თურქეთის დედაქალაქ ანკარაში „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ დამფუძნებელი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის დამფუძნებლები, თურქი პოლიტიკოსები და აფხაზური დიასპორის აქტივისტები, მთავარ მიზნად აფხაზეთის დეიზოლაციას ასახელებენ.
დამფუძნებელ შეხვედრას თურქეთის პარლამენტის 20-ზე მეტი დეპუტატი ესწრებოდა, რომელთა უმრავლესობაც ოპოზიციას წარმოადგენს.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ დეიზოლაციის ინიციატივის აქტივისტები და აფხაზური დელეგაცია, რომელშიც აფხაზეთის პარლამენტის დეპუტატები და ოფიციალური უწყებების წარმომადგენლები შედიოდნენ.
დეიზოლაციის ინიციატივა თურქეთში აფხაზური დოკუმენტების აღიარებასა და თურქეთსა და აფხაზეთს შორის საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის გახსნას გულისხმობს.
ეს საკითხები თურქეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დღის წესრიგში მოხვდა კამპანიის – „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“, წყალობით.
2026 წლის ივნისის ბოლოდან ამ კამპანიას თურქეთში მცხოვრები მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორის წარმომადგენლები აწარმოებენ. (სხვადასხვა მონაცემით, თურქეთში 500-დან 700 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს).
მოგვიანებით, ამ მოწოდებებმა თურქეთის ცალკეული პოლიტიკური ძალების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და კავკასიური ასოციაციების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებებშიც გაიჟღერა.
5 აგვისტოს ოპოზიციური ბლოკის დეპუტატებმა თურქეთის პარლამენტის ისტორიაში პირველად აფხაზეთის საკითხზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
ახლა კი პარლამენტთან მუდმივმოქმედი ჯგუფი შეიქმნება, რომელიც თურქი დეპუტატებისთვის ჰუმანიტარულ საკითხებზე კონსულტაციის ძირითად მექანიზმად იქცევა.
აფხაზეთისთვის ეს უპრეცედენტო შესაძლებლობაა, დაძრული იყოს საგარეო გადაადგილების საკითხები და გაძლიერდეს კავშირები დიასპორასთან.
ამ მოვლენების ფონზე თურქეთში მოქმედმა 13-მა ქართულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „აფხაზეთთან მეგობრობის ჯგუფის“ შექმნის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.
ისინი შეახსენებენ საზოგადოებას, რომ თურქეთის ოფიციალური პოლიტიკა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიიჩნევენ, რომ აფხაზეთის დეიზოლაცია რეგიონულ სტაბილურობას ხელს არ უწყობს.
კამპანიამ „დავასრულოთ აფხაზეთის იზოლაცია“ ამ განცხადებას კიდევ ერთი საჯარო განცხადებით უპასუხა. მასში ხაზგასმულია, რომ მოძრაობას ეთნიკური საფუძველი არ აქვს და ის სამოქალაქო, უფლებადაცვითი ინიციატივაა, რომლის მიზანიც აფხაზეთის ყველა ეროვნების მცხოვრების იზოლაციის დასრულებაა:
„ჩვენ არ ვაყენებთ საერთაშორისო-პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ყველაზე საბაზისო უფლებებზე: სიცოცხლის, განათლების, მკურნალობის, გადაადგილების თავისუფლების, ოჯახის მთლიანობის შენარჩუნებისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას