მოქალაქეთა ნაწილს კომუნალურ გადასახადებს 3 თვით სახელმწიფო დაუფინანსებს
ყველას, ვინც 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს მოიხმარს, კომუნალური გადასახადებს 3 თვის განმავლობაში, მარტიდან – მაისის ჩათვლით, სახელმწიფო დაუფინანსებს. სახელმწიფო გადაიხდის წყლის და დასუფთავების გადასახადსაც.
1 აპრილის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 115 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5106 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 294 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 22 გამოჯანმრთელდა.
უფრო მარტივად რომ ავხსნათ, თბილისში ( თბილისში და რეგიონებში გაზის და დენის ღირებულება განსხვავებულია ), მთავრობა დენის გადასახადს დაუფარავს იმ ოჯახებს, რომელთა ელექტროენერგიის თვიური ხარჯი 35 ლარს არ აღემატება, რეგიონებში კი – 33 ლარს.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, დედაქალაქში დახმარებას მიიღებენ ისინი, ვინც თვეში მაქსიმუმ 92 ლარს იხდის, რეგიონებში კი – 82 ლარს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ელექტროენერგიის გადასახადი 1 200 000 ოჯახს, ბუნებრივი აირის კი – 671 000 ოჯახს დაუფინანსდება.
პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება დაეხმარება იმ ადამიანებსაც, რომლებმაც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო სამსახური დაკარგეს:
„ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“ – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა. კორონავირუსის შიდაგავრცელების მაღალი რისკის გამო 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს.