„ისე უხეშად მიპასუხეს, თითქოს ვალად ვთხოვდი“, - როგორ აისახა პანდემია აზერბაიჯანელ მოვაჭრეებზე
დამსაქმებლები მათ უხელფასო შვებულებაში გაშვებას უპირებდნენ, თუმცა ეს კანონს ეწინააღმდეგება
აზერბაიჯანში საკარანტინო რეჟიმის გამო, კომერციული ობიექტების უმრავლესობა – კაფეები, რესტორნები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები დაიკეტა. მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროში მომუშავე ათობით ათასი ადამიანი გაურკვეველი ვადით იძულებით შვებულებაში და ბუნდოვანი პერსპექტივის წინაშე აღმოჩნდა.
ოფიციალური მონაცემებით, 8 აპრილისთვის აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების 717 შემთხვევაა დაფიქსირებული. 8 ადამიანი გარდაიცვალა, 44 გამოჯანმრთელდა.
„ყველაფერი 12-13 მარტს დაიწყო, როდესაც მაღაზიები ჯერ კიდევ მუშაობდა. ჩვეულებრივ, თვის შუა რიცხვებში ავანსზე მოთხოვნას ვაგზავნით ხოლმე, და მარტში ეს მოთხოვნა არ დაგვიმტკიცეს. ხოლო, როდესაც მიზეზის გასარკვევად სათავო ოფისში დავრეკე, ისე უხეშად მიპასუხეს, თითქოს ვალად ვითხოვდი და არა საკუთარ გამომუშავებულ ფულს.
ორიოდე დღეში რამდენიმე გამყიდველი უხელფასო შვებულებაში გაუშვეს, რადგან მყიდველები შემცირდა. 18 მარტს კი უკვე ყველა გამოიძახეს და გვითხრეს, რომ განცხადებები დაგვეწერა და ერთი თვით უხელფასო შვებულებაში გავსულიყავით. ფულზე საერთოდ არაფერს ამბობდნენ – არც ავანსზე და არც უკვე გამომუშავებულ ფულზე.
ყველა ჩვენგანისთვის ცხადი იყო, რომ ეს უკანონობაა, მაგრამ უარი არ გვითქვამს. როგორც ამბობენ, HR სამსახურიდან გაშვების მიზეზს მუდამ მოგიძებნის, სამსახურის დაკარგვა კი არავის უნდა.
მე პენსიონერ დედასთან ერთად ვცხოვრობ, უამრავი სესხი მაქვს – ანუ, გულწრფელად რომ გითხრათ, უფულოდ დარჩენის პერსპექტივამ ძალიან დამძაბა. სხვათა შორის, სესხები ჯერ არც ერთ ბანკს არ გაუყინავს – ეს მხოლოდ ელექტრონიკის რამდენიმე მაღაზიამ გააკეთა.
ერთი სიტყვით, 24 მარტს ისევ ოფისში გამოგვიძახეს და ნამუშევარი 14 დღის თანხა გადაგვიხადეს (თუმცა, 18 დღეც გვქონდა ნამუშევარი).
2 აპრილს ბარათებზე მარტის ხელფასის ნარჩენი დაგვიჯდა, მაგრამ ეს ისე წარმოგვიდგინეს, როგორც – აპრილის ავანსი.
მთლიანობაში ვერავინ ვერაფერი გაიგო და არც არავინ განმარტავს არაფერს.
საქმე კიდევ ისაა, რომ მაღაზიების თანამშრომლებს, ხელფასის გარდა, გაყიდვებიდან მიღებული პროცენტების იმედიც აქვთ. ეს პროცენტები – ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ახლა კი აღარ გვაქვს. და ყველა ვღელავთ, თუ რა იქნება აპრილის ბოლოს. თითქოს სახელმწიფომ დამსაქმებლები დაავალდებულა, რომ ამ პერიოდში ხელფასი გადაიხადონ. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, თუკი ამ ყველაფერს საგადასახადო თვალ-ყურს არ მიადევნებს, არაფერს მოგვცემენ.“
ამავდროულად ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ სახელმწიფო უკვე მზადაა, მომუშავეებს ხელფასები საკუთარი ხარჯით გადაუხადოს. ამისთვის, იმ დამსაქმებელმა, რომლის ბიზნესიც შექმნილ მდგომარეობაში დაზარალდა, განაცხადი უნდა შეიტანოს და მათ საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება თანამშრომლებისთვის გადასახდელი ხელფასის ნაწილი, – განმარტავს Contact. გადახდის დაწყებას უკვე ამ კვირას ჰპირდებიან.
აზერბაიჯანში შემოღებულია გაძლიერებული საკარანტინო რეჟიმი.
დაკეტილია მეტრო, პარკები, სკვერები, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების უმრავლესობის საქმიანობა შეჩერებულია.
დაწესებულია მგზავრების გადაადგილების შეზღუდვა – ქუჩაში გასასვლელად, გარკვეული სფეროების მუშაკების გარდა, ყველამ სპეციალური SMS უნდა გააგზავნოს და ხელისუფლებისგან ნებართვა მიიღოს.
საკარანტინო რეჟიმის დამრღვევებს აჯარიმებენ.
თუმცა, ქვეყანაში აქამდე ოფიციალურად არ არის შემოღებული საგანგებო მდგომარეობა, რაც არსობრივად, ყველა ამ ზომას უკანონოდ აქცევს.
ხელისუფლება $112-ის ოდენობის კომპენსაციის გადახდას ჰპირდება მათ, ვინც მომხდარის გამო უმუშევრად დარჩა.