სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა
სომხეთში, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და ამრიგად, მათი საერთო რაოდენობა უკვე 14-ს შეადგენს.
13 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და პაციენტთა საერთო რაოდენობამ 1 039-ს მიაღწია. მათგან 211 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 14 – გარდაიცვალა.
- ლოცვა – მხოლოდ მარტოობაში. აღდგომის წინა დღეს, სომხეთის სულიერ დედაქალაქ ეჩმიაძინში
- პანდემია: მასობრივი საფლავები აშშ-ში. ავსტრია, გერმანია, ჩეხეთი და დანია კარანტინს ასუსტებენ. ფოტო
ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ გარდაცვლილ 67 წლის პაციენტს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა და ქრონიკული დაავადება – შაქრიანი დიაბეტი აწუხებდა.
ჯერ კიდევ გასულ კვირას, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცრებულებთან, დაახლოებით, 3 000 მედიკოსი მუშაობს. 300 მათგანი – იზოლაციის ადგილებში, 1 700 – სამედიცინო ცენტრებში, 1 000 კი – ჩაბმულია ეპიდემიოლოგიურ ღონისძიებებში.
„ისინი უკვე თვეზე მეტია, რაღაც სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, რათა დაავადებამ მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობა არ მოიცვას. მათ, ფაქტობრივად, არ სძინავთ, ნორმალურად ვერ იკვებებიან და ვერ ნახულობენ ახლობლებს. თუმცა, ისინი უძლურები იქნებიან, თუკი ჩვენ, ყველა, თითოეული ჩვენგანი არ გაიღებს ძალისხმევას ამ საქმეში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს ევალება ამ დაავადების გავრცელების პრევენცია“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე არსენ ტოროსიანმა.
ამასთან დაკავშირებით, უკვე 11 აპრილს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის კიდევ ერთი თვით გაგრძელების გადაწყვეტილების მომზადება დაავალა. 13 აპრილს, მთავრობამ ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
სომხეთში, საგანგებო მდგომარეობა, თავდაპირველად 16 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა. 25 მარტიდან ასევე მოქმედებს გადაადგილების მკაცრი შეზღუდვა. ადამიანებს სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“ შეუძლიათ. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს. ახლა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, 14 მაისამდე გაგრძელდა.
ამასთან, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 13 აპრილიდან შეზღუდვები მოხსნას გარკვეული სახეობის ბიზნესზე, კერძოდ, თამბაქოს, ცემენტის, თაბაშირისა და სამშენებლო მასალების წარმოებაზე. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა, ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ეკონომიკა საბოლოოდ არ ჩამოიშალოს. ამასთან, ეს გაზრდის მომუშავეთა და შესაბამისად იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ხელფასს იღებენ.
სულ რაღაც ერთი დღით, ადამიანებს გადაადგილების უფლება მიეცემათ. ვიცე-პრემიერის, ამავდროულად, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კომენდანტად დანიშნული ტიგრან ავინიანის ცნობით: „მხოლოდ 14 აპრილს, 00:01 საათიდან 23:59 საათამდე, ადამიანებს უფლება ექნებათ, თვითიზოლაციის მიზნით, გადავიდნენ მათ მუდმივ საცხოვრებელ ადგილებზე ან ნებისმიერ სხვა ადგილას“.