კინო და პოპკორნის სუნი მოგენატრათ? ფოტორეპორტაჟი კინოთეატრ "ამირანიდან", რომელიც ერთი წელია დაკეტილია
უკვე თითქმის ერთი წელია, კინოთეატრ „ამირანის” ფოიეში უჩვეულო გარემოა.
დაკეტილი დარბაზები, ცარიელი ბარი და სალარო; თვეობით გამოუყენებელ პოპკორნის აპარატებში ჩარჩენილი რამდენიმე მარცვალი ბატი-ბუტი.
კინოთეატრები საქართველოში პანდემიის გამო ერთ-ერთი პირველები დახურეს – 2020 წლის მარტში. მას შემდეგ ისინი არც გახსნილა.
“ამირანში” თანამშრომლები მხოლოდ იმისთვის თუ შემოივლიან, რომ ერთმანეთი ნახონ და უმოქმედოდ დარჩენილ ტექნიკას მოუარონ.
კინოთეატრის ფოიეში ისევ შემორჩა გასული წლის მარტში გაკრული პოსტერები – ბევრი ფილმის ჩვენება 2020 წლის მარტში, Covid-19-ის პანდემიის გამო „ამირანის“ დახურვასთან ერთად შეწყდა. ზოგი დაანონსებული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება ვერც კი მოესწრო.
____________________________________
34 წლის ქეთი კერესელიძე თერთმეტი წელია „ამირანში“ სალაროში და ბარში მუშაობს. ერთი წელია დროგამოშვებით დაკეტილ კინოთეატრში დადის, რომ თანამშრომლები ნახოს.
„ამირანი“ 2020 წლის 16 მარტს დაიხურა Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო.
კინოთეატრის თანამშრომლები მის გახსნას უკვე თითქმის ერთი წელია, ელოდებიან.
“კინოფესტივალებიც კი გვენატრება, საშინლად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი რომ გვქონდა,” – ამბობენ ისინი.
„კინოთეატრს დამწვარი პოპკორნის სუნი უნდა ჰქონდეს“, – ამბობს 36 წლის კინომექანიკოსი, გურამ ადანაია.
სწორედ ის ზის კინოთეატრში კინოპეოექტორის უკან, როდესაც მაყურებლები ფილმს უყურებენ. თუმცა, პანდემიის დროს მისი მთავარი მოვალეობა ექვს დღეში ერთხელ ამ პროექტორების ჩართვაა, რომ ტექნიკა უმოქმედობის გამო არ გაფუჭდეს.
კინოთეატრ „ამირანის“ ყველაზე ძველ საპროექციო ოთახში ჯერ კიდევ შემორჩენილია 20 წლის წინ გასული ფილმების პოსტერები და ფირები.
მუდამ ხალხმრავალი სალარო, გარდერობი და კაფე უკვე ერთი წელია, ცარიელია.
„ყველაზე მეტად ხალხი მენატრება, ურთიერთობები, გარემო“, – ამბობს 47 წლის ნინა კრეფსი, რომელიც აქ გახსნის დღიდან, 2002 წლიდან მუშაობს.
თავიდან ნინას ფოიეში პატარა მაღაზია ჰქონდა, მოგვიანებით კინოთეატრის ფინანსები გადაიბარა, დღეს კი „ამირანის“ დირექტორია.
„სახლსაც კი მირჩევნია აქაურობა“, – ამბობს ნანა.
„ამირანის“ თანამშრომლების უმეტესობა აქ უკვე 10 წელზე მეტია მუშაობს – პატარა ოჯახივით არიან. მაშინაც კი, როდესაც სამუშაო არ არის, დაცვის პატარა ოთახში, ელექტროღუმელს მიფიცხებულები სხედან და იმ დროს იხსენებენ, როდესაც გადატვირთული გრაფიკის გამო გვიანობამდე მუშაობა უხდებოდათ.
54 წლის მაია პარკაია „ამირანის“ დიასახლისია.
სანამ კინოთეატრი ფუნქციონირებდა, ის მთელ ტერიტორიას საგულდაგულოდ ალაგებდა ხოლმე. პანდემიის დროს სხვა სამსახური იპოვა, თუმცა ამბობს, რომ როგორც კი „ამირანი” გაიხსნება, ისევ აქ დაბრუნდება.
პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებამდე „ამირანში“ უტა ბერაიას ფილმი, „უარყოფითი რიცხვები“ უნდა გასულიყო, თუმცა 16 მარტს კინოთეატრი დაიხურა და პრემიერა ვერ შედგა.
დღეს “ამირანის” ეკრანებზე მხოლოდ ექვს დღეში ერთხელ ფილმების ტრეილერები გადის, ტექნიკა უმოქმედობის გამო რომ არ გაფუჭდეს.
“მოუთმენლად ველი იმ დღეს, როდესაც კინოთეატრი გაიხსნება. ძალიან ბედნიერი ვიქნები“, – გვეუბნება 36 წლის ნანა მეშველიანი.
ის „ამირანში“ 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად მოვიდა ჩვენი გადაღებისთვის. პანდემიის გამო სახლიდან თითქმის არ გადის.
კინოთეატრის თანამშრომლები ხანდახან საერთო სეანსებსაც აწყობენ.
აქ ჯერ კიდევ შემორჩა ძველი ფილმები, რომლების ყურებაც დაკეტილ დარბაზში შეუძლიათ.