რუსეთი: ვის ეშინია 5G-ს და რატომ
ვირუსების გავრცელება, ტვინის დასხივება და ტოტალური კონტროლი – სწორედ ამისთვის, მეხუთე თაობის საკომუნიკაციო ქსელების მოწინააღმდეგეების აზრით, ხელისუფლება იყენებს 5G-ს კავშირგაბმულობას. 5G-ს საშინელებათა შესახებ ვიდეორგოლებს YouTube–ზე მილიონობით ნახვა აქვს, ათიათასობით ადამიანი კი სოციალური მედიის იმ ჯგუფების წევრია, სადაც დასხივების შეწყვეტას მოითხოვენ. Coda Story გვიყვება, როგორ გახდა ბრძოლა 5G– ს წინააღმდეგ რუსეთში ასეთი მასობრივი.
მასალის სრული ვერსია Coda– ს ვებგვერდზე
ცუდი ანძები
“დავრბივარ, ზამთარში თხილამურებით დავდივარ, ყოველდღე ვვარჯიშობ და საერთოდ არ ვხდები ავად“, – ამბობს 50 წლის ალექსეი ფედიუნინი ნიჟნი ტაგილიდან. – და მე მაქვს საათი, რომელიც აჩვენებს ნაბიჯების რაოდენობას, გულისცემას და ა.შ. როდესაც საშუალო სიჩქარით დავრბივარ სწორ ადგილას, ჩემი გულისცემა დაახლოებით 140-ა. და უცებ – [ერთ ადგილზე] მკვეთრად მატულობს – 170 და რაღაც. აი რატომ? არანაირად არ ავჩქარებულვარ. გავიხედე და ეს ანძა დგას ”.
ფედიუნინი მატარებლის მემანქანეა. უცნაური ანძები ალექსეიმ გაზაფხულზე შენიშნა. YouTube-ზე ვიდეოების ყურებამ კი დაარწმუნა, რომ ანძები ადამიანებზე უარყოფითად მოქმედებს. ამავე დროს, მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ – ინტერნეტი უფრო სწრაფად არ მუშაობს.
• რუსულმა პროპაგანდისტულმა დესანტმა ბელარუსი დაიპყრო
• როგორ გავუმკლავდეთ ყალბ ამბებს, ანუ რატომ გვჭირდება ფაქტჩეკინგი
• რატომ არ ენდობა მსოფლიო ჩინურ კომპანია Huawei-ს
მსგავს სიმპტომებს – თავის ტკივილი, გულისცემის გახშირება, არტერიული წნევა, სისუსტე – 5G- ის ბევრი ოპონენტი უჩივის და ისინი მტკიცედ არიან დარწმუნებულნი, რომ ახალი ტექნოლოგიები მათ კარგს არაფერს მოუტანს.
მთელი გაზაფხული მოსკოველმა ნატალია ჩერნიხოვსკაიამ YouTube- ზე ვიდეოების ყურებაში გაატარა, რომლებშიც ინგლისურენოვანი ბლოგერები ჰყვებოდნენ, რომ კორონავირუსის პანდემია არ არსებობს და ქალაქების დახურვა საეჭვოდ ემთხვევა იქ 5G ანძების დადგმას. YouTube- ზე შეგიძლიათ ნახოთ ათობით მსგავსი ვიდეო რუსულ ენაზე, რომლებიც გადაღებულია ერთმანეთის მსგავსი სცენარის მიხედვით.
ჩერნიხოვსკაია განათლებით თარჯიმანია. ის და მისი პარტნიორები საზოგადოებრივი მოძრაობიდან “სსრკ-ს მოქალაქეები” (როგორც თავს უწოდებენ ადამიანები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლას და რუსეთის მთავრობის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ) ნიღბებს “ძაღლის ალიკაპებს” უწოდებენ და კორონავირუსის პანდემიის არ სჯერათ.
ერთ-ერთმა “მოქალაქემ” მას უთხრა, რომ თვითიზოლაცია ხალხის სახლში გამოკეტვისა და მოსკოვში ტესტურ რეჟიმში “რაღაც დასხივების” ჩასატარებლად არის მოფიქრებული. ის ამბობდა რომ თავის ტკივილს გრძნობდა და მის დღეში ბევრი ადამიანი იყო.
„გადავწყვიტე ჩემს გამომწერებს მოვუყვე ამის შესახებ და დიდი გამოხმაურებაც მივიღე, ხალხი ამბობდა რომ მათაც თავის ტკივილი აწუხებდათ – იხსენებს ნატალია – თავი მეც მტკიოდა, ტკივილი რაღაცნაირი ტალღებით მოდიოდა…”
ჩერნიხოვსკაია იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ყველაფერი ანძების ბრალი იყო: თავის ტკივილი მათთან მოახლოებისას იწყებოდა. ერთი ასეთი ანძა ნატალიამ საკუთარი კორპუსის ეზოში აღმოაჩინა.
გაბრაზებულმა ჩერნიხოვსკაიამ ჩაწერა ვიდეო, რომელშიც აუხსნა აუდიტორიას, რომ ექსპერიმენტისთვის ხელისუფლებამ მოსკოველების “შეწვა” გადაწყვიტა, და ურჩია დასხივების გამო საზედამხედველო ორგანოებში იჩივლონ. ვიდეომ 220 ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.
ჩერნიხოვსკაიამ მიიღო ასობით კომენტარი – უმეტესობა წერდა, რომ ისინი ასევე ეწინააღმდეგებიან 5G ანძების მონტაჟს, რომლებსაც ”ევროპაში წვავენ, ჩვენი ხალხი კი მხოლოდ ამაყობს იმით, რომ უფრო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ექნება”.
პანდემიის დროს ანძებთან ბრძოლა გამწვავდა და ინტერნეტს გასცდა. მაისის ბოლოს, დაღესტნის სოფელ ნოვი ჩირქეის მაცხოვრებლებმა ჩაწერეს ვიდეო, რომელშიც ახლომდებარე კოშკის დაწვით იმუქრებოდნენ. დონის როსტოვში მოსახლეობამ ალყა შემოარტყა ანძას, რომელიც მათი ნებართვის გარეშე დაიდგა და მისი ჩართვა არ დაუშვეს – კორონავირუსით ინფიცირების შიშით.
მოსკოვის პეროვოს რაიონში ადგილობრივი მოსახლეობა ხელმოწერებს აგროვებს ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის დემონტაჟის მოთხოვნით, რომელიც, მათი თქმით, დიდ ხმაურს გამოსცემს, ჰორიზონტს ეფარება და ცუდად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. სერპუხოვში მოსახლეობამ ჩამოაყალიბა საინიციატივო ჯგუფი, რომ სახლების მახლობლად ყველა ანძა აიღონ.
დასავლეთის გავლენა
ანძებთან ბრძოლის იდეა რუსეთში დასავლეთიდან შემოვიდა. ამ ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი ცნობილი ბრიტანელი კონსპიროლოგი დევიდ აიკია (კაცობრიობის მმართველ რეპტილოიდთა თეორიის შემქმნელი). იგი პანდემიის დროს თავის აუდიტორიას უხსნიდა, რომ კორონავირუსი ანძებით ვრცელდება და კარანტინი იმისთვის შემოიღეს, რომ ხალხი გაღარიბებულიყო და დამოკიდებული გამხდარიყო სახელმწიფოზე.
ჯერ კიდევ მაისში, YouTube- სა და Facebook- ის მენეჯმენტმა გადაწყვიტა ებრძოლოს განცხადებებს 5G ტექნოლოგიების კორონავირუსის პანდემიასთან კავშირის შესახებ და აიკის გვერდები დაბლოკა, მაგრამ მისმა ვიდეომ 30 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.
უფრო მეტიც, მისი იდეებით შთაგონებული ბრიტანელები საომარ გზას დაადგნენ: მხოლოდ სააღდგომო არდადეგების დროს, 22 ანძის დაწვა სცადეს.
აპრილში ბრიტანული რადიოსადგურის Uckfield FM ეთერში სტუმარმა, რომელიც მედდად წარადგინეს, განაცხადა, რომ 5G იწოვს ჰაერს ადამიანების ფილტვებიდან.
ხელისუფლებამ ამის გამო რადიოსადგურს გაფრთხილება მისცა, მაგრამ აუდიოჩანაწერი ინგლისურენოვან Facebook- ზე აქტიურად გავრცელდა.
რა არის 5G
”5G უბრალოდ ფიჭური კომუნიკაციის პროტოკოლის ახალი თაობაა, რომელიც, ძირითადად, სიჩქარის გარდა, არაფრით განსხვავდება წინა ოთხისგან”, – განმარტავს სტანისლავ შაკიროვი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”როსკომსვობოდა” –ს ტექნიკური დირექტორი.
”საიტები ყოველწლიურად მძიმდება, ვიდეოები სულ უფრო და უფრო მაღალი ხარისხის ხდება, ეს მოითხოვს უფრო სწრაფ კავშირს მოწყობილობებსა და საბაზო სადგურს შორის. 5G- ზე გადასვლა რუსეთისთვის აუცილებელი ამბავია. თუ ეს არ გაკეთდა, დანარჩენ მსოფლიოში ინტერნეტი უფრო სწრაფი იქნება, ვიდრე ჩვენთან.”
მოსკოვში მხოლოდ სამი 5G ანძაა – მოსკოვის მერიის ვებგვერდზე მითითებულია, რომ დედაქალაქში გაჩნდა სამი საპილოტე ზონა, რომელშიც ფიჭური ოპერატორები კომუნიკაციის ახალი სტანდარტის გამოცდას ახორციელებენ. ქალაქში 5G ქსელების კომერციული გაშვება დაგეგმილია 2022–2023 წლებში. მთელი რუსეთის ახალი თაობის ფიჭური კომუნიკაციებით დაფარვის საკითხი არც განიხილება: ამისათვის საჭირო სიხშირეებს სამხედროები და კოსმოსური სააგენტო იკავებენ.