მიწისქვეშა პაბები, სადაც ადამიანს შეუძლია ლუდი დალიოს, ცოცხალ მუსიკას (როგორც სომხურ, ისე უცხოურ კომპოზიციებს) მოუსმინოს და ადგილობრივი ახალგაზრდები და სხვა უცხოელი ტურისტები გაიცნოს. პარპეცის ქუჩასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე (მეტწილად მაღლივი კორპუსების სარდაფებში) უამრავი პაბია გახსნილი. შეგიძლიათ, თქვენი გემოვნების შესაფერისი აარჩიოთ.
|
გამგზავრების წინ სუჯუხის, ბასტურმისა და ლავაშის ყიდვა არ დაგავიწყდეთ – ეს პროდუქტები გზაში არ გაგიფუჭდებათ და, ამასთან, თავისუფლად თავსდება ჩემოდანში.