ასლან ბჟანია ისევ მოწამლეს? აფხაზური ოპოზიციის ლიდერი საავადმყოფოშია
აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, ასლან ბჟანია მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ჯერჯერობით უცნობია, ეს ძველი ინტოქსიკაციის რეციდივია თუ ახალი მოწამვლა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი შეუძლოდ ორშაბათს დილით გახდა, როდესაც ის მოსკოვიდან სახლში ბრუნდებოდა, კრასნაია პოლიანაზე ერთდღიანი გაჩერების შემდეგ.
ის სოჩის საქალაქო საავადმყოფოში მოათავსეს.
გასული კვირის ბოლოს, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც აფხაზურ დიასპორას შეხვდა და ასევე, პრესკონფერენცია გამართა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსში“.
• აფხაზეთში საპრეზიდენტო რბოლის ლიდერები გაერთიანდნენ
• კორონავირუსისგან თავის დასაცავად, აფხაზეთი რუსების გარდა ყველასთვის ჩაიკეტა
2019 წლის აპრილის შუაში, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი აფხაზური ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოათავსეს, მოგვიანებით კი ბერლინში გადაიყვანეს.
გერმანიაში ჩატარებული ანალიზების თანახმად, ეს მოწამვლა იყო. ოპოზიციონერის სისხლში მძიმე მეტალების მაღალი კონცენტრაცია აღმოაჩინეს.
მაშინ აფხაზეთში ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ მოულოდნელი დაავადება პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებთან იყო დაკავშირებული, რომელიც 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში ბჟანია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მონაწილეობდა, მაგრამ ის კენჭისყრას აპირებდა ახალ არჩევნებში, რომელიც 2020 წლის მარტის ბოლოს უნდა ჩატარდეს. მასში ასევე მონაწილეობს აფხაზეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი, ადგურ არძინბა და შინაგან საქმეთა ექს-მინისტრი, ლეონიდ ძიაპშიპა.
თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ 22 მარტს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, ჩაშლის პირას აღმოჩნდეს.