შეწყალების შედეგად, საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა შვიდმა პირმა საპატიმრო დატოვა. რა ვიცით მათზე
ყაველაშვილმა შვიდი სინდისის პატიმარი შეიწყალა
2024 წლის საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა შვიდმა პირმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. ისინი იმ 232 ადამიანს შორის არიან, რომლებიც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა.
საპატიმრო დატოვეს: გიორგი ოკმელაშვილმა, ირაკლი მეთვინეთუხუცესმა, გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა.
მათი შეწყალების შესახებ ინფორმაცია 22 ნოემბერს, კვირას, გვიან ღამით გავრცელდა. ზუსტი სია ცნობილი არ იყო. სახელდებოდა რამდენიმე სახელი და გვარი.
არც ის იყო ზუსტად ცნობილი, როდის გამოუშვებდნენ შეწყალებულებს. მათი გათავისუფლების მოლოდინში, ზოგიერთის ოჯახის წევრმა და ახლობელმა მთელი ღამე საპატიმროებთან გაატარა. გათავისუფლებულებმა ციხეები დილით დატოვეს, დაახლოებით, 11:00 საათის შემდეგ. მათი გამოსვლის კადრები ძალიან ემოციური სანახავია.
- Freedom House: აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე უნდა იყოს დამოკიდებული
- რა მოხდა საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში, 28 ნოემბრიდან. ბევრი ფაქტი და რიცხვი
ამ პატიმრებს საზოგადოება სინდისის პატიმრების სახელით მოიხსენიებს. ბოლო ორ წელიწადში, მას შემდეგ, რაც საქართველოში საპროტესტო განწყობებია, ასზე მეტი ადამიანი დააკავეს სისხლის სამართლის წესით. თითქმის ყველას, სამი ადამიანის გარდა, პატიმრობა მიუსაჯეს.
არასამათავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში გაანალიზებულია დაკავებულებს სისხლის სამართლის საქმეები და არაერთ დარღვევასა და შეუსაბამობაზეა საუბარი.
სასამართლო პროცესებზე არცერთ დაკავებულს არ უღიარებია ბრალი.
ვინ არიან გათავისუფლებული და რას ედავებოდნენ მათ
შვიდიდან ორი – ირაკლი მეღვინეთუხუცესი და გიორგი ოკმელაშვილი, 2024 წლის მაისში, ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციების მიმდინარეობისას დააკავეს.
დანარჩენი ხუთი კი ნოემბერ-დეკემბერში, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გაჩერების შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ დაწყებულ პროევროპულ საპროტესტო აქციებზე.
გიორგი ოკმელაშვილი – 922 დღე ციხეში

გიორგი ოკმელაშვილი მარკეტინგის სფეროში მომუშავე რეჟისორი და პროდიუსერია, სარეკლამო და ვიდეოპროდუქციის კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი.
იგი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს სამსახურისკენ მიმავალ გზაზე. მაისის იმ დღეებში, საქართველოს პარლამენტთან, აგენტების შესახებ რუსული კანონის საპროტესტო აქციები იმართებოდა.
მისი დაკავების მიზეზი 13 მაისს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მომხდარი ინციდენტი გახდა. მეორე დღეს იურიდიულ კომიტეტს, მესამე მოსმენით უნდა ეყარა კენჭი აგენტების შესახებ რუსული კანონისთვის. ამიტომ, ღამე აქციის მონაწილეები პარლამენტთან დარჩნენ, ლოზუნგით – „გავათენოთ საქართველოსთვის“.
პროკურატურის ვერსიით, აქციის მიმდინარეობისას ოკმელაშვილმა პოლიციელს სახეში იდაყვი ჩაარტყა. დაკავების შემდეგ შსს-მ ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა, რომლითაც ბრალდების დასაბუთებას ცდილობდა. ოკმელაშვილი და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ეს თავდაცვითი ინსტიქტი იყო. იმ მომენტში სპეცრაზმი აქციის მონაწილეების შევიწროებას ცდილობდა.
2025 წლის 3 თებერვალს გიორგი ოკმელაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
„როკ-ენ-როლი გრძელდება, უხერხული იყო, სხვა ვერაფერს გეტყვით. 414-ს მოკითხვა. ალბათ, როგორც ვიყავი, ისევ ისე. არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ბევრი წიგნი წავიკითხე და ბევრი ვიფიქრე“, – თქვა ოკმელაშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ.
სახლში მას ახალგაზრდა ცოლი, პირველკლასელი შვილი და მშობლები ელოდებოდნენ.
🟥 გიორგი ოკმელაშვილი საპატიმროში 922 დღე გაატარა – 2024 წლის 15 მაისიდან 2026 წლის 23 ნოემბრამდე. 2 წელი, 6 თვე და 8 დღე.
ირაკლი მეღვინეთუხუცესი – 928 დღე ციხეში
ირაკლი მეღვინეთუხუცესიც გაზაფხულზე, აგენტების კანონის აქციების დროს დაკავებული პატიმარია. ის 2024 წლის 9 მაისს დააკავეს.
მეღვინეთუხუცესის შესახებ საჯარო წყაროებში ბიოგრაფიული ინფორმაცია მწირია. მისი ოჯახი მედიასთან ნაკლებად თანამშრომლობდა. ვიცით, რომ დაკავებისას 21 წელს გადაცილებული იყო.
ირაკლი მეღვინეთუხუცესს ორი ბრალდება წარეუდგინეს: პოლიციელზე თავდასხმა და მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვა. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ აქციის დროს მეღვინეთუხუცესი დანით დაემუქრა პოლიციელებს. ბრალდების ვერსიით, დანის წართმევისას პოლიციის თანამშრომელმა დაზიანება მიიღო.
დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ მეღვინეთუხუცესს პოლიციელის დაზიანების განზრახვა არ ჰქონია. დანა მხოლოდ სადემონსტრაციოდ ჰქონდა აწეული.
2024 წლის 30 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მეღვინთუხუცესი ორივე ბრალდებასი დამნაშავესდ ცნო. მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
🟥 ირაკლი მეღვინეთუხუცესმა 928 დღე გაატარა ციხეში. 2 წელი, 6 თვე და 14 დღე
გიორგი მინდაძე – 722 დღე ციხეში

გიორგი მინდაძე 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული აქციების დროს დაკავებული სტუდენტია. დაკავებისას 21 წლის იყო. სამედიცინო უნივერსიტეტში, მესამე კურსზე სწავლობდა.
2024 წლის 1 დეკემბრის საღამოს, გიორგი მინდაძეს პოლიციამ წილკანში ნათესავის სახლში სტუმრად მისულს მიაკითხა და წაიყვანა. ადგილზე არაფერი განუმარტეს.
შემდეგ გაირკვა, რომ გამოძიება მას 29 ნოემბრის აქციაზე ფოიერვერკის სროლას ედავებოდა. საქმე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით აღიძრა. ბრალდების ვერსიით, მის მიერ ნასროლი ფოიერვერკი ერთ-ერთ პოლიციელს მოხვდა და ფეხი დაუზიანა.
ადვოკატი მიუთითებდა, რომ საქმეში არ იყო პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კონკრეტული პოლიციელი სწორედ მინდაძის ნასროლი პიროტექნიკით დაშავდა. საქმეში წარმოდგენილი იყო 29 ნოემბრის ფოტო, რომელზეც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს, და პოლიციელის ჩვენება.
2025 წლის 3 ივლისს სასამართლომ გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
გიორგის დედა არ ჰყავს. მისი გარდაცვალებისას გიორგი მცირეწლოვანი იყო. ის მეზობელმა, ნანი წულაიამ იშვილა და შვილივით გაზარდა. დაკავებისას ნანიც გიორგისთან ერთად იყო, შვილი ისე წაიყვანა პოლიციამ, რომ არ უთქვამთ, სად გადაჰყავდათ.
დედამ პოლიციის რამდენიმე განყოფილება მოიარა, რომ გაერკვია, სად ჰყავდათ მისი შვილობილი.
ნანი წულაია საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სახეა. გიორგის დაკავების შემდეგ ის უწყვეტად დგას ქუჩის აქციებზე. სხვა მშობლებთან ერთად მთელი საქართველო შემოიარა, რომ პატმრების ნამდვილი ამბავი ყველასთან მიეტანა.
„სახლში მინდა ძალიან… თავისუფლება ყველას!“ – ეს იყო გიორგის პირველი კომენტარი საპატიმროს დატოვების შემდეგ.
🟥 გიორგი მინდაძემ საპატიმროში 722 დღე გაატარა – 2024 წლის 1 დეკემბრიდან 2026 წლის 23 ნოემბრამდე – 1 წელი, 11 თვე და 22 დღე.
ანრი (ანზორ) კვარაცხელია – 718 დღე ციხეში

ანრი (ანზორ) კვარაცხელიაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის პროევროპული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილეა. მასაც პოლიციელზე თავდასხმა ედებოდა ბრალად.
ანრი 2024 წლის 5 დეკემბერს საკუთარ სახლში დააკავეს. მაშინ 25 წლის იყო. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ კვარაცხელიამ 1 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, სპეცრაზმის მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა.
კვარაცხელიას ადვოკატები ხაზს უსვამდნენ, რომ აღნიშნული ინციდენტის შედეგად არცერთი სამართალდამცავი არ დაშავებულა, საქმეს არ ჰყავდა ფიზიკურად დაზარალებული პირი და ბოთლი პოლიციის კორდონს არ მოხვედრია.
2025 წლის 18 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და ოთხი წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.
ანრი აფხაზეთიდან დევნილ ოჯახში დაიბადა 1999 წლის 20 იანვარს. მისი დედა ემიგრანტია.
„ბიჭებს მოვიკითხავ, ყველას ვადაზე ადრე გათავისუფლებას ვუსურვებ. მაგარი ბიჭები არიან და თავიანთი საქმის თვითონ იციან!“, – თქვა მან გარეთ გამოსვლისას.
🟥 ანრი კვარაცხელიამ, 2024 წლის 5 დეკემბრიდან 2026 წლის 23 ნოემბრამდე, 718 დღე გაატარა ციხეში.- 1 წელი, 11 თვე და 18 დღე.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი – 723 დღე ციხეში

ნიკოლოზ ჯავახიშვილი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. ისიც შემოდგომის აქციების მონაწილეა. დაკავებისას 20 წლის იყო. დაკავებამდე, დიჯეი იყო.
ნიკოლოზ ჯავახიშვილს, აქციებზე დაკავებულ სხვა შვიდ ადამიანთან ერთად, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებოდნენ. ეს საქმე “რვიანის” საქმის სახელითაა ცნობილი მედიაში.
ჯავახიშვილს აქციაზე პოლიციის მიმართულებით პიროტექნიკის სროლას ედავებოდნენ. პროკურატურის მტკიცებულებებს შორის იყო ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ჩანს ახალგაზრდა, რომელსაც მხრებზე საქართველოს დროშა აქვს შემოხვეული და ყავისფერი პლედი აფარია. ვიდეოში ის პიროტექნიკას ისვრის. გამოძიება ამტკიცებდა, რომ ჩანაწერში სწორედ ჯავახიშვილი იყო ასახული.
დაცვის მხარე ამ იდენტიფიცირებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა. ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ ვიდეოში პირის ამოცნობა შეუძლებელი იყო. დაცვის მხარე ასევე ამტკიცებდა, რომ აქციაზე არ არსებობდა არავითარი ორგანიზებული ჯგუფი და წინასწარი შეთანხმება
2025 წლის 2 სექტემბერს სასამართლომ ნიკოლოზ ჯავახიშვილს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილი პატიმრობაში 2024 წლის 30 ნოემბრიდან იყო. მისთვის მისჯილი ორწლიანი სასჯელის ვადა 2026 წლის 4 დეკემბერს უნდა ამოწურულიყო. შეწყალებით ჯავახიშვილმა საპატიმრო სასჯელის დასრულებამდე 11 დღით ადრე დატოვა.
„ახლა ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ. ციხეში არავინ ვართ საჭირო. ვეტყოდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ახალგაზრდები ვჭირდებით“, – ეს იყო მისი პირბელი კომენტარი.
🟥 ნიკოლოზ ჯავახიშვილმა 723 დღე გაატარა საპატიმროში – 1 წელი, 11 თვე და 23 დღე.
დავით ლომიძე – 722 დღე ციხეში

დავით ლომიძე 53 წლის იყო, როდესაც 2024 წლის 1 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.
თავდაპირველად იგი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. თუმცა, გათავისუფლებისას უკან ციხეში შეაბრუნეს და საქმე სისხლის სამართლის მუხლით აღძრეს.
პროკურატურის ვერსიით, 1 დეკემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, ლომიძემ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის სპეციალური ავტომობილის მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. გამოძიება ამბობდა, რომ შედეგად წყლის ჭავლის მანქანას ცეცხლი მოედო.
ლომიძის ადვოკატის განცხადებით, საქმეში ორი ვიდეოჩანაწერი და პოლიციელის პატაკი იყო წარმოდგენილი. ვიდეოებში არ ჩანდა, ვინ ისროდა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილს“, ლომიძის იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
ასევე, ლომიძე დაკავებისას თავად გახდა სპეცრაზმელების მხრიდან სასტიკი ცემისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი.
2025 წლის 8 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით ლომიძე პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო. მას ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
🟥 დავით ლომიძემ 722 დღე გაატარა ციხეში – 1 წელი, 11 თვე და 22 დღე.
თემურ ზასოხაშვილი – 722 დღე ციხეში
თემურ ზასოხაშვილი დავით ლომიძესთან ერთად დააკავეს 2024 წლის 1 დეკემბერს. მათ საქმეს სასამართლო ერთად განიხილავდა.
დაკავებისას 39 წლის იყო. თბილისში, მამასთან ერთად ცხოვრობდა. დედა და ძმა წლებია ემიგრაციაში არიან. წარსულში სამთავრობო დაცვის სამსახურში მუშაობდა. დაკავებამდე კი ერთ-ერთი სასტუმროს ტექნიკურ სამსახურში იყო დასაქმებული.
თემურ ზასოხაშვილსაც იგივე ბრალი ჰქონდა, რაც დავით ლომიძეს. თითქოს მათი ნასროლი ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილით”, წყლის ჭავლის მანქანა დაიწვა. თავად ზასოხაშვილი ბრალს არ აღიარებდა. მისი დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებდა ვიდეოჩანაწერებით პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობას.
მისი ადვოკატის, დიმიტრი ვარდიაშვილის თქმით, ზასოხაშვილი დაკავების შემდეგ ნაცემი ნახა ზაჰესის იზოლატორში. მისი აღწერით, კაცს თვალები დასიებული ჰქონდა და ბადრაგის თანამშრომლებს ეჭირათ, რომ არ წაქცეულიყო
8 აგვისტოს მასაც ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
🟥 თემურ ზასოხაშვილმაც 722 დღე გაატარა ციხეში – 1 წელი, 11 თვე და 22 დღე.
შეწყალება, როგორც მექანიზმი
საქართველოს კონსტიტუციით, შეწყალება არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლება, რომლის მიზანია ჰუმანური აქტის განხორციელება ინდივიდუალურად.
ეს უფლება პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერ დროს. ტრადიციულად, შეწყალება მნიშვნელოვან რელიგიურ თარიღებს უკავშირდება.
შეწყალება პრეზიდენტს აძლევს უფლებას მსჯავრდებული:
- სრულად გაათავისუფლოს სასჯელისგან
- შეუმციროს სასჯელი
- მოუხსნას ნასამართლეობა.
შეწყალება არ არის ამნისტია. შეწყალება ეს არის პრეზიდენტის ინდივიდუალური გადაწყვეტილება კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით. ხოლო ამნისტია არის გარკვეული კატეგორიის მსჯავრდებულების მასობრივი გათავისუფლება და მას პარლამენტი იღებს.
პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად შეუძლია კონსულტაციები გაიაროს შესაბამის უწყებებთან ან სპეციალისტებთან, თუმცა ეს არ არის სავალდებულო.
„ქართული ოცნება“ საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა შეწყალებაზე ხშირად საუბრობდა. მმართველი პარტია წინაპირობად დანაშაულის აღიარებასა და სინანულის გამოხატვას ასახელებდა.
2025 წლის დეკემბერში მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებსაც „სინდისის პატიმრებს“ უწოდებდნენ, დამნაშავეები იყვნენ და საკუთარი შეცდომები უნდა ეღიარებინათ.
2026 წლის მაისში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც თქვა, რომ შეწყალებისთვის „მონანიება, სინანული და დანაშაულის აღიარება“ პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
ივნისში მან პატიმრებს მოუწოდა, დანაშაული ეღიარებინათ და პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართათ. სექტემბერში კობახიძემ ისევ განაცხადა, რომ საქართველოში სინდისის პატიმრები არ არსებობდნენ. თუმცა, ხელისუფლება მზად იყო, პატიმრებისთვის ეპატიებინა, თუ ისინი დანაშაულს აღიარებდნენ და სინანულს გამოხატავდნენ.
თავად პატიმრების ნაწილი ამ მოთხოვნას უარყოფდა. ისინი აცხადებდნენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და შეწყალების სანაცვლოდ ბრალის აღიარებას არ აპირებდნენ.
ზოგი პატიმარი ამ დრომდე ამ აზრზე რჩება. მათ შორისაა, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, 19 წლის მათე დევიძე, ექიმი ირაკლი ქერაშვილი და კიდევ ბევრი სხვა.
„ახლა ყველანი გარეთ უნდა ვიყოთ. ციხეში არავინ ვართ საჭირო. ვეტყოდი, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და გამოვიდნენ გარეთ. ქვეყანაში ისეთი მდგომარეობაა, რომ ახალგაზრდები ვჭირდებით“, – ასე მიმართა ციხეში დარჩენილებს ნიკოლოზ ჯავახიშვილმა.
ყაველაშვილმა შვიდი სინდისის პატიმარი შეიწყალა