ორგაზმი პატრიოტიზმს იწვევს. თუ პირიქით?
ამ “პოსტის” გამოქვეყნება ორი დღის წინაც შეიძლებოდა – მაშინ, როდესაც აზერბაიჯანელმა ანდროლოგმა, რაუფ რზაევმა მთელ მსოფლიოს აცნობა, რომ აღმოჩენილია ქალის ორგაზმის ახალი ჯადოსნური თავისებურებები – მაგრამ საურველი იყო, ეს ინფორმაცია უკეთ გადახარშულიყო.
მათთვის, ვინც ჯერ არ იცის: საუბარია ვებგვერდ oxu.az-ზე გამოქვეყნებულ სენსაციურ აღმოჩენაზე, რომელიც ასეთი ტექსტით გადმოიცა. “ანუ ნორმალური ქალს აქტიური სქესობრივი ცხოვრება უნდა ჰქონდეს და ორგაზმს უნდა აღწევდეს. ქალი, რომელიც ორგაზმს განიცდის, ძალიან გულკეთილი ხდება. ასეთ ქალს ქმარიც ეყვარება, და თავისი სამშობლოც”.
სოციალური ქსელების მომხმარებლები ამ თემაზე ხუმრობას შეეცადნენ, მაგრამ ძნელი იყო, ამისთვის რაიმე დაგემატებინა. ორიოდე სიტყვით იმსჯელეს ორგაზმის შესახებ ნეიტრალურ წყლებში, და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე და, როგორც იტყვიან, “დაიშალნენ”.
რომ დავფიქრდეთ, ეს ხომ არაჯანსაღი ტენდენციაა. არ გეჩვენებათ, რომ საშიშია სამშობლოს ასეთი ჩარევა სქესობრივ აქტში? მოქალაქეებს საბნის ქვეშ ჩუმად მოკალათებული პატრიოტიზმი! ეს ხომ უკვე გავიარეთ საბჭოთა კავშირში? და ამას კარგი არაფერი მოუტანია.
დაფიქრებულხართ ოდესმე, რა იწვევს სამშობლოს სიყვარულს? ჰკითხეთ პატრიოტებს და ისინი გიპასუხებენ: “როგორ არ გრცხვენია! სამშობლოს სიყვარული დედის რძესთან ერთად უნდა მიგეღო. ან მშობლებს უნდა გაეღვივებინათ შენთვის ეს გრძნობა”.
შეიძლება დაბადებიდან, ან ბავშვობიდან გიყვარდეს შენი სახლი, ოჯახი, ქუჩა, ან ზღვა, რომელიც ფანჯრიდან მოჩანს. მაგრამ რა არის სამშობლო? ქალაქი, გეოგრაფიული საზღვრები, გერბი, დროშა, ეროვნება, რელიგია, ენა, კულტურა, და ტრადიციები? რა გიყვართ ზემოაღნიშნულიდან, და რა – არა? რამდენად გულწრფელი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ გიყვართ?
და რა არის სიყვარული? ეროვნული ნაკრების დამარცხების დროს ტირილი? თუ სხვა ქვეყნების სიძულვილია სიყვარული? ან იქნებ დითირამბები გამოხატავს სიყვარულს?
როგორ გგონიათ, სახელმწიფოც უნდა გიყვარდეთ? გიყვართ გადასახადების სამინისტრო? საპრეზიდენტო აპარატი? სახელმწიფო რაიმეს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ ის გიყვარდეთ, თუ მისი სიყვარული თქვენი ვალდებულებაა და ის თქვენი მოვალე არ არის?
და ქვეყანა? ხალხი? უნდა იყოს თუ არა ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა კეთილი, პატიოსანი, სასიამოვნო და სტუმართმოყვარე იმის სიამაყით სათქმელად, რომ შენი ხალხი გიყვარს; თუ ხალხის მოვალეც ხართ? თუ ხალხიც მხოლოდ იმიტომ უნდა გიყვარდეს, რომ შენია?
ჩემი აზრით, პრობლემა ამ შეკითხვების პასუხებში არ არის. პრობლემები იწყება მაშინ, როდესაც პირველ რიგში – ხალხი კითხვებს არ სვამს, რადგანაც ზუსტად იცის, ვინ და რა უნდა უყვარდეს, და მეორეც – ზუსტად ისიც, შენ ვინ და როგორ უნდა გიყვარდეს. და ამ ყველაფერს შენ გიყვებიან.
როდესაც ასეთი ადამიანები მოდიან ხელისუფლებაში, ყველაზე საშინელი ანტიუტოპიების ახდენაც მაშინ იწყება.
ჯერჯერობით კი აზერბაიჯანელ პატრიოტებს არაპატრიოტებთან საკამათოდ ასეთი არგუმენტი შეაშველეს – რა, არ გიყვარს შენი სამშობლო? რამდენი ხანია, რაც სექსი არ გქონია?
გამოქვეყნდა 17.01.2017