მეზობლები ექვს გარდაცვლილს გლოვობენ და დანგრეულ სახლებში ნივთებს აგროვებენ. აფეთქება ფონიჭალაში
აფეთქება ფონიჭალაში
თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში გაზის აფეთქებას, ექვსი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის ორი მცირეწლოვანია. ისინი დედებთან ერთად დაიღუპნენ.
ხუთი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა ჯერ ისევ ძალიან მძიმეა. კლინიკაში რჩება ორი არასრულწლოვანიც. 28 ოჯახი, ნგრევის შედეგად, უსახლკაროდ დარჩა. ისინი ღამეს სასტუმროებში ათევენ.

რა ხდება აფეთქებული კორპუსის სიახლოვეს
ქვემო ფონიჭალაში, იქ სადაც 19 ნოემბრის დილას, გაზის აფეთქებას სახლის ორი სადარბაზოს ნგრევა მოჰყვა, ჯერ ისევ ყვითელი ლენტებია გაბმული და მაშველები მუშაობენ.
კორპუსის ეზოში ნაგვით სავსე სატვირთოები დგანან. მაშველები ცდილობენ ჩამონგრეული სახლი ბეტონის ნარჩენებისგან გაწმინდონ.
კორპუსის სიახლოვეს, სკვერი გარდაცვლილების ფოტოებით, ყვავილებით, სანთლებითა და პლუშის ფერად-ფერადი სათამაშოებითაა სავსე. პატარა გოგონები სახელდახელოდ მოწყობილ მემორიალს შავ ლენტებს აბამენ.

თბილისში წვიმიანი დღეებია. გარდაცვლილთა მოსახსენებელი ადგილი, მათი ფოტოები და სანთლები წვიმამ რომ არ დაასველოს, ადგილი “ბრეზენტითაა” დაფარული.
სკვერი სავსეა გარდაცვლილების ახლობლებით, მეზობლებითა და უბრალო ნაცნობებით. მომხდარზე ვერავინ ლაპარაკობს. ჯერ ისევ ვერავინ იკავებს ცრემლებს.
მოდიან გარდაცვლილი არასრულწლოვნების კლასელები, მეგობრები და ათობით უზარმაზარი სათამაშო მოაქვთ.
გადარჩენილები, მაშველების დახმრებით, ჩამონგრეულ სახლებში შედიან და ცელოფნის პარკებით გადარჩენილი პირადი ნივთები გამოაქვთ.
“საშინელი ხმა და რყევა იყო, მიწისძვრა გვეგონა” – რა მოხდა ფონიჭალაში
19 ნოემბრის დილას ქვემო ფონიჭალაში, რუსთავის გზატკეცილის №16-ში, აფეთქების ხმა გაისმა. დაახლოებით დილის ცხრა საათი იყო. ხალხი სკოლასა და სამსახურებში წასასვლელად ემზადებოდა. ზოგი უკვე ქუჩაში იყო.
აფეთქება ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე დაგროვილმა ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. დარტყმის ტალღამ შენობის ნაწილი სრულად ჩამოანგრია, სართულშიდა გადახურვები ჩამოშალა და ორი სადარბაზო წამებში ბეტონის გროვად აქცია.
ხალხი ფანჯრებიდან ხტებოდა, რომ გადარჩენილიყო.
დარტყმის ტალღამ მეხუთე სართულიდან გადმოაგდო ის ახალგაზრდა კაცი, ვის სახლშიც აფეთქება მოხდა. ის ახლა კლინიკაშია, სხეულის მძიმე დამწვრობით.
“საშინელი ხმა და რყევა იყო, თავიდან მიწისძვრა გვეგონა”, – იხსენებენ გადარჩენილები, ვინც სასწაულად გამოასწრო შენობიდან.
ნანგრევებში 7 ადამიანი მოჰყვა.
მეზობლები ყვებიან, რომ პირველ წუთებში მათ ესმოდათ ნანგრევებში მოყოლილი რამდენიმე ადამიანის განწირული კივილი. ისინი ბეტონის უზარმაზარი გროვების ქვეშ იყვნენ. მათთან მიახლოება შეუძლებელი იყო.
შვიდი ადამიანიდან ცოცხალი მხოლოდ ერთი – სამი წლის თაია ამოიყვანეს. დანარჩენი ექვსი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. სამაშველო ოპერაცია შუაღამისთვის დასრულდა.
22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გადარჩენილები: ბავშვები კლინიკაში, 31 წლის კაცი კრიტიკულ მდგომარეობაში
კორპუსის აფეთქების შედეგად, კლინიკაში ხუთი ადამიანი მოხვდა. მათგან ოთხი დილითვე, შემთხვევისთანავე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ერთი კი – სამი წლის გოგონა, მოგვიანებით.
ხუთიდან სამი ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მათ შორის ორი არასრულწლოვანია – 11 წლის ანდრია და 3 წლის თაია.
20 ნოემბრის მდგომარეობით, ორივე ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია. ექიმების ინფორმაციით, ბავშვებთან ფსიქოლოგიც მუშაობს. სამი წლის გოგონას, სავარაუდოდ, კლინიკიდან უფრო ადრე გაწერენ, ვიდრე 11 წლის ბიჭს.
მესამე დაშავებულის, 31 წლის კაცის მდგომარეობა კი, ჯერ ისევ კრიტიკულად მძიმეა. დანარჩენი ორ დაშავებულს მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა. ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.
სამი წლის თაია – რვა საათი ნანგრევებში

სამი წლის თაია ერთადერთი ადამიანია, ვინც ამ საშინელ ნგრევას ცოცხალი გადაურჩა. მან რვა საათი გაატარა ნანგრევებში.
“დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა თავზე – ფილები, სინკარები, ხის მასალა. როდესაც მივედით, მხოლოდ ფეხი ჩანდა. როცა ხელი მოვკიდეთ, ფეხი ოდნავ გაამოძრავა.
შემდეგ ხელამდე მივაღწიეთ. ხელში სათამაშო ეჭირა, თმის სამაგრი ეჭირა რვა საათის განმავლობაში, მუჭში ეჭირა. როდესაც გავუხსენით, გამოვართვით, ხელი მოვუჭირეთ და დავიძახეთ, ხელი მოეჭირა თუ ესმოდა ჩვენი ხმა. ხელი როცა მოგვიჭირა, მივხვდით, რომ კონტაქტური იყო” , – იხსენებს მეხანძრე-მაშველი გაგა გიგაშვილი, რომელმაც თაია ნანგრევებიდან გამოიყვანა.
მისი გადარჩენის კადრები ძალიან ემოციური სანახავია. პატარა გოგოს ლურჯი, მიწაში ამოგანგლული ჯემპრი და თეთრი რეიტუზი აცვია. სახეც მიწით და ბეტონით აქვს მოსვრილი. ის მაშველებს ჩახუტებული გამოჰყავთ ნანგრევებიდან.
“შენ გენაცვალე, ძია” – ისმის მაშველის ხმა. ეს გაგა გიგაშვილია. მას შეშლილი სახე აქვს.
გაგა პატარა გოგოს მეორე მაშველს აწვდის. მას ჩახუტებული გოგონა სირბილით მიჰყავს სასწრაფო დახმარების მანქანამდე.
კორპუსთან უამრავი ადამიანია შეკრებილი. ისინი თაიას გამოჩენას ტაშითა და ტირილით ხვდებიან. თაიას გადარჩენა შეკრებილებს იმედს აძლევს, რომ შესაძლოა დანარჩენი ექვსი ადამიანიც ცოცხალი იყოს და ისინიც გადარჩნენ. ამ დროს უკვე ვიცით, რომ ნანგრევებში არიან თაიას დედა და შვიდი წლის დაც.
11 წლის ანდრია მძიმე დაზიანებებით
ჯერ ისევ საავადმყოფოშია 11 წლის ანდრია. ის საავადმყოფოში დედასთან, 38 წლის ქალთან ერთად მოხვდა.
ინგოროყვას კლინიკის ექიმის, გია ბიბილაშვილის განცხადებით, ბავშვი კლინიკაში შედარებით მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს, ვიდრე დედა.
ანდრიას თავის ტვინის კეროვანი დაზიანებები და რამდენიმე დაჟეჟილობის კერა, ფილტვის დაჟეჟილობა, ქალას ძვლების დაზიანება, გარეთა ყურის დაზიანება და კანისა და რბილი ქსოვილების მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. მას ყურის დაზიანების გამო პლასტიკური ოპერაციაც დასჭირდა.
ახლა მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია და ინტენსიური განყოფილებიდან მალე პალატაში გადაიყვანენ. ანდრიას დედას ტვინის შერყევა ჰქონდა. ის საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.
31 წლის ილია ისაევი – ახალგაზრდა კაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა
დაშავებულთაგან ყველაზე მძიმედ 31 წლის ილია ისაევია. ის კლინიკაში სხეულის 87%-იანი დამწვრობით მოხვდა. დამწვრობის ცენტრის ექიმების განცხადებით, ახალგაზრდა კაცს დაზიანებული აქვს სასუნთქი გზებიც.
ილია, თავდაპირველად, გონზე იყო. საავადმყოფოში გადაყვანამდე ის ჰყვებოდა, როგორ მოხდა აფეთქება.
ილია ამ სახლში მუდმივად არ ცხოვრობდა. თბილისში ბათუმიდან ერთი დღის დაბრუნებული იყო. ამბობდა, რომ ღამით გაზის გამათბობლის ჩართვა სცადა, მაგრამ, ვერ ჩართო.
დილით ისევ ეცადა გამათბობელი ჩაერთო, რასაც უცებ საშინელი აფეთქება მოჰყვა. ილია დარტყმის ტალღამ გადმოაგდო.
ახლა ის კლინიკაშია, უმძიმეს მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე. ექიმები მის მდგომარეობას ჯერ ისევ კრიტიკულად აფასებენ.
ვინ არიან გარდაცვლილები და რა ვიცით მათზე
დაღუპულთა შორის ორი დედა-შვილია – ახალგაზრდა ქალები და მათი მცირეწლოვანი გოგონები. ასევე 54 წლის ქალი და 28 წლის კაცი.
ნინო ჭელიძე და მისი შვიდი წლის ნუცა

ნინო ჭელიძე სამი წლის თაიას დედაა. ნინო ხუთი შვილს ზრდიდა და ტანსაცმლის მაღაზია Shop MARINA-ში მუშაობდა.
აფეთქების დროს სახლში ორ შვილთან ერთად იყო – სამი წლის თაიასა და შვიდი წლის ნუცასთან ერთად. მისი სამი შვილი მამას სულ ახალი წაყვანილი ჰყავდა სკოლაში.
“ხუთ არაჩვეულებრივ შვილს ზრდიდნენ ნინო და მისი მეუღლე. ძალიან ბედნიერები იყვნენ. ძალიან ლაღები, კარგები და უცებ ყველაფერი თავზე ჩამოენგრათ. სიტყვები არ მაქვს. თაია რომ გამოჩნდა, მართლა მქონდა იმედი, რომ ამათაც ცოცხალს იპოვიდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა საუბედუროდ”, – ამბობს მომხდარით შეძრული ახლობელი.
ვერიკო ვანიშვილი და პირველკლასელი არიანა

ვერიკო ვანიშვილი ფონიჭალის იმ კორპუსში, მეორე სართულზე, შვილთან, 6 წლის არიანა რისტიჩთან ერთად ცხოვრობდა. იმ დილას დედა-შვილი სახლში იყვნენ.
ვერონიკა კაზინო Grand Bellagio-ში მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობდა.
„მისი ღიმილი, გულწრფელობა და საქმისადმი თავდადება ჩვენს გუნდში სამუდამოდ დარჩება“, – წერს კაზინო ფეისბუკზე.
არიანას თბილისის №58-ე საბავშვო ბაღის თანამშრომლები და თანაკლასელები იხსენებენ.
„უდიდესი ტკივილი, დანაკლისი, სიცარიელე და მოუშუშებელი იარა იქნები მუდამ ჩვენთვის, ჩვენო ცქრიალა, სიცოცხლით სავსე, თბილო და ტკბილო გოგო“, – წერენ ბაღის თანამშრომლები.
“არიანა, შენ ჩვენი სკოლის პატარა წევრი იყავი და მუდამ დარჩები ჩვენს გულებში. ძნელია, შეეგუო იმას, რომ შენი ბავშვური ღიმილი ვეღარ გაანათებს საკლასო ოთახს”, – წერს კერძო სკოლა “ჰელიოსის” ადმინისტრაცია.
ლალი შიშმანაშვილი – “ტყუპების დედა”

54 წლის ლალი შიშმანაშვილი პირველ სართულზე ცხოვრობდა. აფეთქების დროს სახლში მისი ტყუპი გოგონებიც იყვნენ.
მეზობლების მონათხრობის მიხედვით, როდესაც ნგრევა დაიწყო, მან შვილებს ფანჯრიდან გადახტომა ურჩია და ამით მათი გადარჩენა შეძლო.
„დედამ მოასწრო, დაეყვირა – გადახტითო“, – იხსენებს ერთ-ერთი მეზობელი.
ის ჰყვება, რომ ლალი შველას ითხოვდა, იმუდარებოდა, რომ სიბნელის ეშინოდა.
“მისი საძინებლის კარი სინკარებით იყო ჩახერგილი და ოთახშიც სინკარი იყო ჩამოწოლილი. ვერავინ ვშველოდით. ვეუბნებოდი, უკვე აქ არიან მაშველები, მალე გადაგარჩენენ – მეთქი”, – იხსენებს მეზობელი.
ლალი ფილოლოგი იყო და სახლშიც ამზადებდა მოსწავლეებს.
“შვილებზე გადაყოლილი დედა. რას არ აკეთებდა, რომ მათთვის კარგი ცხოვრება შეექმნა”, – იხსენებდა ლალის მეგობარი, რომელმაც მთელი ღამე გაათენა კორპუსთან, მეგობრის გადარჩენის მოლოდინით.
ჯაბა საყევარაშვილი – “ბინაში ახალი გადასული იყო”

ფონიჭალის აფეთქების კიდევ ერთი მსხვერპლი 28 წლის ჯაბა საყევარაშვილია. ის „საქართველოს ფოსტაში“ კურიერად მუშაობდა.
კომპანიაში მას პასუხისმგებლიან, შრომისმოყვარე და საქმისადმი ერთგულ თანამშრომლად იხსენებენ.
ჯაბას ახლობლის თქმით, ახალგაზრდა კაცი იმ ბინაში ახალი გადასული იყო.
28 ოჯახი უსახლკაროდ, 62 ოჯახი იმავე კორპუსში
კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა, მრავალბინიანია. მას ექვსი სადარბაზო აქვს. თბილისის მერიის მონაცემებით, სახლში 90 ოჯახი ცხოვრობდა. აფეთქებისთანავე, შენობა ყველა მცხოვრებს დაატოვებინეს.
თავდაპირველად თბილისის მერიამ განაცხადა, რომ მზად იყო ყველა მათგანი სასტუმროში გადაეყვანა.
იმავე დღეს მერიამ, შენობა მუნიციპალურ სამსახურს შეამოწმებინა. ამის შემდეგ, თბილისის მერმა თქვა, რომ პრობლემური მხოლოდ ორი სადარბაზოა – აფეთქებული და მის გვერდით მდებარე. შენობის დანარჩენ ოთხ სადარბაზოში ცხოვრება შესაძლებელია.
ჩამონგრეულ ორ სადარბაზოში მცხოვრები 28 ოჯახი,143 ადამიანი, ახლა ღამეს სასტუმროში ათევს. თბილისის მერის განცხადებით, მერია მათ ბინების ჩანაცვლების პროგრამას შესთავაზებს. იქამდე, სანამ მათთვის ახალი ბინა აშენდება, ქირით გადაიყვანენ. ქირას მერია გადაიხდის.
20 ნოემბერს, გვიან საღამოს, “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა და ეკა ივანიშვილების სამძიმრის წერილი გაავრცელა. წერილში ნათქვამია, რომ უსახლკაროდ დარჩენილ 28 ოჯახს ბინებს ივანიშვილები შეუძენენ.
ეს განცხადება თბილისის მერის მიერ მანამდე გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ამ დროისთვის უცნობია, სად შეიძენენ ბინებს ივანიშვილები, რა ვადაში მიიღებენ ოჯახები მათ და როგორ გადანაწილდება ეს დახმარება. ასევე, ჯერ არ განმარტებულა, როგორ შეთანხმდება ეს ინიციატივა მერიის ჩანაცვლების პროგრამასთან.
თბილისის მერიის თქმით, ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობას კორპუსის გადარჩენილი სადარბაზოების მცხოვრებლებსაც შესთავაზებენ. ეს 62 ოჯახი ჯერ ისევ იმ შენობაში რჩება.
შეიძლებოდა თუ არა მომხდარის აცილება, გამოძიებამ უნდა დაადგინოს
გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ლეფსვერიძემ განაცხადა, რომ აფეთქების ბინა კომპანიის მონაცემთა ბაზაში დაკეტილად ირიცხებოდა.
2025 წლის დეკემბრიდან აფეთქების დღემდე იქ გაზის მოხმარება არ დაფიქსირებულა და აბონენტს ყოველთვიურად ნულოვანი ქვითარი მისდიოდა. კომპანიის ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მისამართიდან გაზის სუნთან დაკავშირებით შეტყობინებაც არ შესულა.
ლეფსვერიძის თქმით, კორპუსში გეგმური შემოწმება 2025 და 2026 წლების იანვარში ჩატარდა. თუმცა, 2026 წლის იანვარში კომპანიის თანამშრომლებმა უშუალოდ ამ ბინაში შესვლა ვერ შეძლეს. ისინი მეზობლების დახმარებით დაუკავშირდნენ მფლობელს, რომელმაც უთხრა, რომ თბილისში არ იმყოფებოდა და შემოწმების საშუალებას დაბრუნების შემდეგ მისცემდა.
რამ გამოიწვია აფეთქება, ვინ იყო დამნაშავე, საბოლოოდ გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო – რაც სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
პარალელურად, საკითხის შესწავლა დაიწყო ენერგოომბუდსმენის სამსახურმაც. მან შემთხვევის დღესვე გამოითხოვა ინფორმაცია „თბილისი ენერჯისგან“.
ერთჯერადი შემთხვევა თუ სისტემური პრობლემა – თბილისს მსგავსი ტრაგედიები ახსოვს
ფონიჭალის შემთხვევა პირველი არ არის. თბილისში გაზის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებები წლების განმავლობაში პერიოდულად ხდება და ზოგჯერ მსხვერპლით, ზოგჯერ კი ისეთი ნგრევით სრულდება, რომლის შემდეგაც ათეულობით ოჯახი დროებით უსახლკაროდ რჩება.
2019 წელს ორგანიზაცია FactCheck-მა „ყაზტრანსგაზის“ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატისტიკა.
„ყაზტრანსგაზის“ მონაცემების თანახმად, 2016 წლიდან 2019 წლის პირველ სამ თვემდე თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით გამოწვეული აფეთქებებისა და ინტოქსიკაციის შედეგად 101 ადამიანი დაიღუპა, 285 კი მოიწამლა.
ყველა ასეთი ტრაგედიის დროს, იწყება დისკუსია, ვისი პასუხისმგებლობაა ასეთი შემთხვევები? ვინ უნდა ამოწმებდეს კორპუსების მდგრადობას? გაზგამანაწილებელი ქსელების გამართულობას და უსაფრთხოებას?
ახლა ახალი კითხვებიც გაჩნდა: რა ხდება მაშინ, როდესაც გაზის კომპანიას ბინაში შესვლა არ შეუძლია? ნიშნავს თუ არა ნულოვანი მოხმარება, რომ ბინა უსაფრთხოა? და რა მექანიზმი არსებობს იმ შემთხვევისთვის, როდესაც მესაკუთრე დიდი ხნით არ იმყოფება სახლში, ხოლო ტექნიკური შემოწმება ვერ ტარდება?
ინჟინერი და პროფესორი თემურ მიქიაშვილი Netgazet-თან ამბობს, რომ გაზის მოხმარების არქონა უსაფრთხოების გარანტია არ არის. მისი განმარტებით, მრიცხველმა შესაძლოა მცირე გაჟონვა ვერ აღრიცხოს, ხოლო დაკეტილ ბინაში გაზი დროთა განმავლობაში დაგროვდეს. ის ასევე მიუთითებს გაზის დანადგარებთან დაკავშირებული პლასტმასის მილებისა და რეზინის შლანგების ცვეთაზე, რამაც შესაძლოა შეუმჩნეველი გაჟონვა გამოიწვიოს.
მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრევენციული საშუალება გაზის დეტექტორებია – მოწყობილობები, რომლებიც გაჟონვისას ხმოვან სიგნალს გამოსცემენ ან შეტყობინებას აგზავნიან. არსებობს მოდელებიც, რომლებსაც გაზის მიწოდების ავტომატურად გადაკეტვა შეუძლიათ.
საია – სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ გამოძიების დაწყებით არ სრულდება
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” შეფასებით, სახელმწიფოს ვალდებულება მხოლოდ გამოძიების დაწყებით არ სრულდება.
საჭიროა გაირკვეს, რამდენად სრულდება გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით გათვალისწინებული შემოწმების ვალდებულებები და რა ხდება მაშინ, როცა მომხმარებლის ბინაში შესვლა ვერ ხერხდება.
საია მიუთითებს სემეკის 2021 წლის 31 დეკემბრის №80 დადგენილებით დამტკიცებულ წესებზე, რომელთა თანახმადაც, სისტემის ოპერატორმა მომხმარებლის საკუთრებაში არსებული გაზმომარაგების სისტემა სისტემატურად უნდა შეამოწმოს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი მომხმარებელს წერილობით აცნობოს და სათანადოდ იმოქმედოს.
ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველ საცხოვრებელ კორპუსებში, სადაც ათწლეულების წინ დამონტაჟებული კომუნიკაციები, გადაკეთებული მილები, მოძველებული გამათბობლები და არასათანადო ვენტილაციაა.
აფეთქება ფონიჭალაში